Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვგმობთ ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას" - ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები ნინო დათაშვილის საქმეზე


ნინო დათაშვილი
ნინო დათაშვილი

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები და სპეციალისტები ქართულ მართლმსაჯულების სისტემას მიმართავენ და ხელმოწერებს აგროვებენ, დაკავებულ აქტივისტ, ნინო დათაშვილთან დაკავშირებით.

სპეციალისტები გმობენ “ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას”, რადგან ეს არის “პოლიტიკური რეპრესიების ჩვეული მეთოდი ავტორიტარულ და დიქტატორულ სისტემებში” და მოუწოდებენ მართლმსაჯულების სისტემას, რომ "ჩანასახშივე აღმოფხვრას" ნებისმიერი ასეთი მცდელობა.

2 აგვისტოს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა და სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

“საბჭოთა კავშირში დისიდენტების საზოგადოებისგან იზოლაცია მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებითი მოთავსებისა და "მკურნალობის" გზით პოლიტიკური ანგარიშსწორების ჩვეული ხერხი იყო. ამგვარ პრაქტიკას, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ენიჭება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია.

არც საქართველო წარმოადგენდა ამ თვალსაზრისით გამონაკლისს - საკმარისია გავიხსენოთ ჟურნალისტი ნაზი შამანაურის შემთხვევა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის გამო იძულებით მოათავსეს ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ცემით მოკლეს”, - აღნიშნულია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების განცხადებაში.

ნინო დათაშვილის შემთხვევას ისინი განსაკუთრებით საგანგაშოდ თვლიან რამდენიმე ფაქტორის გამო:

  • 6 წლის წინ, წელის მალთაშუა დისკის დაზიანებით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული ტკივილის ფონზე, მას ფსიქო-ემოციური სფეროს სირთულეები განუვითარდა. ეს არის ბუნებრივი და გავრცელებული რეაქცია ქრონიკულ ტკივილზე საპასუხოდ.
  • სამედიცინო ფორმა 100-ში მას, ძირითად დიაგნოზთან ერთად, ემოციური ლაბილობაც ჩაუწერეს, რაც არ წარმოადგენს კლინიკურ დიაგნოზს აშლილობების არცერთი კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით.


“ფაქტი, რომ პროკურატურამ სწორედ ეს ხანდაზმული ამბავი გამოიყენა შეურაცხადობაზე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლად, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, მიგვანიშნებს დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ ფსიქიატრიის პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობაზე.

შედეგად, ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს”, - მიუთითებენ სპეციალისტები თავიანთ მიმართვაში.

აღნიშნავენ ასევე, რომ "ემოციური ლაბილობა აწუხებს ყოველ მეოთხე ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც" და “ამის გამო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, ამ ექსპერტიზის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში თავად პირის მონაწილეობის გარეშე, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და შესაძლოა გავუტოლოთ არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას”, ხოლოთუკი ეს პრაქტიკა გაგრძელდება და მედიცინა ანგარიშსწორების იარაღად იქცევა - “ნაზი შამანაურის მსგავსი ტრაგედიები შესაძლოა გახდეს ჩვენი ახალი რეალობა და ყოველდღიურობა”.

პროკურატურის განმარტებით, ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა იმის გამო, რომ, დაცვის მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში, ნინო დათაშვილის თანმხლებ დაავადებად ფსიქო-ემოციური ლაბილობაა მითითებული.

“გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა“, - ნათქვამია 2 აგვისტოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინო დათაშვილის უფლებების დამცველი ორგანიზაციის - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ხელმძღვანელი, ადვოკატი თამარ გაბოძე აცხადებს, რომ „პროკურატურამ აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდს მიმართა” და დათაშვილის შემთხვევაში “სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვა სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება".

ადვოკატის თქმით, სამედიცინო ჩანაწერებში, რომელიც დაცვის მხარემ პირველი წარდგენის სხდომაზე გადასცა პროკურატურას, მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მძიმე დიაგნოზი: ხერხემლის მალთაშუა დაზიანება, თიაქარი და რადიკულიტი, რის თანმხლებ სიმპტომადაც მითითებულია ემოციური ლაბილობა, მაგრამ ეს “არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი”.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურამ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება 20 დღის ვადით გადაწყვიტა, იმ ფონზე, როცა გამოძიება დასასრულს მიუახლოვდა და უფრო მკაფიოდ დადგა აუცილებლობა, რომ ბრალდების მხარეს “უფრო მაღალი სტანდარტით დაემტკიცებინა და დაედასტურებინა ნინო დათაშვილის პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობა”.

“რაც იმას ნიშნავს, რომ ნინოს პატიმრობა გაახანგრძლივა უკანონოდ, ამჯერად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში“, - ამბობს თამარ გაბოძე.

დაცვის მხარემ გასაჩივრების გადაწყვეტილება მიიღო.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს, მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით - თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეეხება საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

სასჯელად განსაზღვრულია ჯარიმა ანდა 4-დან 7 წლამდე პატიმრობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG