საპროტესტო აქცია ასევე მოსალოდნელია ლოს-ანჯელესში, სადაც პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ეროვნული გვარდიის ნაწილები შევიდნენ „დაწყებული არეულობის ფონზე წესრიგის დასაცავად“. შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა.
აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან „ავტორიტარიზმს, მილიარდერთა ინტერესების გამტარებელ პოლიტიკას და დემოკრატიის მილიტარიზაციას“. აქციის მონაწილეთა უკმაყოფილებას იწვევს როგორც მასობრივი დეპორტაციები, რამაც გამოიწვია ლოს-ანჯელესში არეულობები, ასევე ადმინისტრაციის სხვა ნაბიჯები, რომლებიც, ტრამპის ოპონენტების თქმით, ამერიკულ საზოგადოებაში სიძულვილს აღვივებს.
მინესოტას შტატში ორგანიზატორებმა გააუქმეს საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც 14 ივნისს დილით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ორ დემოკრატ პოლიტიკოსზე (მოკლულ იქნა მინესოტის წარმომადგენელთა პალატის წევრი მელისა ჰორტმანი). თავდასხმები დაგმეს როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ასევე მისმა ოპონენტებმა.
საპროტესტო აქციები დაემთხვა ტრამპის დაბადების დღეს, რომელიც 14 ივნისს აღინიშნება. აშშ-ის პრეზიდენტს 79 წელი შეუსრულდა. 14 ივნისსავე ვაშინგტონში დაინიშნა სამხედრო აღლუმი, რომელიც ოფიციალურად აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს ეძღვნება.
როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, სამხედრო აღლუმი იშვიათი მოვლენაა შეერთებულ შტატებში, სადაც ტრადიციული აღლუმები ჯარისკაცებითა და სამხედრო ტექნიკით, როგორც წესი, არ ტარდება. პრეზიდენტის ოპონენტები აცხადებენ, რომ აღლუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ვერტმფრენები და ჯავშანტექნიკა, მათ შორის „აბრამსის“ ტანკები, სინამდვილეში ტრამპის დაბადების დღის პატივსაცემად იმართება, რაც, მათი თქმით, პრეზიდენტის ახირება, ფულის ფლანგვა და ავტორიტარული ქვეყნების პრაქტიკაა.
ფორუმი