მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტის, ანტონ ჩეჩინის საქმეს მტკიცებულებად დაურთო "სახალხო დამცველის პასუხი" - ომბუდსმენის რეაგირების ოქმი, რომელშიც წერია, რომ "ბრალდებულ ჩეჩინს აღენიშნებოდა ძალადობის კვალი ჩალურჯებების გზით და განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს".
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ანტონ ჩეჩინი საპატიმროში 7 ივნისს მოინახულა, ადვოკატის მიმართვის შემდეგ. მანამდე ადვოკატისთვის ანტონ ჩეჩინის წერილით გახდა ცნობილი, რომ "6 ივნისს ბრალდებულს ციხის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დააშინეს კიდეც".
ანტონ ჩეჩინის წერილის ქართული თარგმანი გამოცემა "პუბლიკამ" გაავრცელა:
„მე ვარ ჩენინი, ანტონ დიმიტრის ძე. 06.06.25-ში ვითხოვე არამწეველების კამერაში გადასვლა. ამის შესახებ ვთხოვე ციხის თანამშრომლებს. დაახლოებით 19.00 საათის შემდეგ მოვიდნენ უსაფრთხოების თანამშრომლები. მე ვუთხარი, რომ ეს ინფორმაცია გადაეცათ ციხის დირექტორისთვის. მათ მიპასუხეს, რომ დირექტორი არ იყო, რის შემდეგაც მათ დაიწყეს ჩემთვის ხელების გადამტვრევა და მიზეზების აუხსნელად ცდილობდნენ კამერიდან ჩემს გამოყვანას. დაახლოებით 5-6-მა თანამშრომელმა კამერიდან ძალის გამოყენებით გამომიყვანა. შეშინებული ვიყავი და არ ვიცოდი ამ ქმედებების მიზეზი. მას შემდეგ, რაც გამომიყვანეს კამერიდან დამიწყეს ყვირილი და შეურაცხყოფის მოყენება რუსულ და ქართულ ენებზე. შემდეგ მაყენებდნენ ტკივილს და მემუქრებოდნენ, რომ თუ არ გავჩუმდებოდი, კიდევ უფრო მეტ ტკივილს მომაყენებდნენ. მე თანამშრომლებს შევატყობინე იმის შესახებ, რომ თავში მქონდა სიმსივნური წარმონაქმნი და ტკივილი გულისა და ხელების არეში და მინდოდა, რომ ექიმს გავესინჯე. მათ არავითარი რეაქცია არ ჰქონიათ ჩემს თხოვნაზე. ამის შემდეგ წამიყვანეს კარცერში, სადაც გავატარე დაახლოებით 2 საათი. დაახლოებით 22.00-ზე მე წამიყვანეს მედდასთან. მან გამსინჯა, მომცა წამალი და უთხრა, გაეკეთებინათ გამაყუჩებელი, რადგან მქონდა ძლიერი ტკივილი. ხელებზე მქონდა ბევრი ჰემატომა და ჩალურჯება, ასევე მქონდა ტკივილი სახსრების არეში. ვიცი, რომ რუსეთშიც ციხის თანამშრომლები ამგვარად არღვევენ პატიმრის უფლებებს, რაც მე თვითონ ვნახე დაკავებისას. მინდა, რომ საქართველოში პატიმრები თავიანთ უფლებებს იცავდნენ", - წერია ანტონ ჩეჩინის წერილში.
როგორც პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა სასამართლოს სხდომაზე თქვა, მომხდარი არ უკავშირდება მიმდინარე საქმეს და ამიტომ ემხრობა პოზიციას, რომ მას მტკიცებულებად არ უნდა დაერთოს ომბუდსმენის რეაგირების ოქმი.
მოსამართლის თქმით, სახალხო დამცველის შეფასება შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და მიაჩნია, რომ ის შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ.
"ეს მტკიცებულებები რაიმე გარემოებების უტყუარად დადგენის ან უარყოფის საშუალებას არ იძლევა და სჭირდება გამოძიება. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შესაბამისმა ორგანომ. ამ მტკიცებულების წარმოდგენა მიზნად ისახავს სასამართლოს ინფორმირებულობას და მიგვაჩნია, რომ უნდა დაერთოს საქმის მასალებს", - განაცხადა ჯვებე ნაჭყებიამ.
ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ანტონ ჩეჩინის ადვოკატმა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მოითხოვა მოტივით, რომ "საპატიმროში მისი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა". მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიება უცვლელი დატოვა.
ანტონ ჩეჩინი სახლთან 2024 წლის 3 დეკემბერს, დილის საათებში იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურში მიდიოდა. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ის საქართველოში 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. ანტონ ჩეჩინი რუსეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, მათ შორის, ჩართული იყო უკრაინის ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში.
ჩეჩინი რუსეთში რამდენჯერმე დააკავეს, რის შემდეგაც რამდენიმე სხვა დემონსტრანტთან ერთად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც დაადგინა ანტონ ჩეჩინის უფლებების დარღვევა და რუსეთის ფედერაციას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ ანტონ ჩეჩინმა ქართველი ცოლი მოიყვანა და რუსთაველზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე იდგა. სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევადაც ცნო და ჯარიმა დააკისრა.
26 წლის ანტონ ჩეჩინის ადვოკატის, გიორგი ჩხაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმე „შეკერილია“, ანტონ ჩეჩინს „ნარკოტიკი ჩაუდეს“ და მისი დაკავების მთავარი მოტივი „პოლიტიკური შურისძიებაა“, რადგან ანტონ ჩეჩინი რუსეთშიც პოლიტიკური დევნილი იყო - ჯერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნავალნის მხარდაჭერის გამო, შემდეგ ომის საწინააღმდეგო საპროტესტო კამპანიაში მონაწილეობისთვის; საქართველოში წამოსვლის შემდეგ კი ქართველების მიერ ორგანიზებული პროევროპული და ანტირუსული დემონსტრაციების მხარდამჭერია.
ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, ანტონ ჩეჩინი პროცედურული დარღვევებით დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს.
ფორუმი