Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი გმობს თანაგრძნობის ნაკლებობას ღაზაში პალესტინელების მიმართ


ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი
ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა 25 ივლისს მწვავედ გააკრიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობა თვალის დახუჭვისთვის ღაზაში მოშიმშილე პალესტინელთა მიმართ და ამას უწოდა "მორალური კრიზისი, რომელიც გლობალურ სინდისს უქმნის გამოწვევას". გუტერეშის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო ფრანს პრესი (AFP).

"ვერ ვხსნი გულგრილობისა და უმოქმედობის იმ დონეს, რომელსაც ვხვდებით საერთაშორისო თანამეგობრობის უამრავს წევრს შორის - თანაგრძნობის ნაკლებობას, სიმართლის ნაკლებობას, ჰუმანურობის ნაკლებობას", - უთხრა გუტერეშმა უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის გლობალურ ყრილობას ვიდეოჩართვით.

"ეს მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი არ არის. ესაა მორალური კრიზისი, რომელიც გლობალურ სინდისს უქმნის გამოწვევას. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე ლაპარაკს, ყველა შესაძლებლობისას".

ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში დრამატულად მატულობს მოშიმშილე ბავშვების რიცხვი. ღაზას ისრაელმა მარტში ბლოკადა დაუწესა, ჰამასთან თავისი მიმდინარე ომის ფონზე. ეს ბლოკადა ორი თვის წინ ნაწილობრივ შემსუბუქდა.

ღაზაში დახმარების შეტანას მას მერე აკონტროლებს ისრაელისა და აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი ღაზის ჰუმანიტარული ფონდი (GHF) - რომელმაც ჩაანაცვლა დიდი ხნის განმავლობაში გაეროს ხელმძღვანელობით მოქმედი ქსელი.

ჰუმანიტარული ჯგუფები და გაერო უარს აცხადებენ GHF-სთან თანამშრომლობაზე და ამ ორგანიზაციას ისრაელის სამხედრო მიზნების მხარდაჭერაში სდებენ ბრალს.

გუტერეშის თქმით, ის მუდმივად გმობს 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის - აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჯგუფის - მხრიდან თავდასხმას სამხრეთ ისრაელზე, რასაც მოჰყვა ომი ღაზაში. თუმცა გუტერეში დასძენს - "არაფერი ამართლებს სიკვდილისა და ნგრევის იმ აფეთქებას, რაც მას მერე მოხდა".

"მასშტაბი და სიდიდე აჭარბებს ყველაფერს, რაც კი ბოლო დროში გვინახავს" - ამბობს გაეროს გენერალური მდივანი. - "ბავშვები ამბობენ, რომ სურთ სამოთხეში მოხვდნენ, რადგან იქ, მათი თქმით, საჭმელი მაინც იქნება. ვიდეოზარებით ვუკავშირდებით ჩვენს ჰუმანიტარულ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ შიმშილობენ... თუმცა სიტყვები მშიერ ბავშვებს ვერ დააპურებს".

გაეროს გენერალური მდივანი ასევე გმობს 27 მაისიდან - ანუ მას მერე, რაც GHF-მა დაიწყო მუშაობა - 1000-ზე მეტი პალესტინელის დახოცვას მაშინ, როცა ისინი საკვების მიღებას ცდილობდნენ დახმარების სახით.

"გვჭირდება მოქმედება - დაუყოვნებელი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა, მძევალთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება, დაუყოვნებელი და შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე", - ამბობს გაეროს გენერალური მდივანი.

გუტერეშის თქმით, გაერო მზადაა "დრამატულად გაზარდოს ჰუმანიტარული ოპერაციები" ღაზაში, თუკი ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG