Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში დააკავეს კოლეგის მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. ექსდეპუტატი


ადგურ ხარაზია
ადგურ ხარაზია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაპატიმრებულია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი ადგურ ხარაზია, რომელიც კოლეგის მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა 2024 წლის დეკემბრიდან.

„მისი ადგილსამყოფელი დადგინდა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამსახურების ერთობლივი ოპერატიული და საგამოძიებო საქმიანობის შედეგად“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების თანახმად, 2024 წლის 19 დეკემბერს ადგურ ხარაზიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პარლამენტის შენობაში მოკლა კოლეგა ვახტანგ გოლანძია, ხოლო ე.წ. პარლამენტის კიდევ ერთი წევრი კან კვარჩია დაჭრა.

იმ დღეს ე.წ. პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები აფხაზეთში მაინინგის აკრძალვაზე მსჯელობდნენ - კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას განიხილავდნენ.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კვარჩიასა და ხარაზიას შორის ჩხუბი ატყდა, ვახტანგ გოლანძია კი მათ გაშველებას ცდილობდა. ადგურ ხარაზიამ იარაღიდან ოთხჯერ გაისროლა. ტყვია გოლანძიას იღლიასთან მოხვდა, კვარჩიას - ხელში.

მკვლელობაში ბრალდებულის ძებნა ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდა.

„ექსდეპუტატი შეპყრობილ იქნა 14 ივნისს. ოპერაციის მსვლელობისას ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე დმიტრი დბარი და შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

2024 წლის 21 დეკემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა ადგურ ხარაზიას საპარლამენტო იმუნიტეტის მოახსნა. იმავე დღეს, გენერალურმა პროკურატურამ ხარაზიას წინააღმდეგ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე ასევე გამოქვეყნდა შეტყობინება ადგურ ხარაზიას სახლის დაცხრილვაში ეჭვმიტანილის, ბაგრატ სურმავას დაკავების შესახებ. 2024 წლის 24 დეკემბერს, „ხარაზიას სახლის მიმართულებით სულ მცირე 25 გასროლა განხორციელდა „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან“, - ნათქვამია დე ფაქტო შს სამინისტროს განცხადებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG