მსჯავრდადებული ჟურნალისტის, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას აფასებს მუხლის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მოსამართლის მიერ 6 აგვისტოს, განაჩენის გამოცხადებისას გადაკვალიფიცირებული მუხლი ისეთივე აბსურდულია მზია ამაღლობელის მიმართ, როგორიც იყო ის მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობდა - “პოლიციელზე თავდასხმის” მუხლი.
მაია მწარიაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით სისტემა „თავის გადარჩენას“ შეეცადა:
„ვერც პოლიციელზე თავდასხმა დაამტკიცა და ვერც ის დაამტკიცა, რომელი მუხლითაც გადაკვალიფიცირდა ეს ბრალი. სამართლებრივად ერთი და იგივეა, ერთნაირად უკანონოა, გინდ 2 წელი იყოს და გინდ 4 წელი. ამ წუთას სისტემამ იმუშავა საკუთარი თავის გადარჩენაზე. ყველამ გაიგო ამ ქვეყანაში, რომ ის, რასაც მზიას ბრალად ჰქონდა შერაცხული, არ იყო თავდასხმა პოლიციელზე. ამიტომ მათ მოუწიათ ამის აღიარება, თუმცა 353-ე მუხლი ისეთივე აბსურდია, ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი, განაცხადი, რომ ამ ადამიანს სჯიან პოლიტიკური ღირებულებითი არათავსებადობის გამო მათთან და იმისათვის, რომ მათი თამაშის წესებით არ ითამაშა.
თუნდაც ამ ახალი მუხლის პირობებში, რომელიც ისეთივე უკანონოა, დღეს სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც ჯარიმა და დარბაზიდან გათავისუფლება და შეეძლო პირობითი მსჯავრის დადგენა“, - ამბობს მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და საპატიმრო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.
მზია ამაღლობელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ამ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოსთან შეკრებილები პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ: "მონებო!"
ფორუმი