აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ალიასკაზე გაიმართება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა შეხვედრის ადგილად ალასკის შერჩევა რუსეთთან სიახლოვით ახსნა. „რუსეთი და აშშ ახლო მეზობლები არიან, ისინი ერთმანეთს ესაზღვრებიან და საკმაოდ ლოგიკურია, რომ ჩვენი დელეგაცია უბრალოდ ბერინგის სრუტეზე გადაფრინდეს და ორი ქვეყნის ლიდერების ასეთი მნიშვნელოვანი სამიტიც სწორედ ალასკაზე გაიმართოს. სხვათა შორის, ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესები იკვეთება ალასკასა და არქტიკაში და არსებობს მასშტაბური და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივები“.
ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იყიდა ალასკა შეერთებულმა შტატებმა რუსეთისგან გარემოცულია პოეტური ლეგენდებით, თუმცა ლეგენდებისგან განსხვავებით, სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით პროზაულად მოხდა: რუსეთის იმპერიამ და აშშ-მა ორმხრივად მოგებიანი გარიგება დადეს.
რუსული ამერიკის მოკლე ისტორია
რუსული ამერიკის მიწები ევროპელებმა 1732 წელს აღმოაჩინეს, მათი ათვისება კი 1741 წლიდან იწყება, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროს კვლევას ვიტუს ბერინგისა (Vitus Jonassen Bering) და ალექსეი ჩირიკოვის მეორე კამჩატკური ექსპედიცია შეუდგა. ბეწვისა და ზღვის წავის დევნაში რუსი ვაჭრები სულ უფრო ხშირად მიდიოდნენ ახალ სანაპიროებთან, რომლებსაც ჯერ არ შეხებოდათ მასობრივი რეწვის "მსახვრალი ხელი". ვაჭრობასთან ერთად, პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე კონფლიქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან - ალეუტებთან და ტლინკიტებთან. ჯერ კიდევ 1763–1765 წლებში ალეუტების კუნძულებზე მოხდა პირველი აჯანყება, რომელიც რუსმა მრეწველებმა ჩაახშეს. 1772 წელს ალეუტების კუნძულ უნალასკაზე დაარსდა პირველი მუდმივმოქმედი რუსული სავაჭრო დასახლება. 1784 წლის ზაფხულში ვაჭარ გრიგორი შელიხოვის ექსპედიციამ ალეუტის კუნძულებზე რუსული დასახლება კოდიაკი დააფუძნა. კოლონიზაციას ადგილობრივი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაც ახლდა თან. შელიხოვი იქცა ციმბირში ბეწვეულის ვაჭრობისა და ამერიკაში რუსი ვაჭრების ძალაუფლების საკვანძო ფიგურად.
ეკატერინე II-ის მმართველობის დროს საქმიანი ადამიანები გამოვიდნენ რუსული ამერიკის ათვისებისთვის მონოპოლიური კომპანიის შექმნის ინიციატივით, თუმცა რუსეთის იმპერატორმა მხარი არ დაუჭირა შეთავაზებულ პროექტს. შელიხოვი, რომელმაც თავისი „ჩრდილო-აღმოსავლეთის კომპანია“ 1791 წელს დააარსა, 1795 წელს გარდაიცვალა ირკუტსკში. 1799 წელს კი იმპერატორი პავლე I დათანხმდა შელიხოვის სიძის, ნიკოლაი რეზანოვის თხოვნას, გარდაცვლილი შელიხოვის სარეწების გაერთიანების საფუძველზე შექმნილიყო რუსულ-ამერიკული კომპანია. მართლაც, სულ მალე სანქტ-პეტერბურგში გაიხსნა ამ კომპანიის წარმომადგენლობა, ხოლო კომპანიის აქციონერები გახდნენ იმპერატორის ოჯახის წევრები. კომპანიის ხელმძღვანელად თვითონ ნიკოლაი რეზანოვი დაინიშნა. 1799 წელს პავლე I-მა დაამტკიცა რუსულ-ამერიკული კომპანიის (РАК) წესდება, რომელიც ერთგვარი კერძო-სახელმწიფო პარტნიორობა იყო. სააქციო საზოგადოებას დაევალა მართვა და ათვისება შორეული ტერიტორიისა, რომელიც ფორმალურად ციმბირის, შემდეგ კი აღმოსავლეთ ციმბირის საგენერალგუბერნატოროს ნაწილი იყო.
რუსული ამერიკის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა ძვირფასი ბეწვეულის, ზღვის წავებისა და ლომების რეწვა. პირველი მთავარი მმართველი იყო ალექსანდრ ბარანოვი, რომელიც სასტიკ მეთოდებს იყენებდა ახალი დასახლებების შესაქმნელად და ვაჭრობის გასაფართოებლად, რაც იწვევდა აბორიგენი მოსახლეობის უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას.
„კუნძულ კადიაკის მაცხოვრებლების მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ თუ არაფერი შეიცვლება, 20 წელიწადში კუნძულზე ამჟამინდელი 4000 ადამიანიდან 200-იც კი აღარ დარჩება“, - წერდა გემ „ნევას“ კაპიტანი იური ლისიანსკი. ადგილობრივების თქმითაც, ისინი ხშირად უმიზეზოდ განიცდიან სასტიკ ცემასა და შეურაცხყოფას, ხოლო უკიდურესი გაჭირვების, მძიმე სამუშაოს, ცემისა და ოჯახებისგან ხანგრძლივი მოწყვეტის გამო, მათი ხალხი წლიდან წლამდე შესამჩნევად მცირდება და ფიქრობენ, რომ „თუ მათ ისე მოექცევიან, როგორც ახლა ექცევიან, მაშინ ისინი მთლიანად გადაშენდებიან და, რომ ასე არ მოხდეს იძულებულნი იქნებიან მთებში გაიქცნენ და იქ ხის ფესვების ჭამით ირჩინონ თავი“.
1802-1805 წლებში ინდიელებთან მიმდინარე ომი კოლონისტების სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა წინააღმდეგობამ შეანელა რუსების წინსვლა ამერიკის სიღრმეში. 1802 წელს ტლინკიტებმა აიღეს კუნძულ სიტკაზე მდებარე მიხეილის ციხესიმაგრე, თუმცა მალე ისინი დაამარცხა ბრიტანულმა რაზმმა გემ „უნიკორნიდან“, რომელმაც გადარჩენილები კადიაკზე გადაიყვანა. 1804 წელს ბარანოვი ოთხი გემით ჩავიდა სიტკაში, ალყა შემოარტყა ინდიელთა ციხესიმაგრეს და საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ტლინკიტები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. 1804 წლის 8 ოქტომბერს მათ ციხესიმაგრეზე რუსეთის დროშა აღიმართა. დაიწყო ფორტისა და ახალი დასახლების მშენებლობა. დაარსდა ქალაქი ნოვო-არხანგელსკი, სადაც, ინდიელებთან ზავის დადებისა და ვაჭრობის აღდგენის შემდეგ, გადაიტანეს რუსულ-ამერიკული კომპანიის დედაქალაქი. თუმცა მიუხედავად ამისა, კოლონისტები ზღვის წავებზე ნადირობისას მუდმივად იმყოფებოდნენ შეიარაღებული გემების მეთვალყურეობის ქვეშ.
ფაქტობრივად, დაპირისპირება არაფორმალური კომპრომისით დასრულდა. ადგილობრივმა ტომებმა ვერ შეძლეს რუსების განდევნა, მაგრამ მათ დაიცვეს თავიანთი სანადირო ადგილები კონტინენტზე და შეინარჩუნეს რეალური დამოუკიდებლობა, ხოლო რუსულ-ამერიკულმა კომპანიამ, მიუხედავად იმისა, რომ ტლინკიტები ვერ დაიმორჩილა, შეძლო თავისი მოგებიანი საქმიანობის გაგრძელება სანაპიროსა და კუნძულებზე. მხარეებს შორის ურთიერთობა დაძაბული დარჩა, პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე კონფლიქტები და შეიარაღებული შეტაკებები. არსებობს ვარაუდი, რომ ტლინკიტების აშკარა, ერთმნიშვნელოვანი გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა ტერიტორია დროთა განმავლობაში ბრიტანული კანადის ხელში გადასულიყო.
კამერჰერ ნიკოლაი რეზანოვს, რომელიც 1805 წელს რუსულ ამერიკაში ინსპექტირების მიზნით ჩავიდა, მოუწია დანგრეული კოლონიის ცხოვრების აღდგენა-გაუმჯობესება და ესპანურ კალიფორნიასთან ვაჭრობისთვის (ხორბლის შესასყიდად) ახალი გემების მშენებლობა. მისმა ექსპედიციამ (გემებით „იუნონა“ და „ავოსი“) კომპანიის ხელმძღვანელი 1806 წელს ჩაიყვანა სან-ფრანცისკოში, სადაც მან დიდი რაოდენობით ხორბალი შეიძინა. სწორედ აქ ქვრივი რეზანოვი შეხვდა კალიფორნიის გუბერნატორის ქალიშვილს, კონჩიტას და დაინიშნა მასზე. რეზანოვი გეგმავდა რუსეთის იმპერატორისთვის ეთხოვა პაპთან შუამდგომლობა, კათოლიკე ქალის მართლმადიდებელ მამაკაცზე ქორწინებაზე თანხმობის მისაღებად. თუმცა სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალ გზაზე ნიკოლაი რეზანოვი გაცივდა და კრასნოიარსკში გარდაიცვალა. კალიფორნიელი ლამაზმანი მარია დე ლა კონსეფსიონ მარსელა არგელო ერთხანს ელოდა გულის სწორის დაბრუნებას, თუმცა ცნობის მიღების შემდეგ მონასტერში წავიდა. სწორედ ეს სევდიანი ისტორია იქცა საბჭოთა პოეტის, ანდრეი ვოზნესენსკის პოემის „ავოსისა“ და ალექსეი რიბნიკოვის როკ-ოპერის „იუნონა და ავოსის“ საფუძვლად.
რეზანოვის წინადადებით, 1812 წელს, მმართველმა ალექსანდრ ბარანოვმა კალიფორნიაში დააარსა რუსული სასოფლო-სამეურნეო (აგრარული) დასახლება ფორტ როსი, სადაც ისინი ალასკისთვის მარცვლეულს თესავდნენ. დასახლებამ 1841 წლამდე იარსება (მაქსიმალური მოსახლეობა 200 ადამიანი), ვიდრე იგი რუსულ-ამერიკულმა კომპანიამ ამერიკელებს არ მიჰყიდა.
ამ დროის განმავლობაში ამერიკის მთელი რუსული მოსახლეობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, რადგან მთავრობამ შეზღუდა მიგრაცია ცენტრალური რუსეთიდან ციმბირსა და უფრო შორეულ ტერიტორიებზე. 1808 წელს სახელმწიფო საბჭომ უარყო რუსულ-ამერიკული კომპანიის მოთხოვნა ყმა გლეხების გადასახლების შესახებ და განაცხადა, რომ გლეხების გაშვება მიწის მესაკუთრეთა ნებართვის გარეშე თავადაზნაურობის ინტერესების დარღვევა იქნებოდა. 1817 წელს რუსულ ამერიკაში დაახლოებით 600 რუსი ცხოვრობდა.
1821 წელს მიღებულ იქნა რუსულ-ამერიკული კომპანიის საქმიანობის ახალი წესები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა ადმინისტრაციის თვითნებობას. ხაზგასმული იყო, რომ ადგილობრივები არა მხოლოდ ემორჩილებოდნენ „ზოგად სახელმწიფო კანონებს“, არამედ „სარგებლობდნენ კანონით გათვალისწინებული დაცვითაც“. კუნძულელების ქონება ხელშეუხებლად გამოცხადდა და „ყველა, ვინც მის წართმევას ან პირადი შეურაცხყოფის მიყენებას შეეცდებოდა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დასჯილიყო“. კომპანიას შეეძლო სამსახურში აეყვანა კოლონიის მამრობითი სქესის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი, არაუმეტეს 50 წლისა და არაუმცირეს 18 წლისა, რომლებიც კომპანიისგან მიიღებდნენ „სათანადო ტანსაცმელს, საკვებს, კანოეს და, გარდა ამისა, დაჭერილი ცხოველების საფასურს“. ამასთან კომპანიას კონტინენტზე სავაჭრო პუნქტების დაარსება მხოლოდ „ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობით“ შეეძლო.
რუსულ-ამერიკული კომპანიის საქმიანობის ეფექტიანობა არაერთ კითხვას აჩენდა: 1808 წლიდან 1820 წლამდე რუსული ამერიკის დასახლებების უზრუნველსაყოფად დაიხარჯა 2,3 მილიონი რუბლი, მაშინ როცა სანქტ-პეტერბურგში მდებარე კომპანიის შტაბ-ბინის შენახვაზე გამოყოფილი იქნა ორჯერ მეტი, 4,7 მილიონი რუბლი.
1824 წელს გაიმიჯნა რუსულ-ამერიკული კომპანიისა და ბრიტანული „ჰადსონის ყურის კომპანიის“ ტერიტორიები: ეს ხაზი ახლა ალასკასა და კანადას შორის საზღვარს წარმოადგენს.
რუსულ-ამერიკული კომპანიის უფლებამოსილებები რუსეთის იმპერატორმა ორჯერ გაახანგრძლივა: 1821 და 1841 წლებში. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ხედავდა, რომ დიდ ბრიტანეთთან შეტაკების შემთხვევაში, კოლონიის დაცვის შესაძლებლობა არ არსებობდა. ამერიკაში საკუთრების დათმობის შესაძლებლობაზეა საუბარი ჯერ კიდევ 1845 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც რუსულ-ამერიკული კომპანიის მიერაა შედგენილი. „მთავრობამ ან უნდა აიღოს საკუთარ თავზე კოლონიების მართვა და (კომპანიის ვაჭრობიდან მიღებული სარგებლის დაკარგვის შემდეგ) მნიშვნელოვანი ხარჯები იტვირთოს მათ მოვლა-პატრონობაზე, ან საბოლოოდ მიატოვოს კოლონიები და გადასცეს ისინი სხვა ერებს, რომლებიც ასეთ შენაძენს ესწრაფვიან ზღვაზე თავიანთი ბატონობის გასაძლიერებლად“. რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ კომპანიისთვის დამატებითი შეღავათების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
1853 წელს აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორმა, ნიკოლაი მურავიოვ-ამურსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკაში მდებარე რუსული სამფლობელოები დროულად და მეგობრულად უნდა დათმოს შეერთებული შტატების სასარგებლოდ:
„...ახლა, რკინიგზის გამოგონებისა და განვითარების შემდეგ, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე უნდა დავრწმუნდეთ იმ აზრში, რომ ჩრდილოეთ ამერიკის შტატები გარდაუვალად გავრცელდებიან მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში და, რომ მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევს ჩვენი ჩრდილოეთ ამერიკული სამფლობელოების მათთვის დათმობა. თუმცა, ასევე შეუძლებელია მხედველობაში არ მივიღოთ კიდევ ერთი რამ: რომ რუსეთისთვისაც სრულიად ბუნებრივია, მთელი აღმოსავლეთ აზიის ფლობა თუ არა, აღმოსავლეთ ოკეანის მთელ აზიურ სანაპიროზე ბატონობა. გარემოებათა გამო, ჩვენ დავუშვით ინგლისელების აზიის ამ ნაწილში შეჭრა... მაგრამ ამ საქმის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია ჩრდილოეთ ამერიკის შტატებთან ჩვენი მჭიდრო კავშირებით“.
1854 წელს, ყირიმის ომის დროს, ინგლის-ფრანგულმა ესკადრილიამ შეუტია პეტროპავლოვსკ-კამჩატსკს. პირველი რეიდი მოგერიებული იქნა, მაგრამ უფრო ძლიერი თავდასხმის მოლოდინში, პეტროპავლოვსკში მყოფი ჯარი და მოსახლეობა გაყვანილი იქნა ამურში. გუბერნატორი მურავიოვ-ამურსკი მხარს უჭერდა რუსეთის იმპერიის მიერ წყნარი ოკეანის სანაპიროს პრიორიტეტულ განვითარებას, ამურის შესართავისა და კუნძულ სახალინის რუსეთის შემადგენლობაში მოქცევას. 1857 და 1860 წლებში ჩინეთთან ორი ხელშეკრულების დადების შედეგად, რუსეთის იმპერიამ მიიღო საზღვრები მდინარეების - ამურის, უსურის და კაზაკევიჩის არხების გასწვრივ. ახალ ტერიტორიებს პრიორიტეტული განვითარება სჭირდებოდა და რუსეთისთვის ეს აქ უფრო იოლი გასაკეთებელი იყო, ვიდრე ამერიკის კონტინენტის შორეულ სანაპიროზე.
ამერიკის მხრიდან ტერიტორიების დათმობის მოთხოვნამ პირველად გაიჟღერა 1854 წლის ზაფხულში, როცა სახელმწიფო მდივანმა უილიამ მარსიმ (William Learned Marcy) ვაშინგტონში რუსეთის ელჩს, ედუარდ სტეკლს (Eduard von Stoeckl) მიმართა ამერიკაში რუსეთის საკუთრების დათმობის შესაძლებლობის შესახებ. სტეკლის თქმით, იმ დროს ეს ჯერ კიდევ „ჩამოუყალიბებელი პროექტი“ იყო. 1857 წელს სტეკლმა სანქტ-პეტერბურგში გაგზავნა დეპეშა, რომელშიც საუბარი იყო მორმონთა რელიგიური სექტის წარმომადგენლების აშშ-დან რუსულ ამერიკაში შესაძლო ემიგრაციის შესახებ. რუსეთის ელჩმა თავისи ხელისუფლება გააფრთხილა, რომ შესაძლოა აღმოჩენილიყვნენ ასეთი ალტერნატივის წინაშე: შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა ან ტერიტორიის ნაწილის დათმობა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მორმონთა განსახლების პროექტი არ განხორციელებულა.
უსახელურო ჩემოდანი
ყირიმის ომის დასრულების შემდეგ, ჩრდილოეთ ამერიკაში რუსული სამფლობელოების ბედის საკითხი კვლავ დაბრუნდა სანქტ-პეტერბურგის დღის წესრიგში. ამჯერად ეს იდეა აიტაცა იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმცროსმა ძმამ, დიდმა მთავარმა კონსტანტინ ნიკოლაევიჩმა, რომელიც იმპერიის საზღვაო უწყებას ხელმძღვანელობდა. 1857 წლის გაზაფხულზე მან წერილობით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრ, ალექსანდრ გორჩაკოვს. გენერალ-ადმირალი მიუთითებდა სახელმწიფო ფინანსების მძიმე მდგომარეობაზე, საზღვაო სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებაზე და აღნიშნავდა, რომ ფლოტის მოდერნიზაციისთვის დამატებითი თანხები იყო საჭირო. ის სთავაზობდა კოლონიების ამერიკელებისთვის გადაცემას, რადგან, მისი აზრით, ამერიკელები ადრე თუ გვიან ამ კოლონიებს მაინც ხელში ჩაიგდებდნენ, რადგან რუსეთი ვერასდროს შეძლებდა თავისი ოკეანგაღმა სამფლობელოებისთვის საიმედო დაცვას მძლავრი ფლოტის თავდასხმებისგან. კონსტანტინ ნიკოლაევიჩის აზრით, ამერიკაში მდებარე რუსულ სამფლობელოებს სახელმწიფოსთვის სარგებელი არ მოჰქონდათ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად რუსულ-ამერიკული კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და 1850-1860-იან წლებში ბეწვეულის ბაზარზე მაღალი კონკურენციისა, კომპანიის ნაწინასწარმეტყველები გაკოტრება არ მომხდარა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ გორჩაკოვმა გადაწყვიტა ცნობილი გზით წასულიყო და წამოაყენა „საკითხის შესწავლის“ წინადადება, რაშიც მას მხარი დაუჭირა იმპერატორმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამ წინადადებებს დაუბრუნდებოდა 1862 წელს რუსულ-ამერიკული კომპანიისათვის დაწესებული შეღავათების ვადის გასვლის შემდეგ. ახალ წერილში დიდმა მთავარმა კონსტანტინემ მიუთითა რუსულ-ამერიკული კომპანიის მუშაობაში არსებულ ხარვეზებზე: მის აზრით, „ვაჭრისა და ადმინისტრატორის“ ფუნქციების ერთ ხელში თავმოყრა უარყოფითად აისახებოდა ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამასთან დაკავშირებით, მან შესთავაზა მინისტრს კოლონიაში რევიზორების გაგზავნა. თავის პასუხში თავადი გორჩაკოვი წერდა, რომ კოლონიის შეძენის ინიციატივა ვაშინგტონიდან უნდა მომდინარეობდეს, ხოლო ინსპექტორების სასწრაფო გაგზავნა სავარაუდოდ ზიანს მიაყენებდა რუსულ-ამერიკული კომპანიის კომერციულ საქმეებს.
თუმცა კომპანიის რევიზია წარმატებით დასრულდა. ერთ-ერთმა რევიზორმა, კაპიტან-ლეიტენანტმა გოლოვინმა, 1861 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებულ ანგარიშში დაწერა: „რუსეთში საზოგადოებრივი აზრი ჯერაც უარყოფითია კალიფორნიაში ჩვენი ყოფილი ახალშენის დათმობით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასახლება როსის (Fort Ross) მახლობლად ოქროს საბადოები აღმოაჩინეს. დაგეგმილი ცვლილებების პირობებშიც, ადვილად შეიძლება მოხდეს ისე, რომ მეწარმეები, რომლებიც აზრიანად და ენერგიულად მოკიდებენ საქმეს ხელს, აღმოაჩენენ ისეთ სიმდიდრეებს ჩვენს კოლონიებში, რომელთა არსებობაც ამჟამად უცნობია“.
ამერიკაში რუსეთის მაშინდელი ელჩი, ედუარდ სტეკლი დაჟინებით მოითხოვდა კოლონიებზე უარის თქმას რუსულ-ამერიკული კომპანიის გაუთავებელი საჩივრების გამო. როგორც ირკვევა, ამერიკელი ვეშაპთმჭერები ხშირად შედიოდნენ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, რაც აზიანებდა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას. თუმცა, 1860-იანი წლების დასაწყისში, ალასკის საკითხი ხუთი წლით გაქრა აშშ-ის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო. რუსეთი ამ ომში ჩრდილოეთს უჭერდა მხარს, თუმცა ოფიციალურად მეგობრული ნეიტრალიტეტის პოზიცია დაიკავა.
ამასობაში რუსულ-ამერიკული კომპანია მონოპოლიის კიდევ 20 წლით გაგრძელების ინიციატივით გამოვიდა, რასაც დიდი მთავრის კონსტანტინეს მორიგი წინააღმდეგობა მოჰყვა. ის კვლავინდებურად მიუღებლად მიიჩნევდა კომერციისა და ადმინისტრირების აღრევას. მისი ინიციატივა კომპანიისათვის პრივილეგიების მხოლოდ ორი წლით, 1864 წლის 1 იანვრამდე გაგრძელებას ითვალისწინებდა, შემდეგ კი კოლონიები აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორს უნდა დაექვემდებარებოდნენ. თუმცა, რუსულ-ამერიკული კომპანიის ლიკვიდაცია არც მაშინ მომხდარა. მისი უფლებამოსილებები ორი წლით გახანგრძლივდა, აუდიტის შედეგების საბოლოო განხილვამდე. რუსულ-ამერიკული კომპანიის ემოციურმა კრიტიკამ და დისკუსიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაჟონვამ მისი აქციების ფასი მკვეთრად შეამცირა. რევიზორთა (აუდიტორთა) დასკვნები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის შესახებ კომპანიისთვის ხელსაყრელი იყო. თუმცა, ორივე მოხელემ დაადასტურა თეზისი კოლონიების სამხედრო დაუცველობის შესახებ. 1862 წელს, ფინანსთა ახალი მინისტრის, მიხაილ რეიტერნის დროს, რუსულ-ამერიკულმა კომპანიამ დაკარგა დამატებითი შეღავათები და სახელმწიფო სუბსიდია 450 ათასი ვერცხლის რუბლის ოდენობით, რის გამოც ის დიდ შეჭირვებას განიცდიდა.
ამავე პერიოდში შეიქმნა რუსეთის ამერიკული კოლონიების მოწყობის სპეციალური კომიტეტი, რომელმაც 1863 წელს დაასკვნა, რომ აუცილებელია კომპანიისა და კოლონიების შენარჩუნება.
1865 წლის 14 ივნისს ალექსანდრე II-მ დაამტკიცა კომიტეტის მოსაზრება. კომპანიამ კვლავ მიიღო 20-წლიანი (1882 წლის 1 იანვრამდე) სავაჭრო-სამრეწველო მონოპოლია რუსული ამერიკის ტერიტორიაზე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა გათავისუფლდა რუსულ-ამერიკული კომპანიის სასარგებლოდ სავალდებულო შრომისგან. თავად კომპანია და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი კოლონიები ახლა საზღვაო ძალების მინისტრის იურისდიქციაში გადავიდნენ. 1865 წლის სექტემბერში კომპანიის აქციონერთა საერთო კრებამ შესთავაზა მთავრობას გამოეყო მისთვის 200 ათასი ვერცხლის რუბლის სესხი კოლონიური მართვის ხარჯების დასაფარად. მთავრობამ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. რუსულ-ამერიკულ კომპანიას ასევე ჩამოიწერეს ხაზინის ვალი 725 ათასი რუბლის ოდენობით.
რუსულ-ამერიკული კომპანიის ახალი წესდება საბოლოოდ იმპერატორმა 1866 წლის 2 აპრილს დაამტკიცა. როგორც ჩანს, კომპანიას და მის მიერ მართულ კოლონიებს საფრთხე აღარ ემუქრებოდათ. თუმცა, იწყებოდა მკაცრი ეკონომიის პერიოდი. 1866 წლის სექტემბერში ფინანსთა მინისტრმა მიხაილ რაიტერნმა იმპერატორს საიდუმლო ჩანაწერი გაუგზავნა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან დამატებითი 45 მილიონი რუბლის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ. ამ ვითარებაში, რუსულ-ამერიკული კომპანიის ყოველწლიური 200 ათას რუბლიანი სუბსიდია მძიმე ტვირთად აწვებოდა ბიუჯეტს, კოლონიის გაყიდვას კი ბიუჯეტის კრიზისის მნიშვნელოვანი შემსუბუქება შეეძლო.
კომპანიის მონოპოლიის სრული გაუქმება, თავისუფალი კოლონიზაციის ნებართვა და კოლონიების სახელმწიფო (სახაზინო) მმართველობის ქვეშ გადაცემა რუსეთის იმპერიას ახალი მნიშვნელოვანი ხარჯებით ემუქრებოდა. ამ ტერიტორიაზე ოქროს საბადოების აღმოჩენის შესაძლებლობა ღიად არ განიხილებოდა, თუმცა რუსულ-ამერიკულმა კომპანიამ დიდი ხანია იცოდა ოქროს, ქვანახშირის, სპილენძის და სხვა მინერალური საბადოების არსებობის შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა უცხოელების მასშტაბური შემოდინების შიშის გამო, როგორც ეს კალიფორნიაში პირველი „ოქროს ციებ-ცხელების“ დროს მოხდა.
ითათბირეს და გადაწყვიტეს
რუსული ამერიკის ბედის შესახებ ახალი განხილვის ინიციატორი კვლავ ელჩი ედუარდ სტეკლი იყო, რომელიც სანქტ-პეტერბურგში 1866 წლის ბოლოს ჩავიდა. მისი დახმარებით, მინისტრმა რეიტერნმა, დიდი მთავრის (კონსტანტინეს) მხარდაჭერით, მოამზადა ახალი დოკუმენტი, რომლითაც კოლონიების გაყიდვის მიზანშეწონილობა საბუთდებოდა. ახალი არგუმენტები არ ყოფილა. მიხაილ რეიტერნი მიიჩნევდა: „კომპანიამ სამოცდაათწლიანი არსებობის მანძილზე, ვერ მიაღწია ვერც მამრობითი სქესის ადგილობრივი მოსახლეობის გარუსებას და ვერც რუსული ელემენტის სტაბილურ დამკვიდრებას. გარდა ამისა კომპანიამ ვერანაირი წვლილი ვერ შეიტანა რუსეთის საზღვაო ვაჭრობის განვითარებაში. კომპანიას მნიშვნელოვანი სარგებელი არ მოუტანია აქციონერებისთვისაც... და მისი არსებობის გახანგრძლივება მხოლოდ მთავრობის მნიშვნელოვანი შემოწირულებებით არის შესაძლებელი“. ამერიკაში არსებული კოლონიების როლი კიდევ უფრო შემცირდა, რადგან „ჩვენ ახლა მყარად დავმკვიდრდით ამურის მხარეში, რომელიც შეუდარებლად უფრო ხელსაყრელ კლიმატურ პირობებშია“. მინისტრმა გაიმეორა სამხედრო მეზღვაურების არგუმენტები: „კოლონიების გადაცემა... გაგვათავისუფლებს იმ საკუთრებისგან, რომელთა დაცვის საშუალება, რომელიმე საზღვაო ძალასთან ომის შემთხვევაში, არ გვაქვს“.
რეიტერნმა გაიმეორა ელჩ სტეკლის არგუმენტებიც. რეალური პრობლემა იყო აშშ-ის მოქალაქეების (ვეშაპებზე მონადირეების, კონტრაბანდისტების) აქტიური ეკონომიკური ექსპანსია, რომელსაც არა მხოლოდ ალასკა, არამედ კამჩატკა და ჩუკოტკაც აწყდებოდნენ: „ასეთი თავისთავად უსიამოვნო შეტაკებები გვაიძულებდა დიდი ხარჯებით შეგვენარჩუნებინა სამხედრო და საზღვაო ძალები წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ წყლებში, რათა მხარი დაგვეჭირა იმ კომპანიის პრივილეგიებისთვის, რომელსაც არანაირი მნიშვნელოვანი სარგებელი არ მოაქვს არც რუსეთისთვის და არც კომპანიის აქციონერებისთვის, მაშინ როცა აზიანებს აშშ-სთან ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს“.
დიდმა მთავარმა კონსტანტინემ კვლავ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს ალექსანდრ გორჩაკოვს და აღნიშნა, რომ ცხრაწლიანმა დისკუსიებმა აჩვენა კოლონიების შენარჩუნების მოწინააღმდეგეთა არგუმენტების სისწორე. დიდმა მთავარმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო იძულებული იყო, სუბსიდირება გაეწია კერძო კომპანიისთვის, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა ეკონომიკური უდღეურობა.
ათვისების პერიოდში კოლონიების ტერიტორია მეჩხრად იყო დასახლებული. იმ დროისთვის რუსული ალასკისა და ალეუტის კუნძულების მთელი მოსახლეობა დაახლოებით 1000 რუსს და 60 000 ინდიელსა და ესკიმოსს (ინუიტს) ითვლიდა. გენერალ-ადმირალმა კვლავ გაიმეორა თეზისი ამურისპირეთის ათვისების მიმზიდველობის შესახებ, რადგან, მისი თქმით, სწორედ შორეულ აღმოსავლეთში იდო „რუსეთის მომავლის გასაღები“, ამერიკული კოლონიები კი აუცილებლად დასათმობი იყო, რადგან ომის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მათი დაცვა. კოლონიების გაყიდვას მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო. ამასთან გათვალისწინებული იყო მჭიდრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ბრიტანეთის იმპერიასთან გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთის მოკავშირედ მიიჩნეოდა. შეერთებულ შტატებთან ეს „მჭიდრო ალიანსი“ მოითხოვდა ყოველივე იმის აღმოფხვრას, „რასაც შეეძლო ორ დიდ ძალას შორის უთანხმოების გამოწვევა“.
„საგანგებო სხდომა“, რომელმაც გადაწყვიტა რუსული ამერიკის ბედი, გაიმართა 1866 წლის 16 (28) დეკემბერს, პეტერბურგში სასახლის მოედანზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამთავრობო დარბაზში, იმპერატორ ალექსანდრე II-ის თავმჯდომარეობით. შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი გორჩაკოვი, დიდი მთავარი კონსტანტინ ნიკოლაევიჩი, საზღვაო ძალების სამინისტროს ხელმძღვანელი ნიკოლაი კრაბე, ფინანსთა მინისტრი მიხაილ რეიტერნი და ელჩი ედუარდ სტეკლი. სხდომის მონაწილეთა შორის არ ყოფილან რუსული ამერიკის გაყიდვის მოწინააღმდეგეები. რუსეთის მთავრობამ ამჯობინა ნებაყოფლობით დაეხია უკან „ამერიკული პლაცდარმიდან“, რომლის ეფექტიანად დაცვა მას არ შეეძლო, და გამაგრებულიყო წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. რუსეთის ხელისუფლება შეთანხმების გზით ცდილობდა აღმოეფხვრა შეერთებულ შტატებთან შესაძლო მომავალი დაპირისპირების კერა. რამდენიმე დღის შემდეგ იმპერატორმა ხელი მოაწერა დოკუმენტს „გასაყიდი ტერიტორიის საზღვრების შესახებ“.
რეიტერნმა გორჩაკოვს წერილებით გაუზიარა თავისი რჩევები: ხელშეკრულებაში გაეთვალისწინებინათ, რომ „რუსეთის ქვეშევრდომებს და კოლონიების მცხოვრებლებს ზოგადად“ მისცემოდათ „დარჩენის ან რუსეთში შეუფერხებლად გამგზავრების“ უფლება . ორივე შემთხვევაში, ისინი ინარჩუნებენ უფლებას მთელ თავიანთ ქონებაზე.
იმპერატორის გადაწყვეტილება კოლონიების გაყიდვისა და რუსულ-ამერიკული კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ საიდუმლოდ ინახებოდა. 1867 წლის გაზაფხულზე ელჩი სტეკლი ვაშინგტონში გაემგზავრა. რუსეთის დატოვებისას მან მიიღო მითითებები, გაეყიდა რუსული ამერიკა არანაკლებ 5 მილიონი დოლარისა.
გაიყიდა!
1867 წლის მარტში სტეკლი ვაშინგტონში ჩავიდა და სახელმწიფო მდივანს, უილიამ ჰენრი სიუორდს (William Henry Seward) შეახსენა კოლონიის შესყიდვის შესახებ წარსულში გაკეთებული წინადადებები. რუსეთის ელჩმა დაამატა, რომ „იმპერიის მთავრობა მზად იყო მოლაპარაკებების დასაწყებად“. სახელმწიფო მდივანი სიუორდი იყო ამერიკის ცენტრალური დასავლეთის კოლონიზაციისა და შეერთებული შტატებისთვის წყნარი ოკეანის სანაპიროზე გასვლის პროექტის ავტორი; ის ასევე მხარს უჭერდა რკინიგზით შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროების დაკავშირებას. რუსული ამერიკის ტერიტორიების შეძენა პირდაპირ ჯდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის მომავლის შესახებ უილიამ ჰენრი სიუორდის ხედვაში.
პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონის თანხმობის მიღების შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა ელჩ სტეკლთან მეორე შეხვედრის დროს, 1867 წლის 14 მარტს, თითქმის სრულად შეათანხმა მომავალი ხელშეკრულების ძირითადი დებულებები. რუსეთის ელჩმა განაცხადა: „ბატონმა სიუორდმა თავდაპირველად 5-5,5 მილიონი დაასახელა. მე 7 მოვითხოვე. თანდათანობით ის 6,5 მილიონამდე ავიდა, მაგრამ მითხრა, რომ მთელი კაბინეტი მის წინააღმდეგ იყო და მეტის გაკეთება აღარ შეეძლო. თუმცა, რადგან დავინახე, რომ მთელი გულით მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ხელშეკრულების დადება, უარი ვთქვი დათმობაზე“. 1867 წლის 18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა სიუორდს ოფიციალური უფლებამოსილება მიანიჭა. თითქმის მაშინვე გაიმართა მოლაპარაკებები სახელმწიფო მდივანსა და ელჩ სტეკლს შორის. 18 მარტსვე საბოლოოდ დამტკიცდა ხელშეკრულების პროექტი ამერიკაში რუსული სამფლობელოების 7,2 მილიონ დოლარად შესყიდვის შესახებ. გადასაცემი ტერიტორიის ფართობი 1,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი იყო. თითოეულ კვადრატული კილომეტრის ფასი 4 დოლარი და 73 ცენტი გამოდიოდა. აშშ-ის მთავრობას გადაეცა გაყიდულ ტერიტორიაზე მდებარე რუსეთის უკლებლივ ყველა სახელმწიფო უძრავი ქონება, ყველა კოლონიური არქივი, ოფიციალური და ისტორიული დოკუმენტი.
ელჩმა სტეკლმა ხელშეკრულების სრული ტექსტი ტელეგრაფით გაგზავნა სანქტ-პეტერბურგში, რისთვისაც 10 ათასი დოლარი გადაიხადა. 1867 წლის 29 მარტს რუსმა დიპლომატმა ტელეგრაფით მიიღო თანხმობა, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის. სტეკლი სახლში ესტუმრა სახელმწიფო მდივან სიუორდს და შეატყობინა, რომ ხელშეკრულების დადება მეორე დღესვე შეიძლებოდა. სახელმწიფო მდივანმა რუს დიპლომატს შესთავაზა დოკუმენტის დაუყოვნებლივ ხელმოწერა. სიუორდმა და სტეკლმა თავიანთი თანაშემწეები დაუყოვნებლივ შეკრიბეს სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც ასევე მივიდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე ჩარლზ სამნერი (Charles Sumner). ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1867 წლის 30 მარტს გამთენიისას, დილის 4 საათზე.
რუსულ-ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობას მხოლოდ მხოლოდ 1867 წლის 7 (19) აპრილს ეცნობა რუსული ამერიკის გაყიდვის დასრულებული ფაქტის შესახებ. ამან კომპანიისთვის უზარმაზარი სირთულეები შექმნა და დიდად დააზარალა ის. კოლონიის ბოლო გუბერნატორის, დმიტრი მაკსუტოვის თქმით, ზარალმა შეადგინა 4 მილიონ რუბლზე მეტი, საიდანაც ხაზინამ კომპანიას მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი აუნაზღაურა. 1868 წლის 17 (29) სექტემბერს, სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის, დიდი მთავრის კონსტანტინეს მოხსენების შემდეგ, მინისტრთა საბჭომ გადაწყვიტა რუსულ-ამერიკული კომპანიისათვის კომპენსაციის სახით 381 ათას 833 რუბლი გადაეხა, ნაცვლად მოთხოვნილი 1 მლნ 585 ათას 451 რუბლისა.
1867 წლის 8 აპრილს სენატორმა ჩარლზ სამნერმა ხელშეკრულება წარუდგინა აშშ-ის სენატს და რატიფიკაციის მხარდამჭერი სამსაათიანი სიტყვით გამოვიდა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე. ალასკის შესყიდვის ხელშეკრულებას სენატმა 37 ხმით დაუჭირა მხარი, (წინააღმდეგი იყო ორი ვერმონტელი სენატორი). ხელშეკრულება საბოლოოდ რატიფიცირებული იქნა 3 მაისს. 8 ივნისს ვაშინგტონში გაიმართა რატიფიკაციის დოკუმენტების გაცვლის ღონისძიება. აშშ-ის საზოგადოების ნაწილი ძირითადად კრიტიკულად იყო განწყობილი „სიუორდის“ შენაძენის მიმართ. ამერიკელებს გამანადგურებელი სამოქალაქო ომის შემდეგ „ყინულით სავსე ზანდუკისა“ და „პოლარული დათვების ზოოპარკის“ შეძენა უცნაურ გადაწყვეტილებად ეჩვენებოდათ.
რუსეთში მხოლოდ გაზეთმა „გოლოსმა“ გამოთქვა მკვეთრი უკმაყოფილება ალასკის გაყიდვის გამო: „რა დიდი შეცდომა და უგუნურება იყო ჩვენი კოლონიის გაყიდვა; საპატიებელია თუ არა ახლა ასეთი შეცდომის გამეორება? ნუთუ ეროვნული სიამაყის გრძნობა იმდენად ყურადღების ღირსი არ არის, რომ მისი 5-6 მილიონი დოლარის ფასად შეწირვა შეიძლებოდა? ..რუსულმა კომპანიამ დაიპყრო ეს ტერიტორია და დასახლებები დააარსა რუსი ხალხის შრომისა და სისხლის უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე. კომპანია ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თავის კაპიტალს ხარჯავდა. არაფერს ზოგავდა კოლონიების მდგრად მოწყობაზე, ფლოტის მოვლა-პატრონობაზე, ქრისტიანობისა და ცივილიზაციის გავრცელებაზე ამ შორეულ ქვეყანაში. ეს ხარჯები მომავლისთვის იყო გაღებული...“.
1867 წლის 18 ოქტომბერს ალასკა ოფიციალურად გადაეცა შეერთებულ შტატებს. რუსული დროშის დაშვებისა და ამერიკული დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა რუსული ამერიკის გუბერნატორის სახლში, ქალაქ ნოვო-არხანგელსკში (ახლანდელი Sitka), სადაც აშშ-ის უფლებამოსილი წარმომადგენლები ჩავიდნენ სამხედრო ხომალდით. დაშვების დროს რუსეთის დროშა გაიჭედა და მეზღვაურს ანძაზე ასვლა მოუწია: მეზღვაურმა ჩამოუსვლელად, ზემოდანვე გადმოაგდო დროშა, რომელიც პირდაპირ რუსულ ხიშტებზე დაეცა.
იმ პერიოდში დაახლოებით 600 რუსმა დატოვა ამერიკა. ყოფილი გუბერნატორი, თავადი მაკსუტოვი დაინიშნა რუსეთის კონსულად სიტკაში, თუმცა სულ რაღაც ერთი წელში ისიც დაბრუნდა რუსეთში. 1869 წლისთვის ალასკაში დაახლოებით 200 რუსი, 200-ზე მეტი აშშ-ის მოქალაქე და 1500-ზე მეტი კრეოლი ცხოვრობდა. ოქროს ციებ-ცხელების წლებში ალასკაში დაახლოებით ათასი ტონა ოქრო იქნა მოპოვებული.
რუსეთისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდას წინ უძღოდა ხანგრძლივი დისკუსია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. სახელმწიფო მდივან სიუორდს მოუწია აგიტაციის ორგანიზება - ლობისტების დაქირავება და პრესაში სტატიების ბეჭდვა შეთანხმების მხარდასაჭერად. 1868 წლის 14 ივლისს 113 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი რუსეთისთვის თანხის გადახდის რეზოლუციას, 43 წინააღმდეგი იყო, 44-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადაირიცხა 1868 წელს ელჩ სტეკლის ანგარიშზე. თავის მხრივ ელჩმა 1 აგვისტოს რიგსის ბანკს (Riggs Bank) დაავალა 7,035 000 დოლარი ლონდონში, ძმებ ბარინგების ბანკში (Barings Bank) გადაერიცხა. 10 ათასი დოლარი დაჯდა სანქტ-პეტერბურგში ხელშეკრულების პროექტის გაგზავნა ტელეგრაფით. 26 ათასი გამოიმუშავა რუსული მისიის ადვოკატმა რობერტ უოკერმა. 21 ათასი დოლარი, მეფის ჯილდოს სახით, მიიღეს ელჩმა სტეკლმა და მისმა თანაშემწემ ვლადიმირ ბოდისკომ.
რუსეთის იმპერიის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ბანკიდან მიღებული თანხები გამოყენებული იქნა კურსკ-კიევის, რიაზან-კოზლოვსკაიას და მოსკოვ-რიაზანის რკინიგზის ხაზებისათვის აღჭურვილობის შესაძენად. თანხად მითითებული იყო 10,972,238 რუბლი და 4 კაპიკი. „დანარჩენი 390,243 რუბლი 90 კაპიკი ნაღდი ფულით იქნა მიღებული“. დოკუმენტში არ არის ნახსენები ხარჯები, რომლებიც განკუთვნილი იყო „მისი საიმპერატორო უდიდებულესობისთვის ცნობილი საჭიროებებისთვის“, ანუ კონგრესში ხელშეკრულების რატიფიკაციის ლობირებისთვის.
1868 წლის თებერვალში კარლ მარქსმა ალასკის გარიგებაში გლობალური ინტრიგა დაინახა: „ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს შენაძენი ჯერ ერთი ცენტიც არ ღირს, მაგრამ ამის წყალობით იანკები ერთი მხრიდან მოწყვეტენ ინგლისს ზღვას და დააჩქარებენ მთელი ბრიტანული ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიერთებას. სწორედ აქ არის დამარხული ძაღლი!“ მარქსი ცდებოდა თავის გეოპოლიტიკურ პროგნოზში. მსგავსი არაფერი მომხდარა.
რუსეთში ერთნი ალასკის გაყიდვას „სამარცხვინო გარიგებად“ მიიჩნევენ, მეორენი კი ამ გარიგებას ძნელად ასათვისებელი კოლონიების საკითხის გონივრულ გადაწყვეტად წარმოაჩენენ. მოხდა რუსეთის იმპერიის ფულად-საკრედიტო და ადმინისტრაციული რესურსების გადასროლა შორეული აღმოსავლეთის ახალი ტერიტორიებისკენ - პრიმორსკისა და ამურისპირეთის მხარეებისკენ. 1875 წელს, რუსეთმა, სანქტ-პეტერბურგის ზავის თანახმად, იაპონიას დაუთმო ურუპის ჩრდილოეთით მდებარე კურილის ყველა კუნძული, სანაცვლოდ კი იაპონიამ ოფიციალურად თქვა უარი კუნძულ სახალინზე. ეს გაცვლაც ორივე ქვეყანაში განხილვის საგნად იქცა. თუმცა, რუსეთის იმპერიის მუდმივად მზარდმა აქტივობამ ჩინეთსა და შორეულ აღმოსავლეთში საბოლოოდ მაინც გამოიწვია რუსეთ-იაპონიის საომარი დაპირისპირება.
რა ბედი ეწეოდა ალასკას, ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რომ დარჩენილიყო? დიდი ალბათობით, 1917 წლამდე ის იქნებოდა მოწყვეტილი ტერიტორია, სადაც მეზობელი ქვეყნებიდან შესული ოქროს მაძიებლები, მეთევზეები და მონადირეები ითარეშებდნენ. სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ 1917 წლის შემდეგ, ალასკა მოექცეოდა თეთრგვარდიელების მმართველობის ქვეშ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩებოდა ბოლშევიკების კონტროლს მიღმა, ჩამოყალიბდებოდა ერთგვარ რუსულ კუნძულ ტაივანად, რომელიც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მფარველობის ქვეშ მყოფი არაღიარებული თვითმმართველი ტერიტორია იქნებოდა.
კიდევ ერთი ვარიანტი: ალასკის ტერიტორიის აშშ-სთვის გადაცემა კონცესიით ან იჯარით, რასაც ბოლშევიკები კამჩატკას უპირებდნენ. ცნობილია, რომ 1921 წელს ვლადიმირ ლენინი ბანკირ ვაშინგტონ ვანდერლიპთან განიხილავდა შეთანხმებას კამჩატკის აშშ-სთვის 60 წლიანი იჯარით გადაცემის შესახებ. გარიგება არ შედგა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერს (Herbert Hoover) არ სურდა ბოლშევიკური რეჟიმის აღიარება, თუმცა წინადადება საკმაოდ რეალისტური იყო და შეთანხმების პროექტიც კი მომზადდა.
საბჭოთა მმართველობის დროს ალასკა თავისი განვითარებით ძნელად თუ განსხვავდებოდა თანამედროვე რუსული კოლიმის ან კამჩატკისგან. რეგიონის განვითარება სამხედრო და გეოპოლიტიკურ მოსაზრებებს დაეფუძნებოდა, აშენდებოდა რაკეტებისა და წყალქვეშა ნავების სამხედრო ბაზები, მაგრამ „საბჭოთა ალასკას“ თუ რამე უშველიდა, უშველიდა არა ოქრო, როგორც მე-19 საუკუნეში ეგონათ, არამედ ნედლეულის (ნავთობის, პოლიმეტალების, თუთიის, ტყვიის) მოპოვება და მათი ექსპორტი.
ფორუმი