Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დამასკში მდებარე სირიის გენშტაბზე განახორციელა დრონებით თავდასხმა


შეიარაღებული დაპირისპირება სირიის სამხრეთში განახლდა მას შემდეგ, რაც სირიის მთავრობის მიერ სამშაბათს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა მალევე დაირღვა.
შეიარაღებული დაპირისპირება სირიის სამხრეთში განახლდა მას შემდეგ, რაც სირიის მთავრობის მიერ სამშაბათს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა მალევე დაირღვა.

16 ივლისს ისრაელმა დრონებით თავდასხმა განახორციელა სირიის დედაქალაქ დამასკში, პრეზიდენტის სასახლის ახლოს მდებარე სირიის გენერალურ შტაბზე.

ამ თავდასხმას წინ უძღოდა ისრაელის მხრიდან სირიის მთავრობის გაფრთხილება - გამოეყვანა სამხედროები სირიის სამხრეთ ქალაქ სუვაიდადან, სადაც ისინი დრუზების თემსა და ბედუინებს შორის დაპირისპირებაში არიან ჩართულები.

შეიარაღებული დაპირისპირება სირიის სამხრეთში განახლდა მას შემდეგ, რაც სირიის მთავრობის მიერ სამშაბათს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა მალევე დაირღვა. “ალ ჯაზირას” ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ ვითარება ესკალაციისკენ მიდის. ისრაელის დარტყმებმა ახლა დამასკის ცენტრს მიაღწია”.

სირიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულა “კანონს მიღმა” დაჯგუფებები და რომ სირიის სამთავრობო ძალების შეყვანა დაპირისპირების არეალში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით მოხდა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 16 ივლისს დრუზებს მიმართა:

“ჩემო ძმებო, ისრაელის დრუზო მოქალაქეებო: ვითარება სუვაიდაში, სირიის სამხრეთ-დასავლეთში ძალიან სერიოზულია. ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ, საჰაერო ძალები მოქმედებენ, სხვა ძალები ოპერირებენ. ვმოქმედებთ ჩვენი დრუზი ძმების გადასარჩენად და რეჟიმის ბანდების გასანადგურებლად. ახლა თქვენთან მაქვს თხოვნა: თქვენ ისრაელის მოქალაქეები ხართ. არ გადაკვეთოთ საზღვარი. ამით სიცოცხლეს სწირავთ; შეიძლება მოგკლან, ტყვედ აგიყვანონ და ამით ხელს უშლით ისრაელის თავდაცვის ძალებს. დაბრუნდით სახლებში და მიეცით თავდაცვის ძალებს მოქმედების საშუალება”.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარსმა 16 ივლისს გამოხატა იმედგაცრუება სირიის ხელისუფლების მიერ დრუზების “მასობრივად ხოცვის” გამოძიების დაწყებაზე განცხადების შემდეგ როგორც დრუზების, ისე სხვა უმცირესობების დევნის გაგრძელების გამო:

“ვსვამ კითხვას: კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ხმა აღიმაღლოს? სხვა რაღა უნდა მოხდეს? რას ველოდებით?”

საარსი განმარტავს ისრაელის ინტერესებს სირიაში:

“პირველი - სტატუს კვოს შენარჩუნება სირიის სამხრეთ რეგიონში, რომელიც ამავე დროს ჩვენს საზღვართან ახლოს მდებარეობს და ამ არეალში ისრაელის მიმართ საფრთხეების გაჩენის თავიდან აცილება.

მეორე - ზიანის თავიდან აცილება დრუზების თემისთვის, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძლიერი ურთიერთობა”.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის ახალ ხელისუფლებას “რეჟიმად” მოიხსენიებს და ადანაშაულებს გარკვეულ გარემოებათა ბოროტად გამოყენებით და ემუქრება, რომ, თუ ის “გონს არ მოეგება”, ვეღარც სირიას მართავს და ვერც ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწევს: “მისთვის უკეთესი იქნება, გონს მოეგოს და აღადგინოს წესრიგი“ - მიმართავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის ხელისუფლებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG