Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაზე, ძირითადად, კიევზე შეტევისთვის 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა


უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო და შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო კიევში რუსული რაკეტით განადგურებულ სახლთან. 2025 წლის 31 ივლისი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო და შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო კიევში რუსული რაკეტით განადგურებულ სახლთან. 2025 წლის 31 ივლისი

უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევისას, რომელსაც 31 ივლისს კიევში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, რუსეთის ჯარებმა 309 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერი“ გამოიყენეს. ამის შესახებ დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.

დარტყმის მთავარი მიმართულება იყო დედაქალაქი კიევი.

საჰაერო ძალების ცნობითვე, მოგერიებულია 288 დრონი და 3 ფრთოსანი რაკეტა. სარდლობა ადასტურებს, რომ მოუგერიებელი 5 რაკეტიდან ერთი კიევში სახლს მოხვდა. საერთო ჯამში, 5 რაკეტით და 21 დრონით პირდაპირი დარტყმა იყო 12 ადგილზე, ძირითადად, კიევში.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დილის 10 საათის მდგომარეობით, კიევში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბიჭი.

დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. მათგან 30 ჰოსპიტალიზებულია. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაჭრილებს შორის 9 ბავშვია, რაც ომის დაწყების შემდეგ კიევში ერთი ღამის განმავლობაში დაშავებული ბავშვების ყველაზე დიდი რიცხვია.

განახლება: დღის 12 საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაშავებულია 82 ადამიანი. მათგან 44 ჰოსპიტალიზებულია.

განახლება: დღის პირველი საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ კიევში, სადაც სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

კიევის სვიატოშინსკის რაიონში რუსულმა რაკეტამ მთლიანად დაანგრია მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო. სერიოზულად დაზიანდა სოლომენსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სახლიც.

კიევში დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობებიც, მათ შორის საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და რკინიგზა.

კიევის ოლქის ბუჩის რაიონში დაზიანებულია მაღაზიები და საწყობები. საოლქო ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.



ფორუმი

XS
SM
MD
LG