Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პაკეტზე ნერწყვის კვალი დადასტურდა" - ახობაძის საქმეზე სამხარაულის ექსპერტი გამოიკითხა


გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზში, 2025 წლის 8 აპრილი. კანონის ახალი მოთხოვნებით, სასამართლოს შენობაში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, აუდიოს ჩაწერა აკრძალულია.
გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზში, 2025 წლის 8 აპრილი. კანონის ახალი მოთხოვნებით, სასამართლოს შენობაში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, აუდიოს ჩაწერა აკრძალულია.

11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მოწმეების გამოკითხვა გასული წლის 7 დეკემბერს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე.

მომდევნო სხდომაზე, 16 ივლისს დაიკითხება თავად ბრალდებული, 22 ივლისს კი შესაძლოა, უკვე განაჩენი გამოცხადდეს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ახობაძეს დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ბოლო მოწმე, რომელიც სასამართლომ 11 ივლისის სხდომაზე დაკითხა, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ია ედიბერიძე იყო. მის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ, რომელიც ახობაძის ადვოკატების მოთხოვნით გაკეთდა, აჩვენა, რომ იმ ნარკოტიკული ნივთიერებების შესაფუთ მასალაზე, რომლის ფლობასაც ახობაძეს ედავებიან, ნერწყვის კვალი დადგინდა. ახობაძე, რომელიც თავს დამნაშავედ არ თვლის და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას პოლიციელებმა დაკავებისას “ჩაუდეს”, ამბობს, რომ მისი ბიოლოგიური მასალა ამ პაკეტზე თავად პოლიციელებმა დაიტანეს მისი პირის ღრუდან იძულებით აღებული ნერწყვის სახით. ექსპერტიზის შედეგებიც და ექსპერტის ჩვენებაც ამ ვერსიას ემთხვევა.

სასამართლოს დღევანდელი სხდომა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის გაფრთხილებით დაიწყო - მან თითქმის ნახევარი საათი დააგვიანა 11 საათზე დანიშნულ სხდომაზე.

მოწმე ჯერ ახობაძის ადვოკატებმა დაკითხეს, შემდეგ პროკურორმა.

ია ედიბერიძემ განმარტა, რომ ექსპერტიზისთვის მან გამოიყენა პაკეტის შესაფუთი მასალა, პოლიეთილენის პარკი და საიზოლაციო ლენტის ფრაგმენტები, ორივე მათგანიდან აიღო ანაწმენდები და საერთაშორისო დონეზე აღიარებული მწარმოებლის მიერ სპეციალურად ამგვარი ექსპერტიზებისთვის შექმნილი ტესტით დადასტურდა, რომ პაკეტის ანაწმენდებში ნერწყვის კვალი იყო.

ტესტი ნერწყვის კვალს ადგენს ამ ბიოლოგიური მასალაში შემავალი ცილის, ალფა ამილაზას არსებობის შემთხვევაში. [ამილაზა ჰიდროლიზური ფერმენტია, რომელიც წარმოიქმნება ძირითადად სანერწყვე ჯირკვლებსა და პანკრეასში, შემდეგ კი გადადის პირის ღრუში ან თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურში და მონაწილეობს ნახშირწყლების მონელებაში - რ.თ]. ექსპერტიზის ობიექტი, ანუ პაკეტის შესაფუთი მასალა და საიზოლაციო ლენტის ფრაგმენტები იგივეა, რომელზეც ამ საქმის ფარგლებში პროკურატურამაც ჩაატარებინა ექსპერტიზის ბიუროს კვლევა ახობაძის კუთვნილი დნმ-ს კვალის დასადგენად.

  • თუ ლატექსის ხელთათმანი კონტამინირებულია (დაბინძურებულია რედ.) ბიოლოგიური მასალით, მაგალითად, ნერწყვით, შესაძლებელია თუ არა ამ კონტამინირებული ობიექტიდან გადავიდეს ბიოლოგიური მასალა მეორე ობიექტზე, - ჰკითხა მოწმეს ბრალდებულმა გიორგი ახობაძემ.
  • ექსპერტიზა არ ჩატარებულა იმაზე, როგორ მოხვდა ბიოლოგიური მასალა, ამ შემთხვევაში ნერწყვი, ობიექტზე - ამ შემთხვევაში შესაფუთ პოლიეთილენის პარკზე. შესაბამისად, ნებისმიერი მსჯელობა იქნება თეორიული და ზოგადი. ზოგადად, შესაძლებელია ხელოვნურად, ბიოლოგიურმასიანი ნივთით, მაგალითად, ჩხირით ან რეზინის ხელთათმანით ბიოლოგიური მასალის ზედაპირზე გადატანა, - უთხრა მას ექსპერტმა.


ია ედიბერიძის განმარტებით, ექსპერტიზის ბიუროს ადვოკატებმა ჯერ კიდევ იანვარში მიმართეს ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით, რომელსაც უნდა დაედგინა ობიექტზე არსებული ბიომასალის სახეობა, თუმცა ვინაიდან კითხვები ისე იყო შედგენილი, რომ ასევე ითხოვდა ბიოლოგიურ მასალაში ბაქტერიების სახეობის დადგენას და იმის კვლევას, სხეულის რა ნაწილიდან იყო აღებული ნიმუში, ადვოკატებთან მიმოწერით და სატელეფონო ზარების საშუალებით დავიწროვდა კვლევის ამოცანა მხოლოდ ერთ კითხვამდე. დამაზუსტებელი კითხვების და საკვლევი საგნის დავიწროების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბაქტერიოლოგიურ კვლევას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო არ ატარებს.

ამ ექსპერტიზაში საგულისხმოა დროც, რაც მის ჩატარებას დასჭირდა - ადვოკატებმა ბიუროს წერილით იანვარში მიმართეს, 3 თებერვალს უკვე ჰქონდათ პროკურატურიდან მისული საკვლევი ობიექტები, თუმცა საბოლოოდ კვლევის ჩასატარებლად წერილი 29 მაისს დარეგისტრირდა ოფიციალურად სამხარაულის ელექტრონულ სისტემაში და კვლევაც ამის შემდეგ ჩატარდა.

მას შემდეგ, რაც მოწმე ადვოკატებმა დაკითხეს, მას კითხვებით მიმართა პროკურორმაც. შმაგი გობეჯიშვილი საათზე მეტი დროის განმავლობაში ცდილობდა გარკვეულიყო შემდეგ საკითხებში:

  • რას ნიშნავს გენეტიკური და ბიოლოგიური კვლევები და რა განსხვავებაა მათ შორის?
  • რას გულისხმობს სეროლოგიური კვლევა?
  • რატომ არ შეუძლია ექსპერტიზის ბიუროს ბაქტერიოლოგიური კვლევების ჩატარება?
  • ამ კვლევის ჩატარება თუ არ შეუძლია, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია ბიოლოგიური კვლევების ჩატარება?
  • რამდენჯერ ჰქონდა კომუნიკაცია ექსპერტიზის ბიუროს ახობაძის დაცვის მხარესთან ამ კვლევის ჩატარების პროცესში?
  • შეიძლება თუ არა ექსპერტიზამ დაადგინოს ბიოლოგიური მასალის ხანდაზმულობა?
  • შეიძლება თუ არა კონკრეტული ბიოლოგიური მასალა ექსპერტიზისთვის იყოს ვადაგასული ან უვარგისი?
  • ყველა ადამიანის ნერწყვი ერთნაირ ალფა ამილაზას შეიცავს თუ არა?
  • როგორია იმ ტესტების ბუნება, რომლითაც ექსპერტიზა ჩატარდა? ამავე ტესტებით შესაძლებელია თუ არა სხვა ბიოლოგიურ მასალაზე, მაგალითად, შარდზე, სპერმაზე, სისხლზე კვლევის ჩატარება? რა არის ის სახელმძღვანელო ლიტერატურა, რომლითაც ხელმძღვანელობენ მსგავსი კვლევების ჩატარების შემთხვევაში?
  • როგორ შეიძლება მოხდეს ადამიანის მხრიდან ნერწყვის გამოყოფა ისე, რომ ის კონკრეტულ ზედაპირზე მოხვდეს და დარჩეს? არის თუ არა ამ გზებს შორის დაცემინება, დახველება?


ბრალდებულმა ახობაძემ მოსამართლეს მიმართა, რომ წინა სხდომებზე ექსპერტების გამოკითხვისას პროკურორი ასეთ კითხვებზე აცილების შუამდგომლობას აყენებდა, იმ არგუმენტით, რომ ზოგადი კითხვები, რომელსაც საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდა, არ უნდა დასმულიყო.

მოსამართლე: ახლო წარსულში ნუ დავბრუნდებით!

ბრალდებული: ახლო წარსულიც ამ საქმის ნაწილია!

მოსამართლე: აქ სადისკუსიოდ არ ვართ!

სასამართლოს სხდომაზე მოწმე კითხვების ნაწილს ზოგად თეორიულ პასუხებს სცემდა, ნაწილზე კი პასუხობდა, რომ ეს არ იყო მისი კვლევის საგანი. მან განმარტა, რომ არ შეუძლია ბიოლოგიური მასალის ხანდაზმულობის დადგენა, მხოლოდ ხანდაზმულობა არ აქცევს ბიოლოგიურ მასალას გამოუსადეგრად, თუმცა მისი კვლევისთვის უვარგისად ქცევა შესაძლებელია სხვადასხვა სახის, მათ შორის თერმული ან ქიმიური ზემოქმედებით და იმ შემთხვევაში, თუ ერთ ანაწმენდს ბევრი სხვადასხვა კვლევისთვის გამოიყენებდნენ, შანსი იმის, რომ მისი სიზუსტე ნაკლები იქნებოდა, შეიძლება გაზრდილიყო. მისივე განმარტებით, კვლევისთვის ნერწყვის კვალის აღმოჩენისთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ ნერწყვის მოცულობას, უმცირეს შემთხვევაშიც კი ის ხილვადია ტესტებისთვის.


[ნერწყვის] მოცულობა, რომელსაც ახსენებთ, როგორ გამოიყოფა? დახველებით, დაცემინებით? - ამ განმარტებების შემდეგ კვლავ იკითხა შმაგი გობეჯიშვილმა.

  • კონტამინაცია [დაბინძურება, ზედაპირებზე გადატანა] აინტერესებს ამას. ისაუბრა ამაზე უკვე ექსპერტმა. შემწვარი კარტოფილიც რომ დაინახო, გარკვეული მოცულობის ალფა-ამილაზა გამოიყოფა - სცადა პროკურორის კითხვის არსის განმარტება ბრალდებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ.
  • პროკურორს არ აინტერესებს კონტა... რა თქვით? კონტამინაცია. უპასუხეთ კითხვას. როგორ გამოიყოფა ალფა-ამილაზა? - ჩაერთო მოსამართლე.
  • გადატანა და მოხვედრა ობიექტზე კი არა, დახველების, ლაპარაკის, ცემინების დროს, გამოიყოფა ამილაზა? - კვლავ იკითხა პროკურორმა.
  • ჯირკვლებზე და სეკრეციაზე გველაპარაკება, მაგრამ სინამდვილეში ეგ აინტერესებს, გადატანა რა და როგორ ხდება. ტესტისთვის უმცირეს რაოდენობაზე დეტექტირებადი რაც არის, აპარატი აკეთებს იდენტიფიცირებას. ეს მინიმალური ოდენობა არის 0.01 მლ იქნება თუ ბევრად მეტი, მნიშვნელობა არ აქვს ექსპერტიზისთვის - დამატებით განმარტება ეცადა ახობაძემ.


ექსპერტმა დაადასტურა, რომ 0,01 მლ. ნერწყვი საკმარისია კვლევის ჩასატარებლად.

ამ დროს დარბაზში ერთ-ერთი დამსწრის ტელეფონი რეკავს.

"გაბრძანდით, ბატონო გარეთ, მნიშვნელოვანი ზარია, როგორც ჩანს და უპასუხეთ, თუ ზარი უფრო მნიშვნელოვანია", - ამბობს მოსამართლე.

დამსწრე დარბაზს ტოვებს.

დაცვის მხარემ სხდომაზე უარი თქვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კიდევ ერთი ექსპერტის მოწმის სახით გამოკითხვაზე, ვინაიდან საჭიროდ აღარ მიიჩნიეს. რის შემდეგად მოსამართლემ მხარეებს გიორგი ახობაძის დღესვე დაკითხვა შესთავაზა. ადვოკატებმა და გიორგი ახობაძემ თქვეს, რომ ურჩევნიათ გამოკითხვა შემდეგ სხდომაზე მოხდეს. დღევანდელი სხდომა 13:06 წუთზე დასრულდა.

გიორგი ახობაძეს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ედება, ეს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია, ისჯება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობით. ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდო“.

გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG