თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პარასკევს სტამბოლში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და ლიბიის პრემიერ-მინისტრ აბდულჰამიდ დბეიბაჰს უმასპინძლა სამიტზე, რომელიც მიგრაციის საკითხებს, თანამშრომლობის გაძლიერებასა და ლიბიის პოლიტიკური სტაბილურობის მხარდაჭერას ეხებოდა.
დახურული სხდომის შემდეგ მელონის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამივე მხარემ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერება განიხილეს, დაწყებული მიგრაციული ნაკადების მართვით.
მელონიმ აღნიშნა, რომ თურქეთთან მიგრაციის კონტროლის სფეროში თანამშრომლობამ „შესანიშნავი შედეგები“ მოიტანა და დასძინა, რომ ანკარასთან ერთად მიღებული გამოცდილება ლიბიის მთავრობას მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში გამოადგება - ნათქვამია მისი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერდოანმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მიგრაციის ძირითადი მიზეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა „გრძელვადიანი და მდგრადი“ გადაწყვეტილებები.
ლიბია აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ომსა და სიღარიბეს გამოქცეული მიგრანტებისთვის მთავარი სატრანზიტო პუნქტია. ქვეყნის სანაპიროსთან ხშირია მიგრანტების დახრჩობის შემთხვევები. დეკემბერში ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ზუვარასთან სულ მცირე 61 მიგრანტი დაიხრჩო, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ფორუმი