Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, აშშ-მა „ბელავიას“ სანქციები მოუხსნა


ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ამ ფოტოზე, ალიაქსანდრ ლუკაშენკა (მარჯვნივ) და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯონ კოული ხელს ართმევენ ერთმანეთს მინსკში. 2025 წლის 11 სექტემბერი
ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ამ ფოტოზე, ალიაქსანდრ ლუკაშენკა (მარჯვნივ) და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯონ კოული ხელს ართმევენ ერთმანეთს მინსკში. 2025 წლის 11 სექტემბერი

ბელარუსმა ხუთშაბათს 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ სანქციებს მოუხსნიდა ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანია „ბელავიას“.

რუსეთის ახლო მოკავშირე ბელარუსს დასავლეთმა არაერთხელ დაუწესა სანქციები, როგორც ავტორიტარული მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე 2022 წელს მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. მისი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა კრემლს უფლებას აძლევს, ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში ჯარებისა და იარაღის გასაგზავნად გამოიყენოს.

ერთი წელია, ლუკაშენკა ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას, სანქციების შემსუბუქებისა და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანის იმედით. ბოლო დროს ის რეგულარულად ათავისუფლებს პატიმრებს დასავლეთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ შეფასებით, ამჟამად ბელარუსის ციხეებში ათასზე მეტი პოლიტპატიმარი იმყოფება.

ივნისში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პატიმრობიდან გაათავისუფლა პოლიტპატიმრების ნაწილი, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერი სიარჰეი ციხანოუსკი, რომელსაც მისჯილი 18 წლიდან მხოლოდ 5 წელი ჰქონდა მოხდილი.

ხუთშაბათს, ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აშშ-ის წარგზავნილი ჯონ კოული აცხადებს, რომ ვაშინგტონმა ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციები მოუხსნა. ავიაკომპანიას ევროკავშირმა, აშშ-მ და სხვებმა სანქციები დაუწესეს მას შემდეგ, რაც ბელარუსის ფრენის დისპეტჩერებმა საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალ კომერციულ თვითმფრინავს მინსკში დაშვება უბრძანეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ხელისუფლებამ დააკავა ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG