აქტივისტები აცხადებენ, რომ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, პროვოკაციის მსხვერპლები არიან. დაკავებულებს ერთ პირზე ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად. მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თვითმხილველების თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს.
შსს აცხადებს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ფორუმი