Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილი დააკავეს სპეცრაზმელებისთვის თანხის საჯაროდ დაპირების გამო, თუ დარბევაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას


სუსმა ლევან ხაბეიშვილის დაკავების საფუძველი დაასახელა.
სუსმა ლევან ხაბეიშვილის დაკავების საფუძველი დაასახელა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის განცხადებიდან გაირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია იმის გამო, რომ ის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.

სუს-ის შეფასებით, „საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს“.

უწყების თანახმად, ხაბეიშვილის მოწოდებებს ჰქონდა „განგრძობითი, სისტემატიური ხასიათი“ და გამოიკვეთა „დანაშაულის ყველა ნიშანი“.

მას ბრალად ედება „ქრთამის მიცემა - ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად“ - და ისჯება 4-დან 7 წლამდე (სისხლის სამრათლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი).

სუს-მა ხაბეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებისა და ბრალდების დეტალებზე ინფორმაცია ერთსა და იმავე ბრიფინგზე გაავრცელა.

ეს სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის დანიშვნის შემდეგ უწყების მიერ ჩატარებული პირველი საქმეებია, სადაც ასე მაღალი პროფილის პოლიტიკოსები ფიგურირებენ.

რას ამბობს სუს-ი?

უწყების განცხადებით, ხაბეიშვილი ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და „ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პირდებოდა ქრთამის მიცემას“.

ქრთამი გამიზნული იყო იმ შემთხვევებზე, „თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე“.

„ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს“, - თქვა სუს-ის მაღალჩინოსანმა და განაცხადა, რომ ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ხაბეიშვილი საჯაროდ პირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას.

„გარდა ამისა, ლევან 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას, საჯაროდ დაპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას“, - განაცხადეს უწყებაში

რას ამბობდა ხაბეიშვილი?

ხაბეიშვილმა 25 ივლისს საჯაროდ მიმართა ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს:

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“, - თქვა მან.

„დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის“, - აცხადებდა ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის დაკავება

ხაბეიშვილი დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს თბილისში, საბურთალოზე, ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში, შენობის შესასვლელთან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა, სუსის თანამშრომლებმა.

ხაბეიშვილმა უარი განაცხადა დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინების ჩაბარებაზე. „არაფერს ვიბარებ, კაცო“, - უთხრა მან სუსის ერთ-ერთ თანამშრომელს.

„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სუსი [მამუკა] მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, იმას ასრულებს... ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა“, - თქვა მან დაკავებისას.

მისი დაკავების ვიდეო „ფორმულის“ წარმომადგენელმა მიშა მშვილდაძემ გადაიღო.

„მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს, შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი“, - თქვა მან.

სუსის შენობასთან მისი თანაპარტიელები, პოლიტიკური ლიდერები და მხარდამჭერები მივიდნენ პროტესტის ნიშნად.

4 ოქტომბერი და „მშვიდობიანი დამხობა“

ბოლო პერიოდში ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური აქტივობა ფოკუსირებულია 2025 წლის 4 ოქტომბერზე, - პარალელურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა, რომელსაც ენმ ბოიკოტს უცხადებს.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს საჭიროა „ქართული ოცნების" რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“ და მრავალი კვირაა, ამ დღეს აქციას აანონსებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას ამ განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ და ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ.

ხაბეიშვილის თანაპარტიელმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილის დაკავება აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დასუსტებულია.

„მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანად რეჟიმის დამხობა არის ის, რაც ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ“, - უთხრა წითლიძემ ჟურნალისტებს სუსის შენობასთან.

„სასაცილო კაცი“ - კობახიძე ხაბეიშვილზე

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში ლევან ხაბეიშვილს „სასაცილო კაცი“ უწოდა.

ბოლო რამდენიმე თვეა, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს ცნობებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის დაპირისპირების შესახებ.

მმართველი გუნდის ამჟამინდელი ლიდერები, მათ შორის კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელებს „ხაბეიშვილთან კავშირების“ გამო ისე საყვედურობენ, რომ ამ ყოფილი თანაგუნდელების სახელებს არ ასახელებენ.

დღესვე, როდესაც ხაბეიშვილზე საუბრობდა, კობახიძემ განაცხადა:

„ლევან ხაბეიშვილი არის სასაცილო კაცი, რომელსაც მეორე სასაცილო კაცი აძლევს მესიჯებს და ლაპარაკობს“.

„სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ“, - თქვა მან და გვარი არ დაასახელა.

ვინ არის ხაბეიშვილი

38 წლის ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

ის 2023 წლის 30 იანვრიდან 2024 წლის 8 ივნისამდე პარტიის თავმჯდომარე იყო. სწორედ მასთან განხეთქილების შემდეგ დატოვა პარტია ნიკა მელიამ.

ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2024 წლის 8 ივნისს გადადგა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ის თინა ბოკუჩავამ შეცვალა.

ლევან ხაბეიშვილი 2017 წელს თბილისის საკრებულოს წევრად აირჩიეს. 2020 წელს - პარლამენტის წევრი გახდა პარტიული სიით. ის „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებდა.

2025 წლის ივლისში დააკავეს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა - თაღლითობის ბრალდებით. ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ ცანავა, - რომელიც მისი ახლო მეგობარია, - მასზე ზეწოლის მიზნით დააკავეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG