ზოგიერთი ექსპერტი მორატორიუმის გაუქმებას „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის განლაგების გეგმებს უკავშირებს, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს არის პასუხი აშშ-ის მოქმედებებზე, რომელიც ამ ტიპის რაკეტების „სხვადასხვა რეგიონში“ განლაგებას ისახავს მიზნად.
ერთი წლის შემდეგ რეალიზებული მუქარა
შარშან, 2024 წლის ივლისში, აშშ-მა და გერმანიამ გამოაცხადეს, რომ 2026 წელს გერმანიის ტერიტორიაზე დაგეგმილია ამერიკული შორი რადიუსის მოიერიშე სისტემების „ეპიზოდური“ განლაგება. საუბარი იყო რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათას კილომეტრამდე მოქმედების დიაპაზონის მქონე სახმელეთო რაკეტებზე, კერძოდ, SM-6 ბალისტიკურ რაკეტებზე (შემუშავებულია როგორც საზენიტო რაკეტები, მაგრამ იგეგმება მათი გამოყენება სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმებისთვის), Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებზე (და მათ გამშვებ დანადგარებზე, Typhon-ებზე) და „შემუშავების პროცესში მყოფ ჰიპერბგერით იარაღზე“, როგორც ჩანს, პერსპექტიულ სისტემა Dark Eagle-ზე. საპასუხოდ რუსეთი დაიმუქრა მსგავსი იარაღის განლაგებით, შესაძლოა ბირთვული ქობინებით, ანუ თავისი ცალმხრივი მორატორიუმის გაუქმებით. თუმცა, ეს არასდროს მომხდარა.
განვლილი წლის განმავლობაში აშშ-ს ჯერ კიდევ არ დაუწყია გერმანიაში ან სხვაგან იმ იარაღის განლაგება, რომელსაც რუსეთი INF-ის კლასს მიაკუთვნებს. მორატორიუმის მოხსნასთან ერთად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნახსენებია მხოლოდ დანიაში, ფილიპინებსა და ავსტრალიაში ჩატარებული წვრთნები, რომელთა დროსაც განლაგდა Mk70 (შეიძლება გამოყენებულ იქნეს SM-6 რაკეტების გასაშვებად), Typhon-ი (რაკეტა Tomahawk-ები) და Dark Eagle. სინამდვილეში მოსკოვი აღიარებს, რომ 2024 წლის შუა პერიოდიდან სიტუაცია მკვეთრად არ შეცვლილა. „შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა არა მხოლოდ ღიად გამოკვეთეს გეგმები ამერიკული სახმელეთო ბაზირების INF რაკეტების სხვადასხვა რეგიონში განლაგების შესახებ, არამედ უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს თავიანთი განზრახვების პრაქტიკულ განხორციელებაში“, ნათქვამია განცხადებაში.
„ორეშნიკი“ როგორც ახალი „პიონერი“
რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ამჯერად მორატორიუმის მოხსნა? პასუხი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავად რუსეთში მომხდარ მოვლენებთან: უკრაინის ომში 2024 წლის 21 ნოემბერს „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის გამოცდა და, თუ პუტინს დავუჯერებთ, მისი სერიული წარმოების დაწყება, რაც გამოცხადდა სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, სანამ რუსეთი INF ხელშეკრულების მორატორიუმს გააუქმებდა.
„ორეშნიკის“ ზუსტი მახასიათებლები საიდუმლოდ ინახება, მაგრამ ერთადერთი გამოცდის დროს, როდესაც სისტემა ქალაქ დნეპრის წინააღმდეგ გამოიყენეს კაპუსტინ-იარის პოლიგონიდან, რაკეტამ დაახლოებით 800-900 კილომეტრის მანძილი დაფარა - ანუ ის საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტის კლასიფიკაციას მიეკუთვნება. როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ადრე, ეს არის მხოლოდ მოდიფიკაცია რაკეტისა, რომელიც კომპლექს RS-26 „რუბეჟ-ს“ განეკუთვნება. ეს სარაკეტო სისტემა რუსეთის ფედერაციაში 2010-იანი წლების შუა პერიოდში შეიქმნა უმკაცრესად გასაიდუმლოებულ პირობებში, რადგან ის არღვევდა იმ დროს მოქმედ რუსეთ-ამერიკის ხელშეკრულებას საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ.
ექსპერტები მორატორიუმის გაუქმებას პირდაპირ უკავშირებენ „ორეშნიკს“, მაგალითად, ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა კვინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენელმა მაქსიმ სტარჩაკმა. „მორატორიუმის მოხსნა „ორეშნიკის“ წარმოების პირდაპირი შედეგია.
ერთი წლის წინ რუსეთისთვის რთული იქნებოდა საკუთარი მორატორიუმის დარღვევა და INF-ის ხელშეკრულებასთან თეორიულად დაკავშირებული რაკეტებიდან მას მხოლოდ 9M729 ჰქონდა „ისკანდერის“ კომპლექსისთვის - ნატო მიიჩნევს, რომ მისი რეალური დიაპაზონი 500 კილომეტრზე მეტია, რაც აშშ-ისთვის 2019 წელს INF-ის ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო. რუსული მხარე ყოველთვის საპირისპიროს ამტკიცებდა. მიუხედავად ამისა, პუტინი აშშ-ს საპასუხო მორატორიუმის მიღებისკენ მოუწოდებდა და კეთილი ნების ჟესტის სახით პირობა დადო, რომ არც ამ რაკეტებს არ განალაგებდა კალინინგრადის ოლქში.
9M729-ის გარდა, რომელიც შეიძლება მიეკუთვნებოდეს ან არ მიეკუთვნებოდეს INF კლასს, რუსეთს შეეძლო შეექმნა საჰაერო და საზღვაო რაკეტების სახმელეთო მოდიფიკაციები - მაგალითად, „კალიბრი“ (ვარაუდობენ, რომ რაკეტა 9M729 სწორედ „კალიბრის“ საფუძველზე შეიქმნა), „კინჟალი“, „ცირკონი“, „X-101“. რუსეთის მიერ ახალი საშუალო და მოკლე დიაპაზონის რაკეტების შექმნის შესაძლებლობების კომენტირებისას 2024 წლის ივლისში რუსეთის ბირთვული ძალების პროექტის ხელმძღვანელმა, პაველ პოდვიგმა, ასევე ახსენა კიდევ ერთი პროექტი - RS-26 „რუბეჟი“, რომელიც ოფიციალურად 2018 წელს შეჩერდა. პენტაგონი ამტკიცებს, რომ „ორეშნიკი“ RS-26-ის საფუძველზე შეიქმნა.
პაველ პოდვიგის თქმით, RS-26 და, შესაბამისად, სავარაუდოდ „ორეშნიკიც“, ბევრი რამით ჰგავს საბჭოთა საშუალო რადიუსის რაკეტა „პიონერს“. საბჭოთა კავშირის მიერ დასავლეთ საზღვრებთან ახლოს „პიონერების“ განლაგებამ 1970-იან წლებში საერთაშორისო კრიზისი გამოიწვია, რასაც საბოლოოდ 1988 წელს INF-ის ხელშეკრულების ხელმოწერა მოჰყვა.
ის სარაკეტო კრიზისი ბევრი თვალსაზრისით ვითარდებოდა ამჟამინდელის მსგავსად. 1973 წელს მიღებული ამერიკული კონცეფციის საპასუხოდ, რომელიც სსრკ-ზე დარტყმით მისთვის „თავის მოკვეთას“ გულისხმობდა და რომელიც მხოლოდ მომავალში ითვალისწინებდა INF რაკეტების ევროპაში განლაგებას, საბჭოთა კავშირმა რეალურად დაიწყო ბირთვული ქობინებით აღჭურვილი „პიონერების“ განლაგება. არსებითი სხვაობა ისაა, რომ ამჯერად აშშ, რომელიც SM-6-ის, Dark Eagle-ის და სხვა სარაკეტო სისტემების განლაგებას გეგმავს საკუთარი საზღვრების გარეთ, არა მხოლოდ არ ლაპარაკობს ბირთვული ქობინებით მათ აღჭურვაზე, არამედ ხაზს უსვამს იმას, რომ ის მთავარ საფრთხეს ხედავს ჩინეთში, რომელსაც არასდროს შეუწყვეტია საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებზე მუშაობა.
ცივ ომში დარჩენილი ხელშეკრულება?
საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება სიცოცხლის უუნარო გახდა არა 2019 წელს, როდესაც ის აშშ-მა დატოვა, არამედ უფრო ადრე, მიაჩნია სტრატეგიული სარაკეტო შეიარაღების დამოუკიდებელ ექსპერტ ფაბიან ჰოფმანს. „INF როგორც შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულება, არასიცოცხლისუნარიანი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2016 წლიდან დაიწყო მისი ფაქტობრივი დარღვევა, ამასთან, ის მის სულისკვეთებას ამაზე ბევრად უფრო ადრე არღვევდა. INF შესანიშნავი ინსტრუმენტი იყო ცივი ომის დროს და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ ამის შემდეგ მან ნატოსთვის დიდწილად დაკარგა სარგებლიანობა. სამხედრო თვალსაზრისით, ის რუსეთს საშუალებას აძლევდა, კალინინგრადიდან დამუქრებოდა ევროპის დედაქალაქებს, მაშინ როცა ნატოს ევროპულ ქვეყნებს მსგავსი შესაძლებლობები არ გააჩნდათ. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, მათი შედარებით მოკლე მინიმალური დიაპაზონის გამო, ფაქტობრივად, საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების სახმელეთო არსენალის როლს ასრულებდა.
INF-ს კვლავაც ჰქონდა პოლიტიკური ღირებულება და ის ხელს უწყობდა სტაბილურობას კრიზისულ სიტუაციებში, რაც სახელმწიფოებს შორის აზრთა გაცვლისა და ურთიერთქმედების ფორუმს უზრუნველყოფდა. თუმცა, როგორც კი რუსეთმა ხელშეკრულების მიტოვება დაიწყო, ეს პოლიტიკური უპირატესობებიც გაქრა. ტრამპი სწორად მოიქცა, როცა INF-ის ხელშეკრულებიდან გავიდა და ეს გააკეთა სრული მხარდაჭერით ნატოში თავისი ევროპელი მოკავშირეების მხრიდან, რომლებმაც დამოუკიდებლად დაასკვნეს, რომ რუსეთი ხელშეკრულებას არღვევდა“, წერს ჰოფმანი სოციალურ ქსელ X-ში.
შრიოდინგერის რაკეტა
რაც შეეხება 9M729 რაკეტებს, რომლებმაც აიძულა აშშ, 2019 წელს გასულიყო ხელშეკრულებიდან, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სწორედ რუსეთს ეკისრებოდა იმის დამტკიცების ტვირთი, რომ ისინი არ არღვევდნენ შეთანხმებას:
„ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ძირითადი არითმეტიკული უნარები და წვდომა ამ რაკეტის ძრავის მახასიათებლების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებზე, შეუძლია დამოუკიდებლად გამოთვალოს, რომ თუ საწვავის ავზი მნიშვნელოვნად პატარა არ არის, ვიდრე რაკეტის ფიუზელაჟი იძლევა საშუალებას, სისტემის მაქსიმალური დიაპაზონი 500 კმ-ს უნდა აღემატებოდეს. რუსეთს არავითარი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის არ მიუმართავს იმის საჩვენებლად, რომ რაკეტის კონსტრუქციის შეზღუდვები რეალურად ზღუდავს მის დიაპაზონს. ასეთი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, ერთადერთი გონივრული დასკვნა ის არის, რომ რუსეთი არღვევდა INF ხელშეკრულებას. ასე რომ, დიახ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს ინსტრუმენტები რუსეთის დარღვევების დამოუკიდებლად დასადასტურებლად. ის ფაქტი, რომ ვინმე არჩევს, არ გამოიყენოს ისინი, არ ნიშნავს, რომ ეს ინსტრუმენტები არ არსებობს“.
ანდრეი ბაკლიცკი, ბირთვული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განიარაღების საკითხების კვლევის ინსტიტუტის (UNIDIR) უფროსი მკვლევარი, არ ეთანხმება ფაბიან ჰოფმანს.
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დავიღალე ერთისა და იმავეს გამეორებით, მაგრამ არ არსებობს იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ 9M729 არღვევს INF ხელშეკრულებას. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის მიერ ნაჩვენები რაკეტები არ არის 9M729, ამიტომ გაზომვები არაფერს ამტკიცებს“, უპასუხებს ბაკლიცკი ჰოფმანს. ლაპარაკია Daily Beast-ის 2019 წლის 18 თებერვლის პუბლიკაციაზე: გამოცემა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების საიდუმლო ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთმა, უკვე ბრალდებების შემდეგ, 9M729-ის ნაცვლად წარმოადგინა სრულიად განსხვავებული რაკეტა, რათა ეჭვი გაეფანტა.
ბაკლიცკის თქმით, დასავლეთმა ხელიდან გაუშვა შანსი, კონსტრუქციულად განეხილა რუსეთის მიერ შემოთავაზებული საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმი.
„ცოტა იმედგაცრუებული ვარ INF-ის მორატორიუმის შესახებ დებატებით, ამიტომ, აი, ჩემი რამდენიმე სიტყვა - დავაში ჩაღრმავების გარეშე 9M729-ის შესახებ, რომელზეც უბრალოდ არ გვაქვს ფაქტები, რომ დამოუკიდებლად დავადასტუროთ რამე ან ერთი, ან მეორე მიმართულებით,“ წერს ბაკლიცკი X-ში. „რუსეთის მიერ მორატორიუმის შეთავაზება მოწვევა იყო იმის განსახილველად, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს სახმელეთო საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ. ბევრი ამტკიცებს, რომ რუსეთი თავიდანვე არ იყო გულწრფელი თავის წინადადებაში. თუმცა, მორატორიუმის ინიციატივის უახლესი ვერსია შეიცავდა მრავალ შესაძლებლობას განსახილველად და დასავლეთის შეშფოთების გასათვალისწინებლად - როგორიცაა მასში 9M729-ის ჩართვა და [რაკეტის მახასიათებლების] ვერიფიკაციაც კი. რუსეთის ინიციატივის მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ ეს იყო შეიარაღების კონტროლის შესახებ რუსეთის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული წინადადება, რომელიც ღია იყო განსახილველად. ასეთი რამ ხშირად არ ხდება. ეს იყო შანსი, რომლის გამოყენებაც პირველივე შესაძლებლობისთანავე შეიძლებოდა. ახლა, როგორც ჩანს, ის დღის წესრიგიდან ამოღებულია“.