Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შმიჰალი: უკრაინას 6 მილიარდი დოლარი ესაჭიროება სამხედრო შესყიდვებისთვის


დენის შმიჰალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი
დენის შმიჰალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინას დამატებით 6 მილიარდი დოლარი ესაჭიროება საიმისოდ, რომ უზრუნველყოს 2025 წლის სამხედრო შესყიდვები - ამ განცხადებით უკრაინის თავდაცვის მინისტრი, დენის შმიჰალი გამოვიდა, "რამშტაინის" ფორმატში მიმდინარე უკრაინის დახმარების საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე.

შეხვედრა, რომელსაც 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ 21 ივლისს, ონლაინ გაიმართა, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის თავმჯდომარეობით.

შმიჰალის თქმით, დამატებითი დაფინანსება უკრაინას საშუალებას მისცემს ჰქონდეს უფრო მეტი FPV-ის ტიპის დრონი ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად, უფრო მეტი გარდამტაცი რუსეთის მხრიდან გაშვებული "შაჰედის" ტიპის დრონებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ასევე, მისი თქმით, "დამატებითი ღრმა დამრტყმელი იარაღი, რათა ომი რუსეთში დაბრუნდეს".

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ თავის მხრივ პარტნიორებს მოუწოდა გააძლიერონ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების და საბრძოლო მასალების მიწოდება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ გერმანია თავის წვლილს შეიტანს უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში, რუსეთის საჰაერო დარტყმების მოსაგერიებლად. სამაუწყებლო კომპანია DW ავრცელებს პისტორიუსის სიტყვებს - რომ უკრაინისთვის აუცილებელია ხუთი ამგვარი სისტემის მიწოდება. მინისტრის თქმით, ბერლინი იმუშავებს საიმისოდ, რომ კიევმა ეს სისტემები რაც შეიძლება მალე მიიღოს და ამის თაობაზე პარტნიორებთან უკვე მომავალ დღეებში გამართავს კონსულტაციებს.

თუმცა პისტორიუსი არ გამოსულა უშუალო დაპირებით ამ სისტემების მიწოდების თაობაზე. მანამდე გავრცელებული ცნობებით, გერმანიამ და აშშ-მა ფაქტობრივად მოილაპარაკეს, რომ უკრაინას გადაეცემოდა Patriot-ის ტიპის ორი სისტემა. ამჟამად ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გერმანია უკრაინას გადასცემს მის არსენალში მყოფ ორ სისტემას და სანაცვლოდ ამავე სისტემებს აშშ-სგან შეისყიდის. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებდა მზაობას იარაღის მასშტაბური მიწოდებისთვის ევროპელი პარტნიორებისთვის, უკრაინისთვის გადასაცემად - აშშ-ის პარტნიორების ხარჯზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG