14 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში რამდენიმე კომპანიაში ჩხრეკა ჩაატარა, ამოიღო დოკუმენტაცია და ელექტრონული მოწყობილობები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კუთვნილ ბიზნესცენტრში ჩატარდა.
თავად პაპაშვილი ჩატარებულ ჩხრეკას არ უარყოფს, თუმცა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ საკითხზე ინფორმაციის გასაცემად დრო სჭირდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ნამდვილად ჩატარდა, თუმცა განმარტავენ, რომ კომპანიები, რომლებითაც გამოძიება დაინტერესდა, მართალია, პაპაშვილის კუთვნილ ბიზნესცენტრში არიან განთავსებული და საოფისე ფართს მისგან ქირაობენ, თუმცა მასთან სხვა მხრივ დაკავშირებული არ არიან.
არც პაპაშვილი და არც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ აკონკრეტებენ იმ კომპანიების რაოდენობას და სახელებს, რომლებითაც გამოძიება დაინტერესდა.
"ტვ პირველის" ცნობით, ფინანსური პოლიცია შესული იყო შემდეგ კომპანიებში: TIG-ი, BOS SELF-ი, MAGIC TRAVELS-ი.
ბიზნესცენტრი "რედიქსი", სადაც საგამოძიებო სამსახური იყო შესული, თავისუფლების მოედანზე, ტაბიძის ქუჩის პირველ ნომერში მდებარეობს.
ფორუმი