Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი


ევროკომისიამ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-18 პაკეტი ივნისში მოამზადა
ევროკომისიამ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-18 პაკეტი ივნისში მოამზადა

ევროკავშირმა შეათანხმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი.

წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დღეს, 18 ივლისს გამოაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.

მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი და კრემლს ომის ბიუჯეტს კიდევ უფრო შეუმცირებენ.

კალასის ინფორმაციით, სანქციები ეხება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 გემს, ბანკებს, გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადების“ გამოყენების შემდგომ აკრძალვას და რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირებას.

სანქციების მე-18 პაკეტი ეხება ჩინურ ბანკებსაც, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან უკვე არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში, დრონების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას და რუსული კომპანია „როსნეფტის“ ქარხანას ინდოეთში.

ევროკომისიას ივნისის შუა რიაცხვებისთვის მზად ჰქონდა სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც არაერთხელ დაბლოკა სლოვაკეთმა. მისი მთავრობა რუსულ გაზზე უარის სანაცვლოდ კომპენსაციას და გარანტიებს მოითხოვდა.

17 ივლისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკომისიისგან გარკვეული გარანტიების მიღების გამო სანქციების მე-18 პაკეტს ვეტოს აღარ დაადებენ.

ახალ პაკეტს ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირების გამო ეწინააღმდეგებოდა მალტაც, რომელმაც საბოლოოდ თანხმობა განაცხადა.





ფორუმი

XS
SM
MD
LG