ნინო დევიძე, 34 წლისაა, დაბადებიდან ყრუ. ექიმთან წასვლა მისთვის ერთი უბედურებაა, თარჯიმნის გარეშე ვერაფერს აგებინებს, მაგრამ არც ის უნდა, სხვების ზედმეტი ყურადღება მიიქციოს.
„ბავშვი რომ გავაჩინე, არ ვიცოდი ძუძუთი როგორ უნდა გამომეკვება. ექიმის ნათქვამს რომ ვერ ვიგებდი, ღიზიანდებოდა და მერე ხელი ამიქნია“, - იხსენებს ნინო. ასეთი შემთხვევები ბევრია, ყრუ ადამიანები ჰყვებიან, რომ ექიმებისგან ხშირად გრძნობენ ბრაზს.
ძირითადი პრობლემა, რაც ექმნებათ - ურთიერთობაა. მათ არ შეუძლიათ ექიმს დამოუკიდებლად აუხსნან რა სჭირთ, უპასუხონ კითხვებს და თავადაც დააზუსტონ დეტალები. განსაკუთრებით რთულია ფსიქოლოგთან დალაპარაკება. სჭირდებათ თარჯიმანი, ამ დროს ადამიანს უფლება აქვს მისი დიაგნოზი სხვებისგან დაფარული იყოს. პრობლემა ისიც არის, რომ თარჯიმნობაში ხშირად ისევ ოჯახის წევრები ეხმარებიან, შვილი, და, ძმა.
„კონფიდენციალურობა ირღვევა. ძალიან ფრთხილობენ თარჯიმანთან, ამის გამო არც ექიმთან არიან გულწრფელები“, - ამბობს ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე.
ურთიერთობას ისიც ართულებს, რომ ყრუ ადამიანებიდან ბევრმა წერა-კითხვაც არ იცის - ჟესტურ ენას კი ენის სტატუსი მხოლოდ 5 წლის წინ მიენიჭა და მანამდე მას სწავლის პროცესში არ იყენებდნენ. თუ ყრუ ადამიანმა ჟესტური ენა არ იცის, ვერც ტექსტს გაიგებს.
„მაგალითად, სიტყვა „დედა“, დედის ფოტო აჩვენა მასწავლებელმა, შეახედა, დააწერინა. მაგრამ დიალოგებს რას უზამ? ხომ ვერ დახატავ? შინაარს როგორ გაიგებს, როცა ყურში არ ესმის? სახელი როგორ უნდა აუხსნა? ერთმა თქვა, მეათე კლასში ვიყავი, როცა გავიგე რა მერქვაო“, - ამბობს მაია მეტონიძე.
ჟესტური ენის თარჯიმანმა მაკო მინაძემ ეს ენა ბევრი სხვა თარჯიმნის მსგავსად ბავშვობაში, ოჯახში ისწავლა, თან ლაპარაკზე ადრე. მისი მშობლები, დეიდები და ბიძები ყრუ ადამიანები იყვნენ. თუ რამე სჭირდებოდათ მაკო თარგმნიდა. ამბობს, რომ ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები კარგი ფსიქოლოგები დგებიან - ემოციების გამოცნობა ეხერხებათ.
„ბრაზს, წყენას, სიხარულს, დარდს - ყველაფერს არჩევ უკვე არა მხოლოდ ყრუ ადამიანებში, არამედ ყველა დანარჩენზეც. ყრუ ადამიანი რომ გესაუბრება თვალებსა და ტუჩებზე გიყურებს, ხელებზე არა. ამიტომ ერთი გამოხედვით ხვდებიან, რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ“, - ამბობს მაკო.
მშობლების თარჯიმანი ხშირად მათივე შვილია, ამიტომ პატარებს ისეთ საქმეებში უწევთ გარკვევა, რომელიც მათთვის არც საინტერესოა, არც - სასარგებლო.
„ფსიქოლოგიურად ძალიან დამანგრეველია, როცა 12 წლისას გეძახიან და გეუბნებიან, რომ დედაშენმა შესაძლოა 6 თვეღა იცოცხლოს, რადგან მეტასტაზები უკვე წასულია... ამ დროს შენ ისიც კი არ იცი, მეტასტაზი რა არის. ძალიან ხშირად პირველი ბარიერი შენ ხარ, შენ ეჯახები ამ ყველაფერს და მერე ცდილობ სხვას შერბილებულად მიაწოდო. მე არ ვუთხარი დედას, რომ მხოლოდ 6 თვე იცოცხლებდა და მას შემდეგ 15 წელია კარგად არის“, - ამბობს მაკო მინაძე.
ჟესტური ენა მეტწილად ვიზუალურად აღწერს საგანი როგორც გამოიყურება, მოქმედებაც იმას ასახავს. ამის გამო ყრუ ადამიანების საუბარი ვინმეს შესაძლოა ნერვული ეჩვენოს, რეალურად თავად ენაა ასეთი გამომსახველი და მიმიკებიც ადამიანს სურათის აღწერაში ეხმარება.
თბილისის სამედიცინო აკადემია აპირებს მარტიდან სტუდენტებისთვის სამი არჩევითი საგანი დაამატოს და მათ ჟესტური ენის შესწავლის შესაძლებლობა მისცეს.
„სამედიცინო კლინიკის მშენებლობა გვაქვს დაწყებული. იქ ისეთი ექიმებიც გვეყოლება, რომლებსაც ჟესტური ენა ეცოდინებათ“, - ამბობს კახა ბრეგვაძე, თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკური მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელი.
ანა გაბრიჭიძე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტია. ისიც ჟესტური ენის შესწავლას აპირებს.
„ძალიან ბევრს მოგვინდა ჟესტური ენა შეგვესწავლა. შემდეგ ვიფიქრეთ, რატომ არ გავზარდოთ ექიმები, რომლებსაც ჟესტური ენა ეცოდინებათ? ჩვენ პირველი სამედიცინო უნივერსიტეტი ვართ, რომელმაც ჟესტური ენა საგნად შემოიტანა. ყველა ენას და ქვეყანას სხვადასხვა ჟესტური ენა აქვს. ჩვენ ქართულ ჟესტურ ენას შევისწავლით“, - ამბობს ანა.
აკადემიაში იმედი აქვთ, რომ მათი წამოწყება სხვა უნივერსიტეტებსაც მისცემს მაგალითს და ჟესტურ ენას სხვა ექიმებიც ისწავლიან.
ფორუმი