ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის დარტყმების დაწყების შემდეგ პირველად მიმართა უცხოელ დიპლომატებს.
არაღჩის თქმით, ირანს არ სურს კონფლიქტის გაფართოება რეგიონის სხვა ქვეყნებზე და მოქმედებს მხოლოდ „თავდაცვის“ ფარგლებში.
არაღჩიმ ასევე დაადანაშაულა ვაშინგტონი ისრაელის იერიშების ხელშეწყობაში. მისი თქმით, საჰაერო დარტყმების მიზანი იყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 15 ივნისს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, დაგმოს ისრაელის ქმედებები და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანი მზადაა მიაღწიოს შეთანხმებას, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ ირანი არ მიისწრაფვის ბირთვული იარაღისკენ. თუმცა, არაღჩის თქმით, ამ შეთანხმებამ არ უნდა წაართვას ირანს თავისი „ბირთვული უფლებები“.
აბას არაღჩის თქმით, თავდასხმები არასდროს მოხდებოდა აშშ-ის მიერ ისრაელისთვის „მწვანე შუქის“ ანთებისა და მხარდაჭერის გარეშე.
„ჩვენ მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხიდან, რომ აშშ-ს ამ თავდასხმაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ჩვენ არ გვჯერა ამის და გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამას“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ნებისმიერი მონაწილეობა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებში. ამავდროულად, ტრამპი მოუწოდებს ირანს, სწრაფად დადოს „შეთანხმება“ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა სწრაფად დაასრულოს კონფლიქტი, თუ შეთანხმება მიღწეული იქნება. შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების დროს დაჟინებით მოითხოვა, რომ ირანმა უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე.
კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან „დაუყოვნებლივ“ დაიწყონ მოლაპარაკებები ირანთან მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რათა შეამცირონ დაძაბულობა. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულება ორივე მხარის ძალისხმევაზეა დამოკიდებული.
ისრაელმა, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნის ზღვარზეა, 13 ივნისს დაიწყო ირანში სამიზნეების, მათ შორის ბირთვული ობიექტების დაბომბვა. შედეგად დაიღუპნენ ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი წევრები და ბირთვულ პროგრამაში ჩართული მეცნიერები. ასევე ხორციელდება დარტყმები სამხედრო ბაზებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე.
ირანი ასევე ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს ისრაელის ტერიტორიაზე.
ფორუმი