იმის შესახებ, თუ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ იკუმშებოდა თავისუფლების სივრცე რუსეთსა და ბელარუსში და როგორი მსგავსებაა ამ ქვეყნებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის პროექტი „ეხო კავკაზა" ესაუბრა ადამიანის უფლებათა რუს დამცველს, ცენტრ „მემორიალის” საბჭოს თავმჯდომარეს, ალექსანდრ ჩერკასოვსა და ადამიანის უფლებათა ბელარუს დამცველს, რომან კისლიაკს.
კანონების „ევოლუცია“
რუსეთში 2014 წლიდან მოქმედებს „განმეორებითი დარღვევის“ რეჟიმი: საპროტესტო აქციის (მიტინგის) წესების სამ ადმინისტრაციულ დარღვევას შეიძლება მოჰყვეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - ჯარიმა, იძულებითი შრომა ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ბელარუსში ნებისმიერი შეკრება მოითხოვს მთავრობის ნებართვას, ხოლო ერთი წლის განმავლობაში ორ ან მეტ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა შეიძლება დაისაჯოს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ადამიანის უფლებათა რუსი დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრ “მემორიალის” საბჭოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ჩერკასოვი აღნიშნავს, რომ რუსეთში რეჟიმმა ქანჩების მოჭერა დაიწყო ცნებების ჩანაცვლებითა და ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ანტიტერორისტული კანონმდებლობის ტრანსფორმაციით, საქართველოში კი - „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღებით.
ალექსანდრ ჩერკასოვი: სამყაროს ჩვენს ნაწილში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონმდებლობა არის ის, რაც რუსეთში 2012 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მიტინგების საწინააღმდეგო კანონმდებლობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების გამკაცრება წლების განმავლობაში და თანდათანობით ხდებოდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ახლა ცდილობს ამ წლების შეკუმშვას და იმ უზარმაზარი გამოცდილების გამოყენებას, რომელიც კავკასიონის ქედის მეორე მხარეს დაგროვდა.
საერთოდაც, უცნაური იქნებოდა, რუსეთის ეს გამოცდილება სხვა ქვეყნებს რომ არ გამოეყენებინათ. მაგალითად ეს გამოცდილება გამოიყენეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO - Shanghai Cooperation Organization) ქვეყნებმა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ არ ჰყავდათ იურისტთა საჭირო რაოდენობა, აქ კი ვიღაცა გაისარჯა მათ მაგივრად და შექმნა გადაწერის, საკუთარ თავზე მორგებისა და კანონების კლონირების შესაძლებლობა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ადრე ამგვარ შეზღუდვებს სათაკილოდ მიიჩნევდნენ. ეს კი - მოქალაქეთა უფლებების ასეთი იეზუიტური შეზღუდვა, - მართლაც სათაკილოა.
არსებითად, რასთან გვაქვს საქმე? ვხედავთ ცნებების ჩანაცვლებას. უცხოელი აგენტი - ეს არის ის, ვინც მოქმედებს არც საკუთარი და არც საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მოქმედებს რაიმე გარე პრინციპალის (დამქირავებლის, დირექტორის) ინტერესებიდან გამომდინარე და ამისთვის იღებს გარკვეულ ანაზღაურებას. აგენტების შესახებ კანონმდებლობის რუსულ ვერსიაში, მიუხედავად იმისა, რომ ნახსენებია ამერიკული FARA, რომლის მიზანია აშშ-ში ტოტალიტარული რეჟიმების ინტერესებიდან გამომდინარე სისტემატური საქმიანობის აღკვეთას, ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა სტრუქტურირებული. მაგალითად “რუსულ ფარაში” არაფრის დამტკიცება არაა საჭირო: არც ის, რომ ვინმე მოქმედებს სხვების ინტერესებიდან გამომდინარე და არც ის, რომ ვინმე იღებს ამისთვის ანაზღაურებას. სინამდვილეში, ეს უბრალოდ ცნებების ჩანაცვლებაა, რომელიც უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონმდებლობის ევოლუციის პროცესში იმ დონემდე მივიდა, რომ ნებისმიერი, ვინც ისეთ რამეს აკეთებს, რაც ჩვენ არ მოგვწონს, შეიძლება უცხოელ აგენტად გამოცხადდეს.
რუსეთში ცნებების ეს ჩანაცვლება ოდნავ განსხვავებული გზით მოხდა. საქმე ისაა, რომ პუტინის რეჟიმი დაიწყო 1999 წელს კავკასიაში ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციით, ჩეჩნეთის მეორე ომით. პირველ რიგში, მოახდინეს ანტიტერორისტული კანონმდებლობის ტრანსფორმაცია: ბევრი ქმედება, რომელიც არსებითად შეიძლება ექსტრემისტულად ჩაითვალოს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტერორიზმის განმარტების ქვეშ კლასიფიცირდა. შემდეგ დადგა ანტი-ექსტრემისტული კანონმდებლობის ჯერი, როდესაც ქმედებები, რომლებიც შეიძლებოდა სრულიად ლეგალური ოპოზიციური საქმიანობა ყოფილიყო, ექსტრემისტულად განისაზღვრა. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება კი უკვე იმის მცდელობაა, რომ ნებისმიერი საჯარო, არაპოლიტიკური აქტივობა პოლიტიკურ საქმიანობად კლასიფიცირდეს, თუ ეს აქტივობა მოიცავს ხელისუფლების ან საზოგადოებისადმი მიმართულ განცხადებებს. აი, ასეთი თანმიმდევრობით მოხდა ცნებების ჩანაცვლება და სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილება.
საქართველოში ასეთი ხანგრძლივი ევოლუცია არ მომხდარა. საქართველოში იყენებენ მზა შაბლონებს - როგორც უცხოელ აგენტებთან, ასევე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები მკვეთრი და მოულოდნელი ჩანს. როცა მეზობლისგან იწერ კონსპექტს, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა, ამას მართლა შეიძლება ჰქონდეს შოკისმომგვრელი ეფექტი. მაგრამ რუსეთში დიდი ხანია ასეა. პოლიტიკური პარტიებისა და ოპოზიციის საქმიანობა შეუძლებელია. ის, რაც არსებობს, ერთგვარი პინაკოთეკაა (სურათების გალერეა, საცავი): ბრტყელი, უსიცოცხლო სურათები, იშვიათი გამონაკლისებით. თუმცა ამ იშვიათი გამონაკლისების ჩაკვლა სწორედ უცხოელი აგენტებისა და ანტი-ექსტრემისტული კანონმდებლობით ხდება.
რუსეთში მიტინგების შესახებ კანონმდებლობაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცვლებოდა. ერთ დროს 500 რუბლის ოდენობის ჯარიმა უსამართლობად ითვლებოდა. მაგრამ გარკვეული მომენტიდან არასანქცირებულ მიტინგში განმეორებითი მონაწილეობა სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა. საუბარია , ე.წ. „დადინის კანონზე“. პირველი, ვინც ამ მუხლით გაასამართლეს, იყო მოსკოველი აქტივისტი ილდარ დადინი, რომელიც სასჯელს იხდიდა კარელიის წამებით განთქმულ ერთ-ერთ კოლონიაში, ხოლო მოგვიანებით, მიგრაციის შემდეგ, მოხალისედ ჩაეწერა უკრაინის არმიაში და ფრონტზე დაიღუპა.
ილდარ დადინის საქმე თანამედროვე რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური საქმეა, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას უკავშირდება. ილდარ დადინი - მოსკოველი სამოქალაქო აქტივისტი, პირველი, ვინც 2015 წელს გაასამართლეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 212.1 მუხლით არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში განმეორებითი მონაწილეობისთვის. დადინმა, რომელსაც 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, არაერთხელ ამღილა კოლონიის ადმინისტრაცია პატიმრების წამებასა და ცემაში, რამაც ფართო საზოგადოებრივი აღშფოთება და საერთაშორისო რეაქცია გამოიწვია. 2017 წელს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა განაჩენი: დაადგინა, რომ ილდარ დადინის ქმედებები დანაშაულის შემადგენლობას არ შეიცავდა და ამიტომ გაათავისუფლა ის პატიმრობიდან.
კანონმდებლობის ეს გამკაცრება, როცა ადმინისტრაციულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომ, სისხლის სამართლის საქმეებში გამამტყუნებელი განაჩენების საფუძველი ხდება, რუსეთმა უკვე გამოიარა წლების წინ. საერთოდ, თუ საქართველოში ახალ საკანონმდებლო მოდაზე ვისაუბრებთ, მაშინ თვალში საცემია, რომ ეს სიახლეები, რუსეთთან შედარებითაც კი, გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ.
ბელარუსი ადამიანის უფლებათა დამცველი რომან კისლიაკი აღნიშნავს, რომ მის ქვეყანაში შეზღუდვები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო. 1997 წელს პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ შეცვალა მიტინგების შესახებ კანონი, რითაც ფაქტობრივად აიკრძალა ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების გამართვა მთავრობის ნებართვის გარეშე.
რომან კისლიაკი: პირველ რიგში, 1990-იან წლებში ლუკაშენკამ შემოიღო ე.წ. ნებართვის პრინციპი: ნებისმიერი საჯარო ღონისძიების, თუნდაც ერთი კაცის აქციის, ჩასატარებლად საჭირო იყო ნებართვის მიღება. მცირე ხნის განმავლობაში შეინიშნებოდა გარკვეული ლიბერალიზაცია - ზოგიერთ ადგილას ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი გახდა ხელისუფლების ინფორმირებით, თუმცა პრაქტიკულად ამით არაფერი შეცვლილა - რამე სახის შეკრების გამართვა კვლავინდებურად შეუძლებელი იყო.
კანონის გარდა, პრობლემას ქმნიდა ის, რომ რაიონებსა თუ ქალაქებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (აღმასრულებელი კომიტეტები) იღებდნენ გადაწყვეტილებებს, სად შეიძლებოდა გამართულიყო მასობრივი ღონისძიებები. იქნებოდა ერთგვარი „რეზერვაციები“ ასეთი ღონისძიებებისთვის, როგორც წესი, ეს იყო სტადიონი ან ერთი-ორი სხვა რომელიმე ადგილი. თუმცა, ესეც კი ვერ წყვეტდა პრობლემას: ამ ადგილებში ღონისძიებების ჩატარება ხშირად პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
მაგალითად, 2018 წლიდან 2020 წლამდე ბრესტში აპროტესტებდნენ ბატარეების ქარხნის მუშაობას. მე და ჩემმა კოლეგებმა 360-ზე მეტი განაცხადი შევიტანეთ ღონისძიებების (პიკეტების, მსვლელობების, მიტინგების) ჩატარების მოთხოვნით, მაგრამ ყველა განცხადება უარყოფილი იქნა. ასეთი ვითარება იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ფაქტობრივად შეკრების თავისუფლება ბელარუსში დიდი ხანია აღარ არის. შესაბამისად, ყველამ იცის, რომ ღონისძიების კანონიერად ჩატარება შეუძლებელია. ადამიანები მონაწილეობენ არაავტორიზებულ საპროტესტო აქციებში, რისთვისაც მათ ისეთი ადმინისტრაციული სახდელები ეკისრებათ, როგორიცაა დაპატიმრება ან ძალიან დიდი ფულადი ჯარიმები, ამასთან ორგანიზატორებისთვის ჯარიმები კიდევ უფრო მაღალია. ასევე არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა: თუ, მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, მსვლელობა ან მიტინგი გზაზე გადაინაცვლებს და ამ დროს ავტობუსები ან ტროლეიბუსები ჩაივლიან, ავტომატურად ამოქმედდება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი მოძრაობის შეფერხების შესახებ.
აქ, საქართველოში, ვხედავ, რომ ხელისუფლებისა და პოლიციის პოზიცია ასეთია: თუ ბევრი ხალხია, მოძრაობა შეიძლება შეფერხდეს. ბელარუსში ეს შეუძლებელია - რაც უნდა მასშტაბური იყოს დემონსტრაცია, სისხლის სამართლის საქმე მაინც ავტომატურად აღიძვრება. სახის ამოცნობისა და იდენტიფიკაციის კამერები დიდი ხანია დამონტაჟებულია.
ბელარუსი იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები ერთმანეთთან საუბარში ვცდილობთ პარალელების გავლებას: საქართველო ახლა 1995 წლის ბელორუსს ჰგავს. თავისუფლების სივრცე იკუმშება და ქვეყანა თანდათანობით მიიწევს 1996 წლის ბელარუსის დონისკენ, როდესაც ლუკაშენკამ ნოემბერში „რეფერენდუმი“ ჩაატარა და ძალაუფლება მიიტაცა.
თუმცა, შემდეგ იყო 2006, 2010, 2020 და 2021 წლების ბელარუსი. ყველა ეს პერიოდი წარმოადგენს ვითარების მკვეთრი გაუარესებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სივრცის შევიწროების ხარისხობრივ ნახტომებს. ამჟამინდელი „ბელარუსი 2025“ ყველაზე სასტიკი ვარიანტია.
თუმცა, ზოგიერთ სფეროში საქართველოს ხელისუფლება უფრო შორს წავიდა: შემოიღეს სასამართლოს ტერიტორიაზე პროტესტების აკრძალვა, ასევე აკრძალეს სასამართლოს შენობებსა და ეზოებში ფოტო და ვიდეოგადაღება. ასეთი რეგულაციები არც ბელარუსში და არც რუსეთში არ არსებობს.
შიშის ჩანერგვის კანონები
ადამიანის უფლებათა დამცველები აღნიშნავენ, რომ რეპრესიული კანონები შეიძლება ძლიერ შემაკავებელ ფაქტორად იქცეს. მკაცრი ზომები ნერგავენ დასჯის პირდაპირ ან ირიბ შიშს, რაც აიძულებთ ადამიანებს თავი შეიკავონ სახელმწიფოს მიერ არასასურველად მიჩნეული ქმედებებისგან.
ალექსანდრ ჩერკასოვი: რუსეთში კანონმდებლობის მსგავსი გამკაცრება დაემთხვა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას. 2022 წლის მარტში შემოიღეს კანონები არმიის დისკრედიტაციისა და არმიის შესახებ „ფეიკების“ (ყალბი ინფორმაციის) გავრცელების წინააღმდეგ. ეს კანონები არსებითად საბჭოთა კანონმდებლობის რეპლიკას წარმოადგენენ: ცილისწამება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ხოლო ანტისაბჭოთა ცილისწამება - შვიდ წლამდე. ეს კანონები მოგვიანებით კიდევ უფრო გამკაცრდა. სწორედ ამ კანონების თანახმად, პირველად, როდესაც ომის საწინააღმდეგო პლაკატს გამოფენდით, გაჯარიმებდნენ, ხოლო მეორე ჯერზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა და ციხეში ჩასმაც შეეძლოთ. სწორედ ეს მუხლები გამოიყენებოდა საზოგადოებაზე რეპრესიული კონტროლის განსახორციელებლად.
სინამდვილეში, თუ პლაკატით დაგაკავებენ და იცით, რომ ხელახლა დაკავების შემთხვევაში შეიძლება სამი ან მეტი წლით გაგიშვან ციხეში, ეს სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი ხდება.
ეს საბჭოთა ეპოქის გვიანდელი პრაქტიკის მსგავსი რამაა. 1950-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, ყველას დაპატიმრებას არ ცდილობდა - უბრალოდ საჭირო იყო ყველას შეშინება.
დაახლოებით ყოველ მეასე ადამიანს აპატიმრებდნენ. ეს აუცილებელი იყო ჯარიმების ეფექტიანობისთვის. მთლიანობაში, ისინი ცდილობდნენ ხალხის ე.წ. პრევენციული ზომებით დაკავებას: ჯერ გაგესაუბრებოდნენ, შესაძლოა, კომკავშირიდან ან უნივერსიტეტიდანაც გაერიცხეთ, სამსახურიდან გაეშვით, მაგრამ თუ ისევ „გამოიჩენდი“ თავს, იცოდი, აუცილებლად დაგაპატიმრებდნენ. 2022-2023 წლების რეპრესიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში ზუსტად ამ სქემით ხორციელდებოდა: დაახლოებით 20 000 ადმინისტრაციული საქმე აღიძრა ომის საწინააღმდეგო მიტინგების მონაწილეთა წინააღმდეგ მაშინ, როცა ათჯერ ნაკლები იყო სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობა. ახლა ვითარება მეტად გამკაცრებისკენ იცვლება, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში ასეთ ნახევარზომებს არ მიმართავენ. „პროფილაქტიკის“ ვარიანტი არ განიხილება და აქცენტი პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულზე ანუ პატიმრობით მუქარაზე კეთდება.
რომან კისლიაკის თქმით, ბელარუსში რეპრესიებს სისტემური სახე აქვს. 15-დღიან პატიმრობას შეიძლება მოჰყვეს სხვა რამდენიმე 15 დღიანი პატიმრობა ისე, რომ თვეების განმავლობაში ვერე დატოვოთ საპატიმრო. ეს ყველაფერი საზოგადოების დაღლილობას იწვევს და ამის გამოც კეთდება.
რომან კისლიაკი: რა თქმა უნდა, რეპრესიული ზომების მიღება, ადრე თუ გვიან, გარკვეულ შედეგებს იძლევა: ადამიანები იღლებიან, ჯარიმებს იღებენ ან იძულებულნი არიან, სასჯელი მოიხადონ. ბელარუსში არსებობდა პრაქტიკა, როდესაც ადამიანი შეიძლებოდა რამდენჯერმე დაეკავებინათ: მაგალითად ის მონაწილეობდა ერთ მიტინგში, ერთი კვირის შემდეგ - მეორეში, შემდეგ კიდევ ერთში - და თითოეული დაკავებისთვის იღებდა 15 დღიან პატიმრობას. საბოლოო ჯამში, ადმინისტრაციული ბრალდებით 60 დღეს ან მეტს იხდიდა, თუმცა შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს სისხლის სამართლის საქმეც შეიძლებოდა აღეძრათ. ასეთი პრაქტიკის წყალობით პირი ფაქტობრივად განუსაზღვრელი დროით რჩება საპატიმროში. ამიტომ, შედარებით მსუბუქ პერიოდშიც კი (ლუკაშენკას თქმით, „დემოკრატიის პარპაშის“ დროს), ძალიან ხისტ ზომებს იღებდნენ დაპატიმრებებისა და დარბევების სახით.
ბელარუსის ერთი თავისებურება ისიც იყო, რომ სპეციალური საპოლიციო მანქანები (მათ შორის წყლის ჭავლისა) მხოლოდ ბოლო წლებში, 2020 წლის წინ შეიძინეს. მანამდე პოლიციელები უბრალოდ შეესეოდნენ მომიტინგეებს, რომლებსაც იჭერდნენ, სცემდნენ და მიათრევდნენ. სწორედ ასეთი ფლეშბექებია, რომლებსაც ვხედავთ.
ის, რაც 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოში ხდებოდა, ასევე ნანახი მაქვს: მოდიან პოლიციის მხარდამჭერები ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, შავ ფორმაში, ნომრების გარეშე, სახე დაფარული აქვთ. შემდეგ ისინი აფთიაქებსა და მაღაზიებში დასდევენ და იჭერენ მიტინგის მონაწილეებს. ეს ჩვენი ისტორიაა, როცა ზედმიწევნით იჭერენ ყველას და არა მხოლოდ იმათ, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.
საქართველოში ვითარება, რა თქმა უნდა, უარესდება, კანონმდებლობა უფრო ხისტი ხდება, მაგრამ თავისუფლება ჯერ ისევ არის და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი შედარება იმასთან, რაც ბელარუსშია.
ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ბელარუსში დიდი ხნის წინ დასრულდა. როდესაც ხალხი გადიოდა ქუჩაში, იყო ცხადი გაგება, რომ ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა დაეპატიმრებინათ და ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცათ. მთლიანობაში სხვადასხვა დროს 5000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი იყო ბელარუსში. პოლიცია ახდენდა ადამიანების იდენტიფიცირებას და იჭერდა იმათაც კი, ვინც ქვეყნიდან წავიდნენ და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდნენ. ამიტომ ახლა პრაქტიკულად არავინ გადის აქციებზე.
რაც ახლა საქართველოში ხდება - ეს ეტაპი ბელარუსმა უკვე გაიარა. ამ მიმართულებით, როგორც მე ვხედავ, გარკვეული გაუარესებაა, თუმცა სრული კონტროლის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორია.
არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაკვეთილები
ალექსანდრ ჩერკასოვი იხსენებს საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობას და წინააღმდეგობის არაძალადობრივ ფორმებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მისი თქმით, სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლა ათწლეულების განმავლობაში არ შეწყვეტილა, ცვლილებები ძალადობის გარეშე მოხდა.
ალექსანდრ ჩერკასოვი: საბჭოთა კავშირში, ე.წ. მოძმე სოციალისტურ ქვეყნებში, დისიდენტური მოძრაობა ძალიან ხანგრძლივი და, ერთი შეხედვით, უიმედო იყო. ეს იყო ერთგვარი დისიდენტური სადღეგრძელო, ჩვენს უიმედო საქმეს გაუმარჯოსო, რომელიც რომელიღაც ორუელისეულ 1984 წელს სრულიად უიმედოდ მოჩანდა. მაგრამ თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სწორედ იმ ადგილებში, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს არ შეწყვეტილა და ბევრი ადამიანის, და არა ერთი-ორი პიროვნების, საქმე იყო, ცვლილებები ყველაზე არაძალადობრივი გზით განხორციელდა.
ავიღოთ მაგალითად ლიეტუვა, რომელმაც 1940-იან და 1950-იან წლებში, სხვებზე უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწია საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას და საბჭოთა ოკუპაციას. შედეგად ლიეტუვის არაძალადობრივმა მოძრაობამ მიაღწია გამარჯვებას. მიმაჩნია, რომ არაძალადობრივი ბრძოლის ათწლეულების გამოცდილება 1960-80-იან წლებში, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ეგიდით (და არა ხელმძღვანელობით) მიმდინარეობდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სრულიად განსხვავებული მაგალითი სხვა რეგიონიდან - ყირიმელი თათრების ბრძოლა სამშობლოში დაბრუნებისთვის, რომელიც 1950-იან წლებში დაიწყო და, რასაც აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები ახლდა თან. მუსტაფა ჯემილევმა 15 წელი გაატარა ციხეებსა და ბანაკებში. მიუხედავად ამისა, ამ არაძალადობრივმა ბრძოლამ საბოლოოდ განსაცვიფრებელი შედეგი გამოიღო ყირიმელი თათრების დაბრუნებითა და მეჯლისის არჩევნებით.
გასაგებია, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ არაძალადობრივი მოქმედების გამოცდილებამ და ამ ბრძოლიდან გამოსულმა ლიდერებმა მიიყვანა ყირიმელი თათრები თავიანთი მიზნის მიღწევამდე 1990-იანი წლების დასაწყისში. მე არ შევაფასებდი თბილისში საპროტესტო აქციების მიმდინარეობას ამ პერსპექტივიდან, მაგრამ, როგორც ერთმა შესანიშნავმა პოეტმა თქვა, ტყუილუბრალოდ არაფერი ხდება.
ფორუმი