გამოდის, რომ თურნავა გასულ წელს ყოველთვიურად საშუალოდ 29 086 ლარს იღებდა.
დეკლარაციების ვებგვერდი ექვსი თვის განმავლობაში გათიშული იყო. ანტიკორუფციულ ბიუროში ამბობდნენ, რომ ეს იყო „ტექნიკური ხარვეზი“, რომელიც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომუნიკაციის შემდეგ აღმოიფხვრა.
იმაზე, რომ ნათია თურნავას კარგი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, მიუთითებს თანხები მის საბანკო ანგარიშებზე და ასევე არსებული ქონებაც. თურნავას 100 000 ევრო აქვს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ დეპოზიტზე, შედარებით მოკრძალებული თანხა უფიქსირდება სხვა ანგარიშებზე.
ეროვნული ბანკის მოქმედმა პრეზიდენტმა 375 000 დოლარად გაყიდა შპს „სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის“ 15%-იანი წილი, 150 000 ლარი გადაურიცხა შვილს, 80 000 ლარით დაეხმარა ნათესავს, რომელსაც მკურნალობა სჭირდებოდა, რემონტში კი 262 000 ლარი დახარჯა.
ნათია თურნავა ქორწინებაშია დავით ვეშაპიძესთან. ორივე მათგანი, დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, სოლიდურ თანხას ინახავდა (საბანკო სეიფში) ნაღდი ფულის სახით. მათ შორის 500 000 დოლარს, 50 000 ევროსა და 90 000 ლარს.
ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან 2025 წლის თებერვლამდე საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. ის 2022 წლის ივნისიდან არის სების საბჭოს წევრი.
პროფესიით ეკონომისტ ნათია თურნავას წლების განმავლობაში მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე. ის ასევე იყო სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თურნავა ასევე მუშაობდ ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ (2005-2006 წლები). მან 2012 წლის აგვისტოში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, 35 ათასი ლარი შესწირა „ნაციონალურ მოძრაობას“.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის წესი და გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.
2023 წლის სექტემბერში გადადგა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მრჩეველიც.
ამას წინ უსწრებდა ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, არ უზღუდავდა ფინანსურ რესურსებზე წვდომას. თურნავამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ სანქცირებულია ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
ფორუმი