Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციოს მოსამართლე იმერლიშვილი ვადაზე ადრე ტოვებს სასამართლოს


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი ვადაზე ადრე ტოვებს სასამართლოს - „პირადი განცხადების საფუძველზე“
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი ვადაზე ადრე ტოვებს სასამართლოს - „პირადი განცხადების საფუძველზე“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი ვადაზე ადრე ტოვებს პოსტს.

იმერლიშვილი, რომელიც 2016 წლის 12 სექტემბრიდან არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 20 ოქტომბრიდან დატოვებს თანამდებობას.

ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრი ავრცელებს.

უწყების თანახმად, იმერლიშვილი პოსტს ტოვებს „საკუთარი განცხადების საფუძველზე“.

ამავე წყაროს ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას, უკვე გამოცემული აქვს შესაბამისი განკარგულება.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - წერს სასამართლო.

ირინე იმერლიშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2026 წლის 12 სექტემბერს ეწურებოდა. მან 11 თვით ადრე დატოვა თანამდებობა.

„ქართული ოცნება“ უახლოეს პერიოდში გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით.

ეს სარჩელი მზადდება „ქართული ოცნებით“ დომინირებულ პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

იმერლიშვილის მიერ პოსტის დატოვება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას არ შეაფერხებს. 8-წევრიანი პლენუმი შეძლებს საქმეების განხილვის გაგრძელებას.

ირინე იმერლიშვილმა 2024 წელს მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, - რასაც „ქართული ოცნება“ ითხოვდა; მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა სასამართლოს პოზიციას, არ მიეღო წარმოებაში არჩევნების შესახებ ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG