“ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ყველა იმ ქართველის სიმბოლო გახდა, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დააპატიმრა”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში 18 ივნისს ჩატარებულ დებატებზე საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის, კონკრეტულად კი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ.
რასა იუკნევიჩიენე რეზოლუციის ერთ-ერთი პროექტის ავტორია. მის გარდა, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტს დღეს კიდევ ექვსი პროექტი წარუდგინეს. საბოლოო რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს 19 ივნისს უყრის.
საქართველოში ვითარება ყოველდღე უარესდება, - თქვა რასა იუკნევიჩიენემ და დასძინა, - ჩვენ ახლა ჩვენზე, ევროკავშირზე უნდა ვილაპარაკოთ. გაუგებარია სიჩუმე ევროკავშირის, წევრი სახელმწიფოების და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისისა. “საჭიროა სერიოზული სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ […] ჩვენ მათ წინააღმდეგ ყოველგვარი ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ და აღარ ვთხოვოთ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. ისინი აღარ დაბრუნდებიან”.
მსგავსი მოწოდებებით გამოვიდნენ სხვა რეზოლუციების ავტორებიც. ევროპარლამენტმა ტობიას კრემერმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” თავისუფალი პრესის ისევე ეშინია, როგორც ვამპირს დღის სინათლისა. “საქართველოში დემოკრატიის სინათლე ქრება”, - თქვა მალგოჟატა გოშევსკამ და დასძინა, რომ მზია ამაღლობელი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ მას პროტესტის გამოხატვის გამბედაობა ეყო.
ქართული სამოქალაქო საზოგადოება ბრძოლას განაგრძობს, - თქვა დანიუს ზალიმასმა, - “მათ ვერ მივატოვებთ, თუ ჩვენ მართლაც ვისწრაფვით დემოკრატიისაკენ”. ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა თქვა, რომ აშკარაა, მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია. “საქართველოში ვიყავი და მის ერთ-ერთ პროცესს დავესწარი. მისი საქმე პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მზია ამაღლობელის მხარდაჭერა დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერაა. “სიტყვები საკმარისი არაა, უნდა ვიმოქმედოთ”, - განაცხადა კიდევ ერთმა გამომსვლელმა, დანილო დელა ვალემ
განსხვავებული იყო რეზოლუციის მეშვიდე პროექტის ავტორის, პეტრ ბისტრონის გამოსვლა. მან განაცხადა, რომ ევროპარლამენტი სიტყვის თავისუფლებას იცავს და არა “ენჯეო აქტივისტს, რომელიც პოლიციელს დაესხა თავს და ახლა ციხეშია”. თუ სიტყვის თავისუფლება გაწუხებთ, საკუთარ თავს შეხედეთ, - თქვა მან და ევროპაში დაპატიმრებული რამდენიმე ჟურნალისტის მაგალითი მოიყვანა. "მხარი დაუჭირეთ რეპორტიორებს და არა ენჯეოების წარმომადგენლებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის ცვლილება სურთ“, - თქვა მან.
მზია ამაღლობელი უკვე 149 დღეა, პატიმრობაშია. მის გათავისუფლებას ითხოვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ასევე - ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნების არაერთი მთავრობა.
მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდება აქვს წარდგენილი, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
18 ივნისს ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტში საქართველოში დაკავებულთა მხარდასაჭერად გამართეს პერფორმანსი. მათ ხელში ეჭირათ წარწერა: „შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში“ და პატიმრობაში მყოფი ადამიანების ფოტოები. მათ შორის ფოტოებზე იყვნენ მზია ამაღლობელი (ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი); ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე („ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაკავებულები), ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული) და მათე დევიძის (პროევროპულ აქციაზე დაკავებული).
ფორუმი