ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს ირაკლი შაიშმელაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც საქართველო ოჯახთან ერთად გასული წლის ბოლოს დატოვა:
„...დადგა დრო, როცა ერთი და იგივე, წლობით სისტემაში ჩამჯდარმა ყველა რეჟიმის და მთავრობის მონა-მორჩილმა, ყველა დანაშაულებრივი ბრძანების უსიტყვო შემსრულებელმა ერთი და იგივე სახეებმა აღარ უნდა გვმართონ. მოვიდა დრო, ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. მათ შორის, განხორციელდეს ძალოვანი სისტემების საფუძვლიანი, სტრუქტურული რეორგანიზაცია.
სისტემური დანაშაულებების თანამონაწილედ თქვენ თქვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით გხდიან და ეს ყველაფერი თქვენი სახელით კეთდება. ამ პერიოდში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იწერება საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას მთელი ძალით და სრული რესურსებით ახორციელებს რუსული ოცნება.
ირწმუნეთ საკუთარი თავის. გამოეცალეთ მაგ ბოროტ სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ, თქვენ კი წამოდით და თან წამოიღეთ თქვენი წილი ღირსება, რაც ამდენი წელი სიამაყით ატარეთ. უბრალოდ შეასრულეთ თქვენი ფიცი - ემსახურეთ საქართველოს!“, - ამბობს ვიდეომიმართვაში ირაკლი შაიშმელაშვილი.
ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები აცხადებენ, რომ „ეს ერთიანობა ეძღვნება 4 ოქტომბერს“.
4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში ოპოზიციური სპექტრისა და აქტივისტების ორგანიზებით, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.
ფორუმი