Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G7: ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის ძირითადი წყაროა


„დიდი შვიდეულის“(G7) წევრი სახელმწიფოების ლიდერების და ევროკავშირის ხელმძღვანელების სამახსოვრი ფოტო კანადაში, G7-ის სამიტზე
„დიდი შვიდეულის“(G7) წევრი სახელმწიფოების ლიდერების და ევროკავშირის ხელმძღვანელების სამახსოვრი ფოტო კანადაში, G7-ის სამიტზე

„დიდი შვიდეულის“(G7) ლიდერებმა, რომელთა სამიტს კანადა მასპინძლობს, 17 ივნისს, შუაღამის შემდეგ გამოაქვეყნეს განცხადება ისრაელი-ირანის შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ.

განცხადებაში დადასტურებულია ერთგულება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი, ისრაელის თავდაცვის უფლება და მისი უსაფრთხოების მხარდაჭერა. G7-ის ლიდერები ადასტურებენ სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის ძირითადი წყაროა და მას არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

G7-ის ლიდერების მოწოდებაა, რომ ირანის კრიზისის მოგვარებას უნდა მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების გაცილებით ფართო დეესკალაცია, მათ შორის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა.

ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი G7-ის ლიდერთა ერთობლივ განცხადებას მხოლოდ მას შემდეგ შეუერთდა, რაც ევროპელი პარტნიორების მიერ მომზადებულ თავდაპირველ ტექსტში ზოგიერთი ფორმულირება შეიცვალა. მათ შორის მოწოდებები კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის შესახებ.

წინასწარი ინფორმაციით, ერთობლივი განცხადების ხელმოწერა სამიტის ბოლო დღეს, 17 ივნისის დღის მეორე ნახევარში იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა კანადაში ვიზიტი ნაადრევად შეწყვიტა და ვაშინგტონში დაბრუნება გადაწყვიტა, განცხადებაც ადრე გამოქვეყნდა. თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტმა აშშ-ში დაბრუნება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის გამო გადაწყვიტა.

  • ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
  • პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
  • ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

G7-ის წევრი სახელმწიფოების: საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის და იაპონიის და ევროკავშირის ლიდერთა სამიტი კანადაში 15 ივნისს გაიხსნა.

წინასწარი ინფორმაციით, 17 ივნისს, სამიტზე სტუმრის სტატუსით მიწვეული უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა შეხვედროდა.

G7-ის წევრი სახელმწიფოების და ევროკავშირის ლიდერები დღეს აშშ-ის პრეზიდენტის გარეშე იმსჯელებენ უკრაინაში ომსა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG