Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკორუფციული ბიურო უკვე 30 ორგანიზაციას სთხოვს ინფორმაციას - NGO-ები რეპრესიებად მიიჩნევენ ბიუროს მოთხოვნებს


ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი 2023 წლის 10 თებერვალს დაინიშნა - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილი იყო.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი 2023 წლის 10 თებერვალს დაინიშნა - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილი იყო.

მოკლედ

  • ანტიკორუფციული ბიურო აფართოებს იმ ორგანიზაციების სიას, რომელთაც მონიტორინგის ფარგლებში საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას სთხოვს.
  • ბიურო სასურველი ინფორმაციის მისაღებად სამოქალაქო ორგანიზაციებიდან სასამართლოსაც იყენებს - არც ბიურო და არც სასამართლო არ განმარტავს, რა ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა ბიუროს დაინტერესება ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობით.
  • ამ დრომდე არცერთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ბიუროსთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ გადაუცია - ისინი თვლიან, რომ ბიურო საჭიროზე მეტ პირად ინფორმაციას ითხოვს ორგანიზაციების ბენეფიციარების შესახებ და თავად არღვევს კანონს.

"ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს.

მისი მიზანია, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ქვეყანაში, ვეღარ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად გაგრძელება და საზოგადოების ინტერესების დაცვა", - ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ღიად 20 მათგანი აწერს ხელს. განცხადების მიხედვით:

  • სამოქალაქო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ 8 სექტემბრის შემდეგ გაუგზავნა წერილები და ითხოვა 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია ისე, რომ "ფორმალურადაც კი არ დაუცავს "გრანტების შესახებ" კანონით დადგენილი პროცედურა, ბიურო არ უთითებს, რომელი მუხლების საფუძველზე მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას. ასევე, ბიურო ინფორმაციას ითხოვს 16 აპრილიდან, მაშინ, როდესაც „გრანტების შესახებ“ კანონის რეპრესიული ცვლილებები 17 აპრილს შევიდა ძალაში.
  • რაჟდენ კუპრაშვილის წერილის საპასუხოდ ადრესატმა ორგანიზაციებმა წერილობით განუმარტეს, რომ ბიურო არღვევდა „გრანტების შესახებ“ კანონს და ასევე აცნობეს, რომ კანონში შესული რეპრესიული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ არ ჰქონდათ მიღებული ახალი საგრანტო ხელშეკრულებები და არც ძველ ხელშეკრულებებში შეუტანიათ ცვლილებები. შესაბამისად, მათზე „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი მონიტორინგის პროცესის დაწყება უკანონო იყო.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროსგან ასევე მოითხოვეს საქმის მასალების გაცნობა, თუმცა ბიუროს მათთვის ეს ინფორმაცია არ მიუცია.
  • მას შემდეგ, რაც ბიურომ ორგანიზაციებისგან ვერ მიიღო სასურველი ინფორმაცია, მან ეტაპობრივად მიმართა სასამართლოს შუამდგომლობებისთვის.
  • თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს უკვე გამოსცა ბრძანება ცხრა ორგანიზაციასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია.
  • არც ბიუროს წერილში და არც სასამართლოს ბრძანებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დგინდება ორგანიზაციების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა/დარღვევა.
  • სასამართლომ ფაქტობრივად უცვლელად გადაიტანა ბრძანებაში ბიუროს შუამდგომლობის დასაბუთება ისე, რომ შუამდგომლობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი დასაბუთება არ შეუმოწმებია, რითაც მან უარი თქვა კანონით მისთვის მინიჭებული სასამართლო კონტროლის განხორციელებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროსგან პირველი წერილები ივნისში მიიღეს - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამუშაო სპეციფიკის მქონე NGO-ებისგან უწყება სასამართლოს განჩინებით ითხოვდა დეტალურ ინფორმაციას საქმიანობის, ბენეფიციარების და პროექტების შესახებ, სამოქალაქო ორგანიზაციები კი თვლიდნენ, რომ ამგვარი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება სახელმწიფოს არ აქვს და ეს პრეტენზია უკანონოა.

ორგანიზაციებმა ბიუროს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - ამის მიუხედავად, ისინი "არ აპირებენ მოქალაქეების ნდობის ღალატს" და კვლავ უარს ამბობენ სენსიტიური ინფორმაციის გადაცემაზე.

22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

2. პრევენცია პროგრესისთვის

3. ევროპის ფონდი

4. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

5. ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

6. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი - GCRT

7. სამოქალაქო იდეა

8. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

9. თანასწორობის მოძრაობა

10. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG)

11. უფლებები საქართველო

12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

13. ყვარლის ევროკლუბი

14. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

15. მედია ცენტრი კახეთი

16. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

17. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის

18. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

19. დემოკრატიის ინსტიტუტი

20. საქართველოს სტრატეგიული კვლევების განვითარების ცენტრი

ფორუმი

XS
SM
MD
LG