"ქართულ ოცნებას" ქალაქის მერობის კონკურენტი არ ჰყავს შემდეგ ქალაქებში: გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, თიანეთში, გარდაბანში, დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ონში, ამბროლაურში, ცაგერში, მესტიაში, საჩხერეში, ბაღდათში, ვანში, ტყიბულში, აბაშაში, მარტვილში, ფოთში.
ყაზბეგში, ხაშურსა და ლენტეხში "ოცნების" კონკურენტები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან.
„ლელოსთან“ შეთანხმების ფარგლებში მერები წარდგენილია თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში - 40-მდე მუნიციპალიტეტში, ხოლო პარტიული სია აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში", - გვითხრეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში, სადაც ვიკითხეთ, რამ განაპირობა კანდიდატების სიმწირე როგორც საარჩევნო კომისიებში, ისე მერობის კანდიდატებში.
პარტია "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე კი რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ საარჩევნო უბნებიდან მათ კომისიის წევრები არ ჰყავთ მხოლოდ იმ უბნებში, სადაც მოსახლეობის მცირე რაოდენობაა, თუმცა არჩევნების დღეს ყველა უბანზე ეყოლებათ წარმომადგენლები, რომლებსაც შეეძლებათ საჩივრების დაწერა და საარჩევნო პროცესზე დაკვირვება.
"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო ბრძოლა, რათა ივანიშვილმა ვერ შეძლოს თავისი ავტორიტარული ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია და ჩაბეტონება მუნიციპალურ დონეზე. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ბრძოლაში მიგვეღო მონაწილეობა იმ მუნიციპალიტეტებზე გათვლით, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ ამომრჩეველმა "ქართულ ოცნებას" უთხრა უარი. ეს, პირველ რიგში, ეხებოდა დიდ ქალაქებს და მსხვილ მუნიციპალიტეტებს. შესაბამისად, აქ ჩვენ ორმა პარტიამ დავაყენეთ მერობის კანდიდატები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მცირე მუნიციპალიტეტებს არ ვანიჭებთ მნიშვნელობას, წარდგენილი გვყავს საკრებულოს კანდიდატები - ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასეთი ტიპის ავტორიტარული მმართველობის პირობებში ძალიან დიდია ზეწოლა და ზეგავლენა მუნიციპალიტეტებში დაბების და სოფლების დონეზე და ეს პოტენციური კანდიდატებისთვისაც ნიშნავს დიდ ზეწოლას", - თქვა გიორგი სიორიძემ, რომელიც თვლის, რომ ოპოზიციური სპექტრის სრული ერთიანობის შემთხვევაში, "ორმაგი ძალებით გაცილებით დიდი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდნენ."
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სულ 12 პარტია მონაწილეობს:
- „ქართული ოცნება“;
- "ძლიერი საქართველო-ლელო";
- „გახარია საქართველოსთვის“;
- "გირჩი";
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
- „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
- "მწვანეთა პარტია";
- "მამული, ენა, სარწმუნოება“;
- „სახალხო ხელისუფლება“;
- "საქართველო“;
- „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
- „თავისუფალი საქართველო“.
პარტიების უმეტესობამ მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატები დაასახელა. ჯამში თბილისს მერობის 9 კანდიდატი ჰყავს.
ფორუმი