დეკლარაციების ვებგვერდი ექვსი თვის განმავლობაში გათიშული იყო. ანტიკორუფციულ ბიუროში ამბობდნენ, რომ ეს იყო „ტექნიკური ხარვეზი“, რომელიც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან "საუბრის" შემდეგ აღმოიფხვრა.
თიკა რუხაძე კულტურის მინისტრად 2024 წლის 18 ოქტომბერს დაინიშნა. წინა დღეს, 17 ოქტომბერს კი მან 8100 ევროდ (23 949 ლარი) შეფასებული ჩანთა იყიდა. გასულ წელს იყიდა მან კიდევ ერთი ძვირადღირებული ჩანთა, რომლის ფასიც 5995 ევროა (17 350 ლარი).
გარდა ამისა, მას მემკვიდრეობით მიღებული აქვს ორი ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ასევე ოქროს ყელსაბამი. თითოეულის ფასი 10 000 ლარს აღემატება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის კულტურის მინისტრი ფლობს ორ ბინას თბილისში, მათ შორის ერთი (135 კვ/მ ზომის) დედაქალაქის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე 2024 წელს იყიდა 300 000 დოლარად, მეორეს კი 2010 წლიდან ფლობს - ბინა საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს, მასში 100 000 ლარია გადახდილი.
თინათინ რუხაძეს, 2024 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა 130 000 დოლარზე მეტი.
გარდა ამისა - ნაღდი ფულის სახით 60 000 ლარი და 50 000 დოლარი.
საქართველოს კანონმდებლობით, ის ვალდებული იყო, დეკლარაციაში აესახა წინა წლის, 2023 წლის, შემოსავლები. ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ის „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორობის პარალელურად იკავებდა მრჩევლის თანამდებობას შპს „ბიზნეს კონსალტინგ კომპანიასა“ და შპს „თიხარტში“. ჯამში მან მიიღო 400 000 ლარზე მეტი.
ფორუმი