Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, კანადა და ევროპის 12 ქვეყანა მოუწოდებენ ირანს, "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები" მათ ტერიტორიებზე


ირანის დროშა
ირანის დროშა

31 ივლისს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 12-მა ქვეყანამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება ირანის სადაზვერვო სამსახურების მიერ მათ ტერიტორიებზე დანაშაულებრივი მოქმედებების დაგმობითა და დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოწოდებით:

“ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდი, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ ვგმობთ ირანის სადაზვერვო სამსახურების მიერ ჩვენს ტერიტორიებზე სულ უფრო გახშირებულ სახელმწიფო საფრთხეების შექმნას".

აღნიშნული თოთხმეტი სახელმწიფო აცხადებს ერთიანობას ირანისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავების ძალისხმევაში:

"ვართ ერთიანნი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩვენი სუვერენიტეტის მკაფიოდ დარღვევით, ირანის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან მკვლელობის, გატაცებისა და ადამიანების დევნის მცდელობებთან დაპირისპირებაში".

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი მოქმედებებისთვის ირანი საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და სამიზნეებად ირჩევს კონკრეტული კატეგორიის ადამიანებს:

"ეს სამსახურები სულ უფრო ხშირად თანამშრომლობენ საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციებთან ჟურნალისტების, დისიდენტების, ებრაელი მოქალაქეების, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების მიზანში ამოსაღებად. ეს მიუღებელია".

განცხადების ხელმომწერი სახელმწიფოები სუვერენიტეტის დარღვევად აფასებენ ირანის სადაზვერვო სამსახურების მოქმედებებს და მოუწოდებენ ირანს მათი შეწყვეტისკენ:

"ასეთი სახის თავდასხმებს, იმის მიუხედავად, ვინ არის სამიზნე, ვთვლით ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევად. ვართ მოწადინებული, ვიმუშაოთ ერთად ამ ქმედებების თავიდან ასაცილებლად და მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უკანონო მოქმედებები ჩვენს ტერიტორიებზე".

ფორუმი

XS
SM
MD
LG