Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ $624 მილიონის გათეთრების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა


საილუსტრაციო ფოტო: ამერიკული დოლარი
საილუსტრაციო ფოტო: ამერიკული დოლარი

საქართველოში დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ დაკავებულს ბრალად ედება 2022-2024 წლებში 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაკავებულთან შეთანხმებით საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით საქართველოში ავტომანქანებში მოწყობილი სამალავებით გზავნიდნენ „დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოურ ვალუტას“. ეს თანხა კი დაკავებულის კუთვნილ ვალუტის გადამცვლელი დაწესებულებიდან ხვდებოდა ლეგალურ მიმოქცევაში.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულმა ამ გზით შეგროვებული თანხა სხვადასხვა ბანკში მიიტანა, „ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები“:

„ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში“.

საქმე აღძრულია ფულის გათეთრების მუხლით. დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურორმა დამატებით კითხვებს არ უპასუხა, მათ შორის არც იმას, არის თუ არა დაკავებული საქართველოს მოქალაქე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG