Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთის პორტში 2020 წელს მომხდარი აფეთქების საქმეზე დააკავეს გემის მფლობელი


ბეირუთის პორტში 2020 წლის აგვისტოში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ბეირუთის პორტში 2020 წლის აგვისტოში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ბულგარეთში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქე იგორ გრეჩუშკინი, 2020 წელს ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებული სატვირთო გემის მფლობელი.

ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო AP ორშაბათს გაავრცელა, ლიბანის სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით.

ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 16 სექტემბერს შუადღისას დაადასტურა, რომ გრეჩუშკინი 5 სექტემბერს სოფიის აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს. უწყების წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე არ უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ გაავრცელეს ინფორმაცია 10 დღის განმავლობაში.

მანამდე ბულგარეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ გრეჩუშკინი ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით 40-დღიან საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

გრეჩუშკინი დააკავეს ბეირუთის პორტში საწყობში მომხდარი მასშტაბური აფეთქებიდან ხუთი წლისთავზე.

2020 წლის 4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქის პორტში მომხდარ ორ ძლიერ აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი დაშავდა და ათასობით შენობა დაინგრია.

ლიბანის ხელისუფლებამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად დაასახელა პორტის ერთ-ერთ საწყობში ამონიუმის ნიტრატის (გვარჯილის) შენახვის წესების დარღვევა.

მალევე დადგინდა, რომ მოლდოვის დროშით მცურავი გემი Rhosus-ი ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრს, კვიპროსზე მცხოვრებ იგორ გრეჩუშკინს, რომელმაც ბეირუთში დაკავებული გემის ეკიპაჟის წევრი რუსი და უკრაინელი მეზღვაურები, პრაქტიკულად, ბედის ანაბარა დატოვა.

მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი Rhosus-ი გვარჯილით 2013 წელს, ბათუმის პორტში დაიტვირთა, მას 3000 ტონა ამონიუმის ნიტრატი მოზამბიკში უნდა ჩაეტანა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო გემი ბეირუთის პორტში დააკავეს, ლიბანური კომპანიის მიერ მისი მფლობელების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო.

ლიბანის საბაჟო სამსახურმა კი ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა.

გრეჩუშკინი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ვასილ ლევსკის აეროპორტში დააკავეს, ის სოფიაში კვიპროსიდან ჩავიდა. ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე ითქვა, რომ გრეჩუშკინის, თანახმად ბულგარეთში ის „ტურისტული მიზნით“ ჩავიდა.

მოელიან, რომ ლიბანი გრეჩუშკინის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს ბულგარეთს, AP-ს თანახმად ლიბანი შესაბამის მოთხოვნას უკვე ამზადებს.

ტრაგედიის შემდეგ, მალევე დააკავეს 25-ზე მეტი ეჭვმიტანილი, რომელთა უმეტესობა ლიბანის პორტისა და საბაჟოს თანამშრომლები იყვნენ.

მსხვერპლით დასრულებული აფეთქების საქმეზე, მოთხოვნისა და პროტესტის მიუხედავად არ დამდგარა არცერთი ლიბანელი ჩინოვნიკის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

სააგენტო „როიტერსის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ლიბანის ცენტრალური ხელისუფლება აფეთქების საფრთხის შესახებ გაფრთხილებული იყო, თუმცა ზომები არ მიუღია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG