Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. შემოტრიალდა და დარტყმა დაიწყო“ - უნგრელი ჟურნალისტი


მარცხენა ფოტო: ლასლო რობერტ მეზეში. მარჯვენა ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media
მარცხენა ფოტო: ლასლო რობერტ მეზეში. მარჯვენა ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

უნგრელ ჟურნალისტ ლასლო რობერტ მეზეშს, რომელსაც გუშინ, 8 სექტემბერს, თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ის რადიო თავისუფლებასთან წერილობით ინტერვიუში მომხდარს იხსენებს.

"დაზიანება მას შემდეგ მივიღე, რაც „ქართული ოცნების“ ხალხმა ტელეფონი წაართვა „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს და მე ამის გადასაღებად მივედი. ამ დროს მეც წამართვეს ტელეფონი“, - ამბობს ის.

„სამი-ოთხი ნაბიჯი გადავდგი და ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. შემოტრიალდა და დარტყმა დაიწყო. მაშინვე სხვებიც მომცვივდნენ. მიწაზე აღმოვჩნდი. წაქცევისას ვერაფერს ვერ მოვეჭიდე და ამიტომ [თავდამსხმელის] ფეხს ჩავეჭიდე. კიდევ დამიშინეს წიხლები და მირტყამდნენ“, - ამბობს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, ძალადობა წამოდგომის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა დემონსტრანტებმა ის თავდამსხმელებს გაარიდეს.

უნგრელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია სათანადოდ არ მუშაობდა: „როგორც მოგვიანებით … ვიდეოში ვნახე, მხოლოდ ორი პოლიციელი იდგა სიახლოვეს“.

იგი ამბობს, რომ მოგვიანებით ერთ-ერთმა კოლეგამ მოახერხა მისი ტელეფონის დაბრუნება.

„თუ პოლიციის გუშინდელ ქმედებებზე უნდა გავაკეთო კომენტარი, ისინი ყოველთვის ზედმეტი რაოდენობით არიან მობილიზებული, მაგრამ ასე არ ყოფილა გუშინ“, - ამბობს ის.

ლასლო რობერტ მეზეში იხსენებს, რომ დემონსტრანტებმა გაიყვანეს ფილარმონიასთან, სადაც „ორი-სამი პოლიციელი იდგა“ და რახან „გარემო უსაფრთხო კვლავ არ იყო“, დემონსტრანტებმა საკუთარი ძალებით გადაიყვანეს რუსთაველის მეტროს მიმდებარედ.

სწორედ აქ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ კლინიკაში ყურადღებას აქცევენ. მისივე თქმით, ის მოინახულა დიპლომატმა უნგრეთის საკონსულოდან.

  • 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ხელისუფლების მომხრეების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტს შსს ჯგუფური ძალადობის მუხლით იძიებს, თუმცა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ არ გამოუკვეთია.
  • ჩხუბში მონაწილეების იდენტიფიცირებას, ღია წყაროების მიხედვით, თვითმხილველები და ჟურნალისტები დამოუკიდებლად ცდილობენ.
  • ხელისუფლება მომხდარს "პროვოკაციად" მიიჩნევს.
  • დაპირისპირების კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლების მომხრეები ფიზიკურად უპირისპირდებიან არა მხოლოდ დემონსტრანტებს, პოლიციელებსაც. პოლიციელები მათზე ძალადობას უარყოფენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG