გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა 1 აგვისტოს "გაუსაძლისი" უწოდა ღაზის სექტორში შექმნილ ვითარებას. მინისტრი გამოვიდა დაპირებით, რომ დახმარების სახით კიდევ 5 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი, და ასევე ისრაელის ნაბიჯების კრიტიკით - რომლებსაც, ვადერფულის თქმით, შესაძლოა ისრაელის დიპლომატიური იზოლაციის გაღრმავება მოჰყვეს. ამ ცნობებს ავრცელებს სააგენტო dpa.
გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის, თუ რამდენად სწრაფად გაუმჯობესდება ღაზაში ვითარება - უთხრა იოჰან ვადეფულმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-ის საღამოს გადაცემაში. "ღაზის სექტორის ხალხისთვის სიტუაცია ძირეულად უნდა გამოსწორდეს. ამას მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს და არის საფრთხე ისრაელი სულ უფრო რთულ პოზიციაში აღმოჩნდეს" - თქვა მინისტრმა.
პარასკევს ისრაელში ვიზიტისას ვადეფულმა ხაზი გაუსვა სიტუაციის სიმწვავეს. "ჩვენ სასწრაფოდ გვესაჭიროება ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება" - თქვა მინისტრმა. მისი თქმით, ვითარებამ იმდენად განიცადა ესკალაცია, რომ ისრაელი სულ უფრო იზოლირებული ხდება გლობალური ასპარეზიდან. "ეს გერმანიას გულგრილს ვერ დატოვებს" - თქვა ვადეფულმა.
ღაზაში ამჟამად მიმდინარე საბრძოლო კამპანიას ბიძგი მისცა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მებრძოლების მხრიდან 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთზე განხორციელებულმა თავდასხმამ, რომლის დროსაც მოკლეს 1200-მდე ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
ისრაელის მხრიდან საპასუხო ომის შედეგად ღაზის სექტორი - სადაც ორ მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს - დიდწილად ნანგრევებადაა გადაქცეული. ჰამასის მიერ მართული ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 60 000-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა სამოქალაქო პირია.
მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ექსპერტები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ღაზაში ვითარდება "შიმშილის ყველაზე მძიმე სცენარი".
გერმანია კიდევ 5 მილიონ ევროს გამოყოფს ღაზის მოსახლეობის დასახმარებლად, თანხა გადაერიცხება გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამას - თქვა ვადეფულმა ისრაელსა და პალესტინელთა ტერიტორიებზე ვიზიტისას პარასკევს. ვადეფულმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა სწრაფად აღადგინოს გაეროსთან თანამშრომლობა, რადგან გაეროს სააგენტოებმა "მკაფიოდ აჩვენეს, რომ თუ საშუალება მიეცემათ და თუ უსაფრთხო გარემოში იმუშავებენ, მათ შეუძლიათ ღაზაში მთელს მოსახლეობას საკმარისი დახმარება მიაწოდონ".
გერმანიის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ პალესტინელთა ტერიტორიებისთვის ამ ქვეყნის მიერ გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარება 330 მილიონ ევროს აჭარბებს.
ვიზიტის ფარგლებში ვადეფული ჩავიდა დასავლეთის სანაპიროზე და ისრაელი გააფრთხილა ამ ტერიტორიის ანექსირების წინააღმდეგ. ვადეფულმა დაგმო ებრაელი ახალმოსახლეების მხრიდან მზარდი ძალადობა პალესტინელთა მიმართ და გააკრიტიკა დასავლეთის სანაპიროზე ისრაელის მხრიდან ქონების ანექსირება - რასაც, მისი თქმით, გერმანია არ აღიარებს.
პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან რამალაში შეხვედრის შემდეგ ვადეფულმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს "პალესტინელთა უფლებას ჰქონდეთ თავიანთი სახელმწიფო პოლიტიკური პროცესის ბოლოს". ვადეფულის თქმით, ჰამასს ამ მომავალ სახელმწიფოში არანაირი როლი არ უნდა ჰქონდეს.
ფორუმი