ერთობლივ პრესკონფერენციაე ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანი და მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტები დღეს ბევრად ნაკლებად საშიშები არიან:
"ისინი შემთხვევით არ გაჰყვირიან „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ისინი ისრაელს აღიქვამენ ამერიკული ცივილიზაციის ფრონტის ხაზად აქ, შუა აღმოსავლეთში.
ამ შეძახილებისა და ჯერ კიდევ არსებული საფრთხეების ფონზე, ისინი ბევრად ნაკლებად საშიშები არიან. ისინი აღმოჩნდნენ ჩვენი საერთო პრინციპულობის პირისპირ. ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაზე პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით ბრძნული ნაბიჯი, არამედ ეს იყო აგრეთვე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ აშშ მოქმედებს თავისი ინტერესებისა და თავისი მოკავშირეების დასაცავად", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა, რომელმაც თავისი გამოსვლისას არაერთხელ შეაქო დონალდ ტრამპი და მას უწოდა "ისრაელის საუკეთესო მეგობარი, ვინც კი თეთრ სახლში ოდესმე ჰყოლია". ნეთანიაჰუმ აგრეთვე გაიხსენა:
"პრეზიდენტმა ტრამპმა იმ დღეს მითხრა: “გახსოვდეს 7 ოქტომბერი”. ჩვენ ის გვახსოვს. გვახსოვს სისასტიკე, გვახსოვს უდანაშაულო ადამიანების წარმოუდგენელი ხოცვა-ჟლეტა. გვახსოვს ჩვენი მძევლები და ვცდილობთ დავაბრუნოთ ისინი სახლებში - ცოცხლებიც და მკვდრებიც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განმარტა პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია ჰამასისა და ღაზის სექტორის მიმართ:
"პრეზიდენტს აქვს მკაფიო პოზიცია ღაზასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც გულისხმობს, რომ თითოეული მძევალი, ცოცხალიც და მკვდარიც, დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს სახლში. ჰამასი ვეღარ გააგრძელებს არსებობას როგორც შეიარაღებული ელემენტი, რომელიც ემუქრება მშვიდობასა და უსაფრთხოებას არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. და რომ ღაზის მოსახლეობა იმსახურებს უკეთეს მომავალს, რომელიც ვერ დაიწყება, ვიდრე ჰამასი არ განადგურდება და ყველა მძევალი, ცოცხალიცა და მკვდარიც, არ დაბრუნდება. და ის ამ მიზნების მტკიცედ ერთგული რჩება".
მარკო რუბიომ ილაპარაკა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობასა და ამ პოტენციური საფრთხის მასშტაბზე. მისი თქმით, ერთი საკითხია ბირთვული იარაღის შექმნის ალბათობა, მეორე კი მისი შორ მანძილზე მიწვდომის უზრუნველყოფა:
"სინამდვილეში, ზოგიერტი რაკეტა, რომლის შექმნასაც ახლა ცდილობენ, შესაძლებელია მიწვდეს ევროპის ქვეყნებსაც. ასე რომ, ბირთვული ირანი, რომელსაც რადიკალი შიიტი სასულიერო პირი მართავს, რომელსაც შესაძლოა გაუჩნდეს არა უბრალოდ ბირთვული იარაღი, არამედ რაკეტები, რომლებსაც ამ იარაღის შორს მიტანა შეეძლება, დაუშვებელი საფრთხეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოსთვის".
ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუბიომ არაერთხელ გაიმეორა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმა იყო ჰამასის მიერ ჩადენილი "უპრეცედენტო ბარბაროსობა", რომ ჰამასმა, როგორც შეიარაღებულმა ელემენტმა აღარ უნდა იარსებოს ღაზაში, რომ ყველა მძევალი უნდა დაბრუნდეს და რომ "ღაზის ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს".
ჰამასმა, როგორც რეგიონში მშვიდობისთვის საფრთხის შემქმნელმა შეიარაღებულმა ელემენტმა, აღარ უნდა იარსებოს და ღაზის ხალხი უკეთეს მომავალს იმსახურებს. თუმცა, ეს უკეთესი მომავალი არ იქნება, სანამ ჰამასი არ განადგურდება. ეს უკეთესი მომავალი და მშვიდობა შეუძლებელიც კია მანამდე, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიან, ყველა მათგანი.
რუბიომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტის გახსნაც არის:
"ჩვენ დღეს აქ ვართ, სხვათა შორის, იმისთვის, რომ ამ საღამოს გავხსნათ მსოფლიოს, შესაძლოა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ობიექტი მომლოცველთა გზაზე, დავითის ქალაქში, რომელსაც ღრმა შინაარსი აქვს ბევრი ადამიანისთვის აშშ-შიც".
ერთობლივ პრესკონფერენციაზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კატარს შეუძლია კვლავაც იშუამავლოს ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებებში. ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაიცვა დოჰაში ჰამასის სამიზნეებზე თავდასხმის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ არც მომავალში გამორიცხავს ჰამასის ლიდერებზე თავდასხმას "სადაც არ უნდა იყვნენ ისინი".
"შეგიძლიათ გაიქცეთ, შეგიძლიათ დაიმალოთ. ჩვენ მოგაკვლევთ" - ეს არის ნეთანიაჰუს გზავნილი ჰამასის წევრებისთვის. ისრაელის პრემიერმინისტრმა განაცხადა აგრეთვე, რომ ჯერ კიდევ ზუსტდება დოჰაში თავდასხმის შედეგები. ჰამასის განცხადებით, ლიდერები არ დაღუპულან, თუმცა დაადასტურა 6 ადამიანის სიკვდილი.
გასულ კვირაში ისრაელის მიერ დოჰაში განხორციელებულ თავდასხმას, რომლის სამიზნეებიც, ისრაელის განცხადებით, ჰამასის ლიდერები იყვნენ, არაბული ქვეყნების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
დიპლომატიური შეხვედრების ფონზე ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ქალაქ ღაზაზე იერიშს, რომელსაც, ჯანდაცვის ადგილობრივი უწყების ინფორმაციით, ორი სახლისა და დევნილთა კარვის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ 16 პალესტინელი ემსხვერპლა.
"როიტერსი", რომელიც არაერთი სხვა მედიასაშუალების მსგავსად, ვერ ამოწმებს ციფრების სიზუსტეს, ავრცელებს ჰამასის მონაცემებს, რომელთა თანახმად, 11 აგვისტოს შემდეგ 350 ათასი ადამიანი იქცა დევნილად, ისრაელის ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად განადგურებულია 1600 საცხოვრებელი შენობა და 13 ათასი კარავი. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის პასუხად ისრაელის თავდაცვის მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებს 64 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ჰამასის მძევლობაში ამ დრომდე რჩება 48 მძევალი.
ფორუმი