კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელიც „შესაბამის რეგიონებში“ ორი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავის გაგზავნას ეხებოდა, განაცხადა, რომ „ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ბირთვული რიტორიკის მიმართ“.
ეს იყო კრემლის პირველი რეაქცია ტრამპის მიერ წყალქვეშა ნავების განლაგებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 1 აგვისტოს აშშ-ის მიმართ მუქარის საპასუხოდ იქნა მიღებული. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა Telegram-ის არხზე მიმართა აშშ-ს.
„ზოგადად, რა თქმა უნდა, მე არ მინდა ასეთ დავაში ჩართვა და არ მინდა ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთება“, - მოჰყავს პესკოვის სიტყვები „ინტერფაქსს“.
კითხვაზე, უნდა სთხოვოს თუ არა კრემლმა დიმიტრი მედვედევს „ონლაინ კონფრონტაციული ტონის შერბილება“, პესკოვმა უპასუხა, რომ „თითოეულ ქვეყანაში მმართველობის წევრებს განსხვავებული აზრი აქვთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ“. „მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პუტინის პოზიციაა“, - დაასკვნა პესკოვმა.
ივლისის ბოლოს მედვედევმა სოციალურ ქსელ X-ში ტრამპს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთისადმი მისი ულტიმატუმები შეიძლება „ომისკენ გადადგმული ნაბიჯი“ იყოს. მან ტრამპს მოუწოდა, არ გაჰყოლოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გზას, რომელსაც მოსკოვი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაში ადანაშაულებდა.
„მე გავეცი ბრძანება ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების შესახებ შესაბამის რაიონებში, იმ შემთხვევაში, თუ [მედვედევის] ეს სულელური და პროვოკაციული განცხადებები უბრალოდ სიტყვებზე მეტი აღმოჩნდება“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth-ზე საპასუხოდ. „სიტყვებს მნიშვნელობა აქვს და ხშირად შეიძლება გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს არ მოხდება“, - თქვა ტრამპმა.
ფორუმი