„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის დღევანდელი შეტევის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო მასშტაბის დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით. ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს“, - ნათქვამია პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის მიერ დღეს, 10 სექტემბერს დილით გავრცელებულ განცხადებაში.
სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო სივრცეში შეჭრილ დრონებს პოლონეთის და მოკავშირეების რადიოლოკაციური საშუალებებით აკვირდებოდნენ, მათი ნაწილი ჩამოაგდეს და მიმდინარეობს ამ ობიექტების ჩამოვარდნის ადგილების ძებნა და ლოკალიზაცია.
სარდლობის განცხადებით, პოლონეთის და მოკავშირეების ძალები და საშუალებები შემდგომი მოქმედებებისთვის სრულ მზადყოფნაში რჩებიან.
განახლება: პოლონეთის მედიასაშუალებების ცნობით, ერთ-ერთი დრონის ჩამოვარდნის შედეგად დასახლებულ პუნქტ ვირიკიში, რომელიც ბელარუსის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, სახლის სახურავი და ავტომანქანა დაზიანდა.
პოლონეთის მოქალაქეებმა მობილურ ტელეფონებზე მიიღეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინება, რომ დრონების ჩამოვარდნის ადგილების, ან მათი ფრაგმენტების აღმოჩენის შემთხვევაში, ეს სამსახურს აცნობონ და დრონებს არ მიუახლოვდნენ.
უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევების გამო პოლონეთს ხშირად უწევს თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად პოლონეთის არმიისა და ნატოელი მოკავშირეების თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების მოგერიება დასჭირდათ.
გასულ ღამით, უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ ეს ინფორმაცია წაიშალა.
ღამის სამი საათისთვის პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსეთის მხრიდან არის მორიგი მასირებული შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, ამიტომ პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოქმედებენ პოლონეთის და მოკავშირეების თვითმფრინავები და გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან საჰაერო თავდაცვის სახმელეთო სისტემები.
სარდლობის თანახმად, ეს ზომები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მოქალაქეების დაცვას, განსაკუთრებით რისკის ზონასთან მდებარე რაიონებში.
გამთენიისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სამხედროებმა იარაღი გამოიყენეს ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ, თუმცა არ დააკონკრეტა, რომ ეს იყო რუსული დრონები.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ათზე მეტმა ობიექტმა დაარღვია. მინისტრის თანახმად, შეიარაღებული ძალების სარდლის გადაწყვეტილებით ჩამოაგდეს დრონები, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენდნენ.
პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. ნატოს წესდებით, რომელიმე ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიურ თავდაცვასაც ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს მიაწოდა ინფორმაცია შექმნილ ვითარებასა და ზომებზე, რომლებსაც პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ მიმართეს.
ტუსკმა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ მინისტრებთან შეხვედრა გამართა და მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაც მოიწვია.
ფორუმი