საბჭო 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდება. „მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს...“
როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს“.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უმაღლესი დონის ორგანოა. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. არსებობის განმავლობაში საბჭო სულ რამდენჯერმე შეიკრიბა. ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადადგომამდე (28 მაისამდე), ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო ვახტანგ გომელაური.
2016 წელს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიხსნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი. ის იყო ბრიტანული მოდელის მსგავსი, მორგებული ქართულ რეალობას.
„ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში. გამოწვევები არის სხვადასხვაგვარი, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის თემებიდან, ასევე სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმებიდან გამომდინარე, საფრთხეები, რომლებიც ასევე მრავლად არის ჩვენს რეგიონში. ასეთი ტიპის საფრთხეების გამკლავებას კარგი კოორდინაცია სჭირდება. კრიზისული სიტუაციების მართვის ოთახი, რომელიც დაინერგება საქართველოში, არის ბრიტანული მოდელი და იგი საშუალებას იძლევა სხვადასხვა უწყებებს შორის მაქსიმალური კოორდინაცია გვქონდეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გავუმკლავდეთ ასეთი ტიპის კრიზისულ სიტუაციებს“, - თქვა გიორგი კვირიაშვილმა სიტუაციური ოთახის გახსნის დროს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა. მანამდე კი არსებობდა ეროვნული უშიშროების საბჭო. უსაფრთხოების საბჭოსგან განსხვავებით, უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის იყო პრეზიდენტიც.
ფორუმი