Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოს ჩვენებას მისცემს - მან შესავალი სიტყვით ისარგებლა


გიორგი ბაჩიაშვილი, სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე. 30 ივლისი 2025 წელი
გიორგი ბაჩიაშვილი, სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე. 30 ივლისი 2025 წელი

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოს ჩვენებას მისცემს. მისი ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოში "კრიპტოვალუტის მითვისების" საქმე განიხილება, რაზეც მას 11 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მანამდე, გიორგი ბაჩიაშვილმა შესავალი სიტყვებით ისარგებლა, ისაუბრა საქმესთან მიმართებით, ასევე საქართველოში მისი ჩამოყვანისა და საპატიმროში ცემასთან დაკავშირებით.

ბაჩიაშვილის თქმით, მისი "დევნის უკან რეალური მიზეზი არის. რა თქმა უნდა, პოლიტიკური და პირადი შურისძიება", ვინაიდან მან "უარი თქვა იმ საწყის დროს [ორი წლის წინ] ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და იმ ანტიდასავლურ ქმედებებზე", რომლისთვისაც დღეს "მთელი ჩვენი მთავრობა, ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა (მიმართა მოსამართლეს) და ძალიან ბევრი ამ პატივცემული პროკურორის კოლეგა არის დასანქცირებული".

ბაჩიაშვილის განცხადებით, "ნული ნდობა" აქვს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ". მის წინააღმდეგ საქმე "შეკერილია" და მასში "არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის პირადი ჩვენებისა".

ისაუბრა საქართველოში "ძალით" ჩამოყვანაზე და მისამართლეს მიმართა: "მე დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ მოტაცებული, მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე. მინდა, რომ იცოდეთ, ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით ასე არის, ვითომ რომ მიპოვეს თეთრი "მაიკით" და თეთრი ფეხსაცმლით სადღაც მდინარეგადმოცურული, ეს არის სიცრუე".

მისი სიტყვებით, "ამ მოტაცებაზე გამოძიების დაწყება" მოითხოვა 29 მაისს და "არცერთი ადამიანი არ დაუკითხიათ, არც მე დავუკითხივარ, არც ჩანაწერი ამოღებულა, არც დაზარალებულად არ ვცნობილვარ, არანაირი პროცედურა არ გაუტარებიათ და როცა აქ ჩამომიყვანეს ტყვეობაში, მომიწყვეს წამება".

"დღეს აქ მითვისების საქმეს კი არ ვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ გამოძალვის საქმეს. ჩვენ ვიხილავთ ჩემი დატყვევების საქმეს და ჩემი წამების საქმეს. მითვისებასთან ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო", - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა და დაამატა, რომ პროკურატურის და სასამართლო სისტემა "21-ე საუკუნის საქართველოს "მხედრიონია" და ვარ მე დღეს გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს წამებით. წამებაზე ორი დღით ადრე ზუსტად ციხის უფროსმა შემიყვანა კაბინეტში და მითხრა "ივანიშვილს გაუხსენი ახლა ყველა შენი საფულეებიო, თორე ხო იცი, რანაირი ხალხი ზის ციხეშიო".

ბაჩიაშვილის თქმით, მის მიმართ "არც ერთ ეტაპზე სამართალი არ განხორციელებულა" "მიდის პირადი გამოძალვა და ეს ესენი არიან "მხედრიონის" გამომძალველები", - მან მოსამართლეს მიმართა, - "ნუ გახდებით ამ გამომძალველი, ამ დანაშაულებრივი მანქანის ხელში იარაღი"

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის გადაღების უფლება მისცეს ტელეკომპანიებს "იმედსა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს არის პირველი შემთხვევა, მედიისთვის ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, როცა სხდომაზე კამერა დაუშვეს.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები 27 ივნისს შევიდა ძალაში. ცვლილებებით, სასამართლოში და სასამართლოს ეზოში ფოტოსა და ვიდეოს გადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია აიკრძალა, გადაღებაზე ნებართვა კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გასცეს.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. მალევე გიორგი ბაჩიაშვილის ვრცელი წერილი გამოაქვეყნეს მისმა ადვოკატებმა, სადაც პატიმარი წერს, რომ მას 11 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდა საკანში მისთვის უცნობი პირი. მისივე ინფორმაციით, მანამდე, 8 ივლისს, ის #8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა.

გიორგი ბაჩიაშვილს დასჭიდა სამედიცინო დახმარება. 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს #8 დაწესებულებაში. მომდევნო დღეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რომლითაც უწყება ციხეში გიორგი ბაჩაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა, ეს იყო „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“.

ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.

ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი", - აცხადებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუსი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბაჩიაშვილი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად".

გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს" და მას წამების საფრთხე ემუქრება.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე, ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.

პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG