Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ გიორგი კინოიანის საქმის შესწავლა ჯერ არ დაუწყიათ


სწორედ იუსტიციის სამინისტრო წყვეტს, მოხდება თუ არა კინოიანის ექსტრადიცია რუსეთში.
სწორედ იუსტიციის სამინისტრო წყვეტს, მოხდება თუ არა კინოიანის ექსტრადიცია რუსეთში.

სომხეთის იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქის, სომხეთში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი გიორგი კინოიანის საქმის შესწავლა ჯერ არ დაუწყიათ.

საბოლოოდ სწორედ იუსტიციის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, გადასცემს თუ არა გიორგი კინოიანს რუსეთის ფედერაციას.

  • 29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ. ის მშობლებთან ერთად მიემგზავრებოდა სომხეთში.
  • ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.
  • ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული - იგი რუსეთში ექსტრადიციის რისკის წინაშეა.
  • სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას ავტომატურ რეჟიმში შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი პირი.
  • ჯერჯერობით სომხურ მხარეს რუსეთისგან უშუალოდ თხოვნა ექსტრადიციაზე - რაც სტანდარტულად არის გათვალისწინებული, - არ მიუღია.

გიორგი კინოიანის ძმა ვაკო კინოიანი ამბობს, რომ ექსტრადიციის რისკი მაღალია: „ძალიან საშიშია იმის წარმოდგენა, რომ ჩემი ძმა რუსეთმა შეიძლება დაატყვეოს“, - თქვა მან.

9 სექტემბერს სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით სამინისტროს კინოიანის საქმის განხილვა არ დაუწყია.

კინოიანის ინტერესების დამცველი ერევანში, იურისტი არტურ საკუნცი აცხადებს, რომ გიორგი კინოიანის დაკავება უკანონოა. „ნუთუ სომხეთი ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას?!“ - კითხულობს ის.

გიორგი კინოიანს 7-წლიანი პატიმრობა - რის საფუძველზეც რუსეთს აქვს ძებნა გამოცხადებული, - რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა 2024 წლის 25 ოქტომბერს.

კინოიანი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დააკავეს სომხეთში.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით:

  • სომხეთის ხელისუფლებამ ბოლო 3 წლის განმავლობაში დააკავა რუსეთის რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც ბრალად ედებოდათ „დეზერტირობა“ და რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული უკრაინაში ბრძოლაზე უარის თქმის გამო;
  • ერევანმა, მოსკოვთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მათი უმრავლესობის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

9 სექტემბერს კინოიანის საქმესთან დაკავშირებით ექვსმა ევროპარლამენტარმა წერილი გაუგზავნა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს.

ევროპარლამენტარები უკრაინაში მებრძოლის სომხეთში დაკავების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ევროკავშირს სწრაფი და მკაფიო პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, გიორგი კინოიანის სიცოცხლეს რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება.

ეჭვგარეშეა, რა ელოდება მას იქ: წამება, პოლიტიკური დევნა ან სიკვდილი“, - წერია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ქშიშტოფ ბრეიზა, რასა იუკნევიჩიენე, მიხალ შჩერბა, ბორის ბუდკა, მარკეტა გრეგოროვა და პეტრას აუსტრევიჩუსი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG