Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ დაადასტურა ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის გამანადგურებლების შეჭრა


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის MiG-31 გამანადგურებლები მოსკოვის მახლობლად. 9 მაისი, 2018.
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის MiG-31 გამანადგურებლები მოსკოვის მახლობლად. 9 მაისი, 2018.

ნატომ დაადასტურა ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის გამანადგურებლების შეჭრა.

„დღეს რუსეთის გამანადგურებლებმა დაარღვიეს ესტონეთის საჰაერო სივრცე. ნატომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ჩაჭრა რუსეთის თვითმფრინავები. ეს კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის უგუნური ქცევისა და ნატოს უნარისა, უპასუხოს ამას,“ დაწერა სოცქსელ X-ში ალიანსის პრესმდივანმა ელისონ ჰარტმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქვეყნის საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შევიდა რუსეთის სამი გამანადგურებელი MiG-31 და 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა იქ.

ესტონეთის თავდაცვის ძალები იტყობინებიან, რომ იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალების F-35 გამანადგურებლებმა, რომლებიც ემარის აეროდრომზე არიან განლაგებული ნატოს მიერ ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში პატრულირების მისიის ფარგლებში, ინციდენტზე რეაგირება მოახდინეს.

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მოიწონონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი.

„ჩვენ მტკიცედ გავცემთ პასუხს ყოველ პროვოკაციას, ამავე დროს მოვახდენთ ინვესტირებას აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებაში,“ დასძინა მან.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის თქმით, რუსეთი ცდილობს გამოცადოს, რამდენად მტკიცეა დასავლეთის პოზიცია. „სისუსტე არ უნდა ვაჩვენოთ,“ თქვა მან.

რუსეთის ხელისუფლებას ინციდენტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG