მოწოდებას წინ უძღოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება, რომ მზადდება ღაზაზე ძირითადი სახმელეთო შეტევა. ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზას ჰამასის ბოლო ბასტიონი უწოდა.
ქალაქის მოსახლეობა ერთ მილიონამდეა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ევაკუაციის მოთხოვნამ ღაზის მცხოვრებლებში პანიკა გამოიწვია, რადგან, მათი თქმით, არ იციან უსაფრთხო ადგილები, რომლებსაც თავს შეაფარებენ.
გასული კვირის ბოლოს ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზის მცხოვრებთ ურჩია, გადავიდნენ უსაფრთხოების ახალ ზონაში, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთშია.
ბოლო ხანს ისრაელმა გააფართოვა ოპერაცია ღაზის სექტორის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ღაზის წინააღმდეგ და პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, ჰამასის სამხედრო ფრთის არაერთი საყრდენი პუნქტი გაანადგურა.
ჰამასი ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
ისრაელის არმიამ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ ქალაქ ხან-იუნისში შექმნა „ჰუმანიტარული ზონა“, სადაც ქალაქ ღაზის მცხოვრებნი უნდა გადავიდნენ.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის წინააღმდეგ ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ამჟამად ჰამასის ტყვეობაში რჩება 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 62 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი