Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა


ფოტო არქივიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრო სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 2024 წლის 17 ივლისი
ფოტო არქივიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრო სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 2024 წლის 17 ივლისი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს, 24 სექტემბერს ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში.

რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავმა ამჯერადაც გვერდი აუარა იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც უკრაინაში ომის გამო რუსეთის სამოქალაქო ავიაციისთვის საჰაერო სივრცე დახურული აქვთ.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” კორესპონდენტის ცნობით, ლავროვის და მისი თანმხლები პირების თვითმფრინავი მოსკოვიდან შეერთებულ შტატებში ჩრდილოეთის გზით ჩავიდა 11 საათსა და 40 წუთში.

ლავროვი იმ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა, რომელთა წინააღმდეგ აშშ-ის სავიზო სანქციებიც მოქმედებს, მაგრამ როცა საქმე ეხება გაეროს, მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას არ უკრძალავენ, რადგან ამ შემთხვევაში ითვლება გაეროს და არა ოფიციალური ვაშინგტონის სტუმრად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, 24 სექტემბერს ნიუ-იორკში დაგეგმილია სერგეი ლავროვის შეხვედრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.

27 სექტემბერს ლავროვი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის პოლიტიკურ დისკუსიაზე.

ნიუ-იორკში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG