Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სიკვდილის პირასაა", - რას ამბობს დედა და რას ამბობენ „ჯეო ჰოსპიტალსში" შშმ პირის ჯანმრთელობაზე?


მაია ბარათაშვილი და თამარ იარაჯული „ჯეო ჰოსპიტალსის“ ეზოში
მაია ბარათაშვილი და თამარ იარაჯული „ჯეო ჰოსპიტალსის“ ეზოში

18 წლის შშმ პირის ანზორ (გიო) დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, ის სტაბილურად მძიმედაა, რჩება რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე.

18 წლის შშმ ბიჭი, რომელიც 21 აგვისტოს ღამით თბილისის სამმა საავადმყოფომ არ მიიღო, მეოთხეში „ჯეო ჰოსპიტალში“ რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ რეანიმაციაში აღმოჩნდა და მესამე დღეა სიცოცხლისთვის იბრძვის.

გუშინ, 23 აგვისტოს ის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა. დედამ, მაიკო ბარათაშვილმა მიხეილ სარჯველაძისგან მიიღო რჩევა, რომ შვილი ამავე კლინიკაში დაეტოვებინა, რადგან სხვა ქვეყანაში გადაყვანის შემთხვევაში, ფრენისას თუ მგზავრობისას, რისკები გაიზრდებოდა".

მაიკო ბარათაშვილი შვილის თურქეთში რეანიმობილით გადაყვანას მოითხოვდა. ის ამბობს, რომ მისი შშმ შვილი „დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო იმყოფება სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე".

„გუშინდელი მდგომარეობაა, ძალიან მძიმედაა, თავს ვიმშვიდებ იმით, რომ უარესი არ უთქვამთ... მირჩიეს, რომ დაგვეტოვებინა კლინიკაში, რადგან საფრთხეა ფრენისა და გადაყვანის დროს, ვიტყვი და ვიმეორებ, ვერ გავჩუმდები, მომაკვდავი ბავშვი მე აქ არ მომიყვანია, სიკვდილის პირასაა ბავშვი მისული ერთ ღამეში ... ბავშვი, რომელიც ენერგიით სავსე მოვიყვანე გადადებულია, ვერაფერს ვიტყვი მეტს..." - ამბობს ის.

როგორია შშმ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კლინიკის პასუხი

ჯეო ჰოსპიტალსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაზე დაყრდნობით საჯაროდ ვერ გასცემენ, რადგან „მშობლისგან არ აქვთ პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე ხელმოწერილი თანხმობა".

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ არა - კრიტიკული, ექვემდებარება მკურნალობას, ორი დღის პარამეტრები შენარჩუნებულია, არ გაუარესებულა, დიაგნოზი პნევმონიაა", - აცხადებენ კლინიკაში.

რაც შეეხება სავარაუდო გულგრილობას, „ჯეო ჰოსპიტალში“ გვითხრეს, რომ ამ საკითხზე იქამდე, სანამ პაციენტს მკურნალობენ, საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

კლინიკის დიაგნოზის არ სჯერა, თამარ იარაჯულს, ასევე შშმ ბავშვის მშობელს, რომელიც წლებია სხვა შშმ ბავშვების უფლებებს იცავს. სწორედ, მას დაურეკა მაია ბარათაშვილმა დახმარების სათხოვნელად, მას შემდეგ, რაც ვერაფერი გააწყო და კლინიკებმა ერთმანეთის მიყოლებით უარით გაისტუმრეს.

თამარ იარაჯული და მაია ბარათაშვილი კლინიკის ეზოში
თამარ იარაჯული და მაია ბარათაშვილი კლინიკის ეზოში

„ექიმების პასუხი ასეთია, რომ იყო ორმხრივი პნევმონია, რომელიც არ აჩვენა რენტგენმა და არც ანალიზებმა. როცა პაციენტი აჰყავდათ კბილზე [დედა ფიქრობდა, რომ ბავშვს კბილი სტკიოდა], სანამ ანესთეზია გაკეთდებოდა, გაუჭირდა სუნთქვა, სატურაცია დაეცა და გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციაში...

21-ის[აგვისტო] ღამის ანალიზები გვაქვს და აბსოლუტურად არაფერი ჩანს ისეთი, რასაც გვიმტკიცებენ აქაური ექიმები. თუმცა თავდაცვაზე არიან გადასულები და მესმის მათი, რადგან საშინელი დანაშაული ჩაიდინეს", - ამბობს იარაჯული.

ის ნაცნობ ექიმებზე დაყრდნობით ამბობს, რომ რენტგენზე არა, მაგრამ ანალიზებში პნევმონიის კვალი და შედეგები უნდა გამოჩენილიყო, ამიტომ ის ფიქრობს, რომ კლინიკას გამოკვლევები არ ჩაუტარებია.

„ანალიზები სულ სუფთა იყო. ახლა კი არის კატასტროფული ანალიზები... მე არ მჯერა ამ ანალიზების და დიაგნოზის, რადგან არ იყო მომაკვდავი პაციენტი და თუნდაც საათებში დამძიმებულიყო... ის დრო, რაც დასჭირდა გიორგის, რომ რეანიმაციამდე მისულიყო იმდენივე დასჭირდა, რომ კლინიკაში ვინმეს შეეშვა", - აცხადებს უფლებადამცველი.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სააგენტო სწავლობს პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას, გადაცდომის, ან რამე დარღვევის საკითხს სამედიცინო პერსონალის მხრიდან და:

"დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება. აღნიშნული საკითხი გასაჯაროვდება ეტაპობრივად".

რა მოხდა?

ანზორ(გიო) დავითურს, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობა და ვერ ლაპარაკობს, ასევე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაეწყო ტკივილები.

ბიჭს რომ რაღაც აწუხებდა, ამას დედა, მაია ბარათაშვილი შვილის შეცვლილი ქცევით მიხვდა. რადგან საკვების და წყლის მიცემის შემდეგ უფრო მძაფრად რეაგირებდა, ხელი კი თავთან მიჰქონდა, დედამ ჩათვალა, რომ შესაძლოა, ბიჭს კბილი, ყური ან თავი სტკიოდა და მისი საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა.

თავდაპირველად ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში მიიყვანა, საიდანაც უარით გაისტუმრეს.

„ბიჭი ძალიან გაღიზიანებული იყო, უწყვეტად ტიროდა. თავიდან ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში მივედით. იქიდან მაშინვე უარით გამომაბრუნეს, ადგილები არ გვაქვსო. როცა ექიმებს ბავშვის მდგომარეობა ავუხსენი, მითხრეს, აქ არც ყელ-ყურის ექიმი გვყავსო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბავშვი რომ ასეთ მდგომარეობაში ნახეს, თავი აარიდეს მის მიღებას“, - ამბობს მაია ბარათაშვილი.

დედამ კლინიკის ეზოშივე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ბიჭს დასამშვიდებლად „დიაზეპამის“ ნემსი გაუკეთეს და საავადმყოფოებში დაიწყეს რეკვა. ყველა კლინიკიდან უარი იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიჭი ისევ ყვიროდა, ტიროდა და თავის დაზიანების მცდელობები ჰქონდა: „ძლივს ვაჩერებდით, ამტვრევდა მანქანას“. დიდი წვალების შემდეგ გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თუმცა, იქაც, ექიმს ორიოდე წუთი დასჭირდა პაციენტის მიღებაზე უარის სათქმელად. ეტლში ჩასმული ბიჭი და დედამისი ისევ უკან გააბრუნეს და უთხრეს, აქ ჩვენ ვერაფერს ვუშველითო. ინგოროყვას კლინიკაში იგივე გადახდა.

„სასწრაფოს ექიმს ეუბნებოდნენ, აქ საერთოდ რატომ მოიყვანეთო. მე კი მეკითხებოდნენ, საიდან იცით, რომ რამე სტკივაო. როცა ვუთხარი რას და რატომ ვვარაუდობდი, მითხრეს, ამას „ემერტე“ [მაგნიტორეზონანსული კვლევა] სჭირდება, ჩვენ არ გვაქვს და ვერ გავუკეთებთო“.

საბოლოოდ პატრულის ჩარევის შემდეგ დედა-შვილი „ჯეო ჰოსპიტალსში“ აღმოჩნდა. თუმცა არც იქ მოხვედრა აღმოჩნდა მარტივი. მაია გვიყვება, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში გარეთ იდგნენ. საავადმყოფო პაციენტს ვერ იღებდა და სასწრაფოს ექიმს, რომელიც მათ ახლდათ, ეუბნებოდა, რომ ბიჭს სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ გაუწევდნენ, რომ აუცილებელი იყო ფსიქიატრის კონსულტაცია.

კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ობიექტური მიზეზების გამო" პაციენტის მიღება მართლაც დაყოვნდა, ოღონდ არა 4 საათით, არამედ 2 საათით და 18 წუთით.

მოჰყვა რეაგირება მომხდარს?

ჯანდაცვის სამინისტროში დაწყებული მოკვლევის გარდა, რადიო თავისუფლება დაინტერესდა, აპირებს თუ არა გამოძიების დაწყებას შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადგან მაია ბარათაშვილის მონათხრობი იურისტების შეფასებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

შსს-დან პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება

იურისტი თამარ გაბოძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ შსს ვალდებულია სამართლებრივად შეაფასოს ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების ქმედება, რომელმაც შშმ პირს ჯანმრთელობის სერვისის მიწოდებაზე უარი უთხრა. ის კლინიკებს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს და სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს.

მაია ბარათაშვილი მას შემდეგ, რაც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
მაია ბარათაშვილი მას შემდეგ, რაც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

„აქ არის შესაძლო დანაშაულზე საუბარი, რომელიც ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კლინიკებმა, რომლებსაც ევალებათ უზრუნველყონ პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვა, 18 წლის მოზარდი, შშმ პირი არ მიიღეს...

ძალიან მაღალი ალბათობაა იმის, რომ რომ არა შეზღუდული შესაძლებლობა სერვისს გაუწევდნენ, შესაბამისად ექიმის გულგრილობა, მისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა დისკრიმინაციის მოტივით, ნამდვილად არის სისხლის სამართლის დანაშაული და შსს-ს ევალება შეაფასოს ყველა იმ გადაწყვეტილების მიმღების ქმედება ოთხივე კლინიკის შემთხვევაში, რომლებმაც არ გაუწიეს დროული სამედიცინო დახმარება და რომლის შედეგადაც, ეს ადამიანი არის ძალიან მძიმედ და არანაირი პროგრესი არ არის", - აცხადებს თამარ გაბოძე.

მაიკო ბარათაშვილსა და მის შვილზე, მათ ერთობლივ ბრძოლაზე რადიო თავისუფლებამ რამდენიმე წლის წინ გიამბოთ „თავისუფლების ადამიანებში“ - მაშინ მაია ცდილობდა ხელსაქმით გამომუშავებული თანხით თავის გატანას. მაია ვერც ახლა მუშაობს, რადგან შვილს ვერ ტოვებს. მისი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება და შვილის შშმ პირობის მინიმალური პენსიაა. და ეს მაშინ, როცა მხოლოდ ანზორის წამლებისთვის თვეში 450 ლარია საჭირო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG