Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ოფიციალური პირი: შეშფოთებული ვართ ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის დახურვის გამო 


ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის ოფისი.
ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის ოფისი.

შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დახუროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი - ნატოს ოფიციალურმა პირმა განუცხადა ონლაინპლატფორმა „ევროსკოპს“, რომელიც აუდიტორიას ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ქართულ ენაზე აწვდის ინფორმაციას.

ნატოში გაგზავნილ კითხვასა და მასზე პასუხს პლატფორმის დამფუძნებელი ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე ავრცელებს. გამოცემა დაინტერესდა, როგორ აფასებდნენ საქართველოს გადაწყვეტილებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვას, რაზეც პასუხად მიიღო:

„შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია ალიანსის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ...

ცენტრი ღირებული პარტნიორია ნატოს სახალხო დიპლომატიის სექციისთვის და ნატოს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში სახალხო დიპლომატიის ინიციატივების განსახორციელებლად. ქვეყნის რეგიონების მასშტაბით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ეს სტრატეგიული მიზანი ასევე დევს საქართველოს კონსტიტუციაში“.

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საქართველოში უქმდება „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“. მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნებულია „მაცნეზე“, რომელსაც ხელს აწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

ცენტრში დასაქმებულებს „ერთი თვით ადრე“ აცნობეს „დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, რომ „მისი დაარსების მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან (ნატო) ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით, მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო“. საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, ეს ფუნქცია თავად აიღოს, რამდენ ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ჯერ უცნობია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG