Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პენსიების მომატების დაპირებისთვისაც ციხეა“? - პოლიტიკოსები ხაბეიშვილის დაპატიმრებას ეხმაურებიან


პოლიტიკოსები ხაბეიშვილის დაპატიმრებას ეხმაურებიან
პოლიტიკოსები ხაბეიშვილის დაპატიმრებას ეხმაურებიან

ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გმობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრებას.

ხაბეიშვილი დააკავეს სპეცრაზმელთა მიმართ საჯარო განცხადებებში მათთვის $200 000-ის დაპირების გამო, - იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტებს არ დაარბევდნენ. ამ განცხადებების გაკეთება მან ივლისში დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკით ეხმაურება ხაბეიშვილის დაკავებას და წერს:

„ე.ი პენსიების მომატების დაპირებისთვისაც შეიძლება გაუშვა ადამიანი რამდენიმე წლით ციხეში. და, ბოდიში, მაშინ „5 მილიონი თითო სოფელს“ დაპირების გამცემ კაცს რამდენი წელი უნდა მივუსაჯოთ“?

მისი შეფასებით, ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს „სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით“: „მუხლიც კი ვერ მიუსადაგეს“.

„მისი დაჭერა ცვლის მოცემულობას, ბრძოლა საჭიროა დღეს, ხვალ, ზეგ, უახლოეს დღეებში და თუ კიდევ საჭირო გახდა, 4 ოქტომბერსაც“, - აცხადებს იგი.

რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას, სააკაშვილის შეფასებით, ამას ორი მიზეზი აქვს: „ხაბეიშვილი და ოპოზიციური ლიდერების დაკავებების გადასაფარად“ და ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების „დარჩენილი, მორყეული ბაზის დასაშინებლად“.

გიგა ბოკერია

ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად „ფედერალისტების“ ლიდერი, პარტიის თანადამფუძნებელი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მზადაა, შეუერთდეს ხაბეიშვილის არსებით გზავნილს:

„ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, ამჯერად გამორჩეულად აბსურდული საბაბით - ხაბეიშვილი დააკავეს თვე-ნახევრის წინანდელ განცხადებაზე“, - აცხადებს პოლიტიკოსი.

„ამ განცხადებაში თანხის საკითხს, მათ შორის, მის ზომას თუ არ ჩავთვლით, მზად ვარ, მთლიანად შევუერთდე მის არსებით გზავნილს“, - აცხადებს ის და განმარტავს:

„ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ანტიკონსტიტუციურ, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ იქნება წახალისებული, ამა თუ იმ ფორმით ლეგიტიმურად“.

ბოკერიას შეფასებით, „ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ცდილობს ამის გადასაფარად ძალის დემონსტრირებას“.

„ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის ერთადერთი სწორი პასუხი, პროტესტის გაგრძელება და გაფართოება უნდა იყოს და იქნება მანამ, სანამ ივანიშვილი ძალაუფლების დათმობას არ შეეგუება", - მიიჩნევს „ფედერალისტების“ თანადამფუძნებელი.

„კოალიცია ცვლილებისთვის“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ხაბეიშვილის პარტიის მსგავსად ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივ არჩევნებს, სოლიდარობას უცხადებს ხაბეიშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ მურთაზ ზოდელავას.

„ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩვეული გახდა“, - მიიჩნევენ კოალიციაში.

ამასთან, ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ „ცუდ მდგომარეობაშია“:

„ისინი დასდევენ ყოფილ გუნდის წევრებს, ნებისმიერ პოლიტიკური გუნდის წევრებს, რომლებიც იბრძვიან და რაც მთავარია, მათ ეშინიათ ქუჩაში ბევრი ხალხის, პროტესტის. ამიტომ, სწორედ ამ გზით - საერთო პროტესტით უნდა ვიაროთ წინ“.

„13 სექტემბერს, 27 სექტემბერს, 4 ოქტომბერს - ყველანი გარეთ უნდა ვიყოთ, სანამ არ დავასრულებთ ამ რუსულ რეჟიმს“, - განაცხადა კოალიციის წევრების სახელით ელენე ხოშტარიამ.

კოალიციის ლიდერები - ნიკა მელია და ნიკა გვარამია - პატიმრობაში არიან სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.

„ლელო“/„ძლიერი საქართველო“

„ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ პარტია სრულ სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილს.

„ანტიქართული ოცნება და რუსული რეჟიმი აგრძელებს ძალადობას დემოკრატიაზე ამ ქვეყანაში, აგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და ძალადობას. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსსა და ადამიანს“, - განაცხადა კუპრაძემ.

„არანაირი შიში არ დაისადგურებს იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც წინააღმდეგობაშია ბიძინა ივანიშვილთან“, - თქვა მან.

„ძლიერი საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას იღებს, რაც პარტიებს შორის დაპირისპირების საფუძველია.

სალომე ზურაბიშვილი

მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი „უმიზეზოდ და უკანონოდ“ დააკავეს.

„გგონიათ, რომ ამით ხალხს დააშინებთ და გააჩუმებთ“?! - წერს ის ფეისბუკზე.

ინფორმაცია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადებებით თანდათანობით განახლდება.

ხაბეიშვილის დაკავება

ხაბეიშვილი დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს თბილისში, საბურთალოზე, ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში, შენობის შესასვლელთან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა, სუსის თანამშრომლებმა.

ხაბეიშვილმა უარი განაცხადა დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინების ჩაბარებაზე. „არაფერს ვიბარებ, კაცო“, - უთხრა მან სუსის ერთ-ერთ თანამშრომელს.

„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სუსი [მამუკა] მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, იმას ასრულებს... ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა“, - თქვა მან დაკავებისას.

მისი დაკავების ვიდეო „ფორმულის“ წარმომადგენელმა მიშა მშვილდაძემ გადაიღო.

„მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს, შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი“, - თქვა მან.

რა ედება ხაბეიშვილს ბრალად?

17:00 საათზე სუსში გამართული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი დაკავებულია იმის გამო, რომ შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.

სუსის შეფასებით, „საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს“.

უწყების თანახმად, ხაბეიშვილის მოწოდებებს ჰქონდა „განგრძობითი, სისტემატიური ხასიათი“ და გამოიკვეთა „დანაშაულის ყველა ნიშანი“.

მას ბრალად ედება „ქრთამის მიცემა - ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად“ - და ისჯება 4-დან 7 წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი).

სუსმა ხაბეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებისა და ბრალდების დეტალებზე ინფორმაცია ერთსა და იმავე ბრიფინგზე გაავრცელა.

ეს სუსის უფროსად მამუკა მდინარაძის დანიშვნის შემდეგ უწყების მიერ ჩატარებული პირველი საქმეებია, რომლებშიც ასეთი მაღალი პროფილის პოლიტიკოსები ფიგურირებენ.


იურისტების ნაწილი მიუთითებს, რომ ხაბეიშვილისათვის წარდგენილი ბრალი, - რის გამოც მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, - აბსურდულია და ხაბეიშვილის ქმედებებში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნიშნები არ ჩანს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG