სადავო პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით გიორგი გვარაკიძე აირჩია. თანამდებობაზე გვარაკიძის დანიშვნას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრამდე გვარაკიძეს მოუსმინეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან თავის ხედვებზე ისაუბრა.
"მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება, რისთვისაც აუცილებელია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაძლიერება.
ბოლო წლების სამართლებრივმა რეფორმებმა დადებითი გავლენა იქონია სისხლის სამართლის უკეთესი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
მან ცალკე პრიორიტეტად გამოყო "საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა" და თქვა, რომ გასაძლიერებელია სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულებზე პარალელური ფინანსური გამოძიების არსებული პრაქტიკა.
მანვე თქვა, რომ ემხრობა "ორგანიზებული დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის გატარებას" .
გვარაკიძის თქმით, თბილისის პროკურატურის სისტემაში "თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფი შეიქმნება, რომელიც დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით", რაც, მისი სიტყვებით, "ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ზრდას".
გვარაკიძემ ცალკე გამოყო ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხი და აღნიშნა, რომ სრულად უჭერს მხარს "ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ ბრძოლის მეთოდების გამკაცრების გაცხადებულ პოლიტიკას".
"მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რეალიზატორების მიმართ საპროცესო შეთანხმების და კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა, თუ სახეზე არ არის განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობები და ამ შემთხვევაშიც, მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის მხოლოდ შემცირება."
გვარაკიძემ ისაუბრა არასრულწლოვანთა დანაშაულების მიმართ დამოკიდებულებაზეც.
„ვერ გავამკაცრებთ არასრულწლოვანების მიმართ სასჯელებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ბალანსი დავიცვათ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულსა და მათთვის მისჯილ სასჯელებს შორის. ვფიქრობ, რომ უნდა მივცეთ უფრო მეტი შანსი რესოციალიზაციის, მეტად ჩავრთოთ საზოგადოებრივ საკითხებში“, - თქვა გვარაკიძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკის აღსრულება უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების გამოწვევებისა და საჭიროებების სწორ ანალიტიკას და დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმების ხელშეწყობის უზრუნველყოფას.
გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა.
გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში მუშაობა დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, რომელსაც მოქმედი მმართველი ძალა, „ქართული ოცნება“, ძალადობრივ რეჟიმს უწოდებს.
პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ის მუშაობდა:
- 2003-2004 წწ. - იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორი პროკურორ-კრიმინალისტის თანამდებობაზე;
- 2004 წ. - იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ-კრიმინალისტი;
- 2004-2005 წწ. - იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;
- 2005-2009 წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;
- 2009-2011 წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
- 2011 -2016 წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
- 2016-2019 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
- 2019 წ. - ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე;
- 2019-2022 წწ. - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2022-2024 წწ. - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2024-2025 წწ. - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2025 წ. - თბილისის პროკურორი;
- 2025 წლის 4 ივნისს დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ.
ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის გადადგომიდან ორიოდე კვირაში, 17 ივნისს, მის შემცვლელად ოფიციალურად დაასახელეს გიორგი გვარაკიძე.
მას შემდეგ, რაც გაბიტაშვილი გადადგა, - რათა გენერალურ აუდიტორად დაეწყო მუშაობა, - გვარაკიძე დანიშნეს გენერალური პროკურორის მოადგილედ, - მიუხედავად იმისა, რომ მსგავს პოზიციაზე უკვე ოთხი ადამიანი მუშაობდა. გვარაკიძე პირველ მოადგილედ დაინიშნა.
მოადგილედ დანიშვნისთანავე, სწორედ გვარაკიძემ გააგრძელა გენერალური პროკურორის მოვალეობის შესრულება. თბილისის პროკურორობა მას მხოლოდ მცირე ხნით - 13 მაისიდან 4 ივნისამდე მოუწია.
ფორუმი