გამოკითხვამდე მან მედიას უთხრა, რომ ეს არის აბსურდული საქმე, რომლის მიზანიც არასამთავრობო სექტორის დაშინებაა.
"ჩვენ არც პირბადე არ შეგვიძენია და არც ჩვენი ანგარიშებია დაყადაღებული, თუმცა თავისთავად ზუსტად ეს მიუთითებს ამ საქმის აბსურდულობას, პირბადის შეძენით შეუძლებელია სახელმწიფოს რამე დაუშავო, ეს არ არის მთავარი ამ გამოძიებისთვის", - თქვა მან სასამართლოში შესვლამდე.
გამოკითხვიდან გამოსულმა კი მედიას უთხრა, რომ გამომძიებლის შეკითხვები შეეხებოდა მისი პირადი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვებს და ასევე მის საჯარო განცხადებებს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირების აუცილებლობაზე საუბრობს.
"მათ მოიტანეს ინფორმაცია ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით სხვადასხვა ანგარიშზე, რისი მიზანიც იყო დაკავებულების ჯარიმები დაფარულიყო. როგორც ჩანს, ეს ადარდებთ მათ ყველაზე მეტად, როგორც ჩანს.
მეორე საკითხი შეეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც მე ვსაუბრობ იმაზე რომ მნიშვნელოვანია დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში, კორუფციაში და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პირების პასუხისმგებლობა დადგეს და არა საქართველოს მოქალაქეების, ამ განცხადებებთან დაკავშირებით იყო კითხვები", - თქვა ეკა გიგაურმა.
გამოკითხვაზე მიღებული გიგაურის პასუხები საქმის პროკურორმა მიიღო, როგორც დასტური იმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოქმედებდნენ აქციების დაგეგმვისას.
„მან დაგვიდასტურა ის, რომ უშუალოდ იყო ჩართული სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში და ასევე, უშუალოდ საქმის მასალებით დასტურდება, რომ გარკვეული სახის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციას გაწეული აქვს აქციისთვის სხვადასხვა ნივთის შესაძენად, რომელიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული, როგორც ეს გამოძიებით დგინდება. მოწმედ დაკითხულმა პირმა დაგვიდასტურა ისიც, რომ თავადაც პირადი ბიუჯეტიდან იღებდა კონკრეტულ თანხებს, იმისთვის რომ კონკრეტული პირების ჯარიმები ყოფილიყო გადახდილი. ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ ახსოვს ეკა გიგაურს რისთვის შეიძინა კონკრეტული ნივთები. სანამ არ წარვუდგინეთ მას დოკუმენტაცია, სადაც ცალსახად მითითებულია, რომ ეს აქციებისთვის იყო გამოსაყენებელი, მანამდე არც კი უშვებდა, რომ ასეთი ინვენტარი მას შეიძლებოდა ჰქონდა შეძენილი“, - უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა გიგაურის გამოკითხვის შემდეგ.
საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა და იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს.
ამავე საქმეზე უკვე გამოჰკითხეს:
- 8 სექტემბერს - ISFED-ის მოქმედი დირექტორი ლევან ნატროშვილი;
- 5 სექტემბერს - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. მან განმარტა, რომ „წიწაკის სპრეი“ ორგანიზაციამ შეიძინა თანამშრომელი ქალებისთვის, „სასტიკ რეალობაში თავის დასაცავად“;
- 4 სექტემბერს - „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. მან თქვა, რომ პროკურორებს არ წარმოუდგენიათ „არცერთი დოკუმენტი, რომელშიც რაიმე უკანონო საგანია ვინმეს მიერ შესყიდული“;
- 3 სექტემბერს - „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე. მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია დაარსებიდან „მუდმივად იცავს ქვეყანაში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს“;
- 3 სექტემბერს - „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი;
- 9 სექტემბერს - „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
- 16 სექტემბერს - "ადამიანის უფლებათა სახლის" თავმჯდომარე და „საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ (GCRT) დირექტორი ლელა ცისკარიშვილი .
ამ გამოძიების ფარგლებში, რომლითაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ორგანიზაციებს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ და „საბოტაჟს“ ედავება, 27 აგვისტოს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ესენი არიან:
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
- „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
- „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
- „დემოკრატიის მცველები“;
- „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
- „საფარი“;
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).
ფორუმი