ისინი ამბობენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არაპროპორციულია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება უნდა შეწყდეს.
ორგანიზაციების - პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) - წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ, როგორც ჩანს, მისი, როგორც ჟურნალისტის მიმართ არის ცილისწამების და მისი სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა. მზია უაღრესად პატივსაცემი, გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ცნობილია ჟურნალისტური ეთიკისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებით“, – ამბობს IPI-ის ადვოკატირების დირექტორი, ემი ბრულეტი.
CPJ-ის გლობალური ურთიერთობების მთავარი ოფიცერი, ჯიპსი გიენ კაიზერი აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომა, რომელსაც ის დაესწრო, ცილისწამების კამპანიითაა მოცული:
„ამაღლობელის შთამბეჭდავი ჩვენება აჩვენებს მის ერთგულებას საქართველოსა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის“, - ამბობს ის.
პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც 14 ივლისს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომას დაესწრო, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე ამბობს, რომ მზია ამაღლობელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისადმი - ღირებულებებისადმი, რისთვისაც ის ახლა იდევნება:
„[14 ივლისის] სხდომამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ საქმის უსაფუძვლობას. დაცვის მხარემ მიუთითა სერიოზულ პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის პოლიტიკურ ელფერზე, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე საქმეზე. ვიდეოჩანაწერებმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა სავარაუდო მსხვერპლის სანდოობა“, - ამბობს ის.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%".
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
ფორუმი