ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურის თანახმად, საუბარია ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე განსაზღვრულ ათ სამიზნეზე. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ამ ცენტრებში ისრაელის საწინააღმდეგო ტერაქტები იგეგმებოდა ახლო აღმოსავლეთში ირანის რეჟიმის შუამავლების ჩართულობით.
„ალ-ყუდსის“ დანიშნულება ირანის საზღვრებს გარეთ სპეციალური ოპერაციების ჩატარებაა.
მანამდე ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა თეირანში დაბომბეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო სამსახურის შენობაც.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
ისრაელის მიერ ლიკვიდირებული არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. ასევე - მეცნიერები, რომლებიც ბირთვული იარაღის შექმნაში მონაწილეობდნენ. ცხრა მათგანის ვინაობა ისრაელის არმიამ 14 ივნისს გამოაქვეყნა.
ამასთან, სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ირანში მოკლულია ბირთვული იარაღის შემუშავებაში ჩართული, სულ მცირე, 14 პირი, როგორც ავიადარტყმების, ისე ავტომობილების აფეთქებების შედეგად.
15 ივნისს Reuters-მა ინფორმირებულ ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ისრაელს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის გეგმაც ჰქონდა, რაზეც უარი თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნით.
ფორუმი